"ბრალდებულები მანქანაში ეკითხებოდნენ ისევე კარგად იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ცურვა, როგორც დარბოდა?" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე? - კვირის პალიტრა

"ბრალდებულები მანქანაში ეკითხებოდნენ ისევე კარგად იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ცურვა, როგორც დარბოდა?" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე?

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ე.წ. ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ჩვენებით პირდაპირ დადასტურდა ის გარემოება, რომ მკვლელობაში ხუთივე ბრალდებულს აქვს პირდაპირი შემხებლობა და მათ მიერაა ჩადენილი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა.

ამის შესახებ ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ყაზარაშვილმა აღნიშნა, ამირხანაშვილმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელები პირდაპირ ამხილა და მათი იდენტიფიცირება მოახდინა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა გურამ ამირხანაშვილი, რომელმაც სრულად დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება. გურამ ამირხანაშვილმა სასამართლოში კიდევ ერთხელ დაადასტურა, მისი, გიორგი შაქარაშვილისა და დანარჩენი პირების მიმართ განხორციელებული ძალადობა, მუქარა და ასევე მის მიმართ განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ასევე ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომელიც უშუალოდ კავშირშია გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან. პირველი ის, რომ როდესაც ის დაიმალა, გიორგი შაქარაშვილს მისდევენ არასრულწლოვანი ზ.ხ. ა.ქ. და ასევე ვახტანგ ჩიქოვანი. ასევე, იმ გარემოებებზე, როდესაც ამ ადამიანებმა ლანძღვა- გინებით ჩაირბინეს იმ მიმართულებით, სადაც გაიქცა გიორგი შაქარაშვილი, ხიდის ქვეშ მიმართულებით. ამის მერე, დაახლოებით, 7-8 წუთი არ ისმის არაფერი. ამის შემდეგ ბრუნდებიან იგივე პიროვნებები, მოდის ავტომანქანა იმავე ადგილზე, ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამის მერე ამოდის ქვემოდან ნიკოლოზ რევაზიშვილი და არჩილ გაგნიძე. ანუ გურამ ამირხანაშვილის ჩვენებით პირდაპირ დადასტურდა ის გარემოება, რომ მკვლელობაში ხუთივე ბრალდებულს აქვს პირდაპირი შემხებლობა და არის მათ მიერ ჩადენილი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა. კერძოდ, გურამ ამირხანაშვილმა ისაუბრა, რომ როდესაც გზაზე წამოვიდნენ, ეს პირები, ანუ ბრალდებულები მანქანაში ეკითხებოდნენ ისევე კარგად იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ცურვა, როგორც დარბოდა? ყველა ეს კითხვა გურამ ამირხანაშვილმა დაუკავშირა პირდაპირ იმ ფაქტს, რომ ამ პირებმა იცოდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილი იყო წყალში და რაღა თქმა უნდა ის, რომ მათ მიერ იყო გიორგი შაქარაშვილი გადაგდებული წყალში. აქედან გამომდინარე, გურამ ამირხანაშვილმა კიდევ ერთხელ სასამართლოს წინაშე დაადასტურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი; პირდაპირ ამხილა და იდენტიფიცირება მოახდინა გიორგი შაქარაშვილის მკვლელების“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები არიან: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ. და ა.ქ., რომელთაც ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

"ინტერპრესნიუსი"