ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდებულ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს, ლავრენტი გოგსაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გოგსაძის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა განუცხადა.

მისივე განცხადებით, დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით, გაასაჩივრებს.

"სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ამ ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების სახით განესაზღვრა პატიმრობა. პროკურატურამ წარმოადგინა არგუმენტები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა მათი არგუმენტი გავაბათილეთ და სასამართლომ ასე მიიჩნია. ჩვენ გვაქვს გასაჩივრების უფლება, შევთანხმდები მე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და დიდი ალბათობით გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 მარტს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე, ლავრენტი გოგსაძე გუშინ დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქ. N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების შესახებ, 2020 წლის 30 აპრილს, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, ღირებულებით 126 572 ლარი, რომელშიც მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა ორმა კომპანიამ. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, გადაამეტა რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, 2020 წლის 29 მაისს, სამუშაო კაბინეტში დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და აქედან გამომდინარე შესყიდვაში არ მიეღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით. სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

"ინტერპრესნიუსი"