პროკურატურა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს - კვირის პალიტრა

პროკურატურა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს

პროკურატურა დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის - გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს. შესაბამისი შუამდგომლობით უწყება სასამართლოს რამდენიმე წუთში მიმართავს.

ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის ინფორმაციით, ბრალდების მხარე სასამართლოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, გამოძიება აბსოლიტურად ყველა მიმართულებით არის ამოწურული ამიტომ, ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"ბრალდებულების ბრალეულობა საკმაოდ მაღალი სტანდარტით არის დადასტურებული, პრაქტიკულად ყველაფერი არის ზედაპირზე და ჩვენ ყველამ ვიხილეთ მათი აღიარება. რადგან, მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება აბსოლიტურად ყველა მიმართულებით არის ამოწურული, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოთ გირაოთი. ამ ეტაპისათვის, მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძეიბს გამოყენებას. ჩვენ ბრალდებულებების ქმედების აღიარება ვიდეოაუდიო მტკიცებულებებით მოვიპოვეთ, რაც ნიშნავს, რომ ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით საკმაოდ პრინციპულები", - აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

"ინტერპრესნიუსი"