ოკუპანტების მძევალი, ანუ რუსეთის პასუხი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე?! - კვირის პალიტრა

ოკუპანტების მძევალი, ანუ რუსეთის პასუხი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე?!

"კაცს არაფერი დაუშავებია და 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. ზღაპრებს ჰყვებიან ათი ტყვია გაისროლაო. ვისაც სანადირო თოფი სჭერია, მიხვდება, რომ ეს წარმოუდგენელია, დიდი-დიდი, ორი ტყვია გაისროლო..."

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გასულ წელს საქართველოს მოქალაქეს ოსურმა მხარემ ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენა - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა". კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ცხინვალის ე.წ. ხელმძღვანელობა ირწმუნებოდა, რომ გახელაძემ სამხედრო მოსამსახურეს ესროლა, თუმცა სასამართლო პროცესზე მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

რა ბერკეტი აქვს ქართულ მხარეს ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად, ამის გასარკვევად "კვირის პალიტრამ" კონფლიქტოლოგებსა და ექსპერტებს მიმართა.

"ასეთ რამეებს ანატოლი ბიბილოვი იმიტომ ბედავს, რომ რუსეთის სრული მხარდაჭერა აქვს"

გიორგი კანაშვილი, კავკასიოლოგი:

- არა მგონია, ეს კონკრეტული შემთხვევა რუსეთის მითითება იყოს, რათა ეს უწყინარი ადამიანი არაფრის გამო დაისაჯოს მთელი სისასტიკით, ეს უფრო ბიბილოვის ხელწერაა. თუმცა ასეთ რამეებს იმიტომ ბედავს, რომ რუსეთის სრული მხარდაჭერა აქვს.

რაც შეეხება ქართული მხარის ბერკეტს, მყისიერი რეაქციებით არაფერი კეთდება. ჩვენ ყოველთვის მაშინ ვიღებთ ხმას, როცა რაღაც მოხდება, არადა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელვადიანი პოლიტიკა უფრო გაამართლებს, თუნდაც პირადი კონტაქტები, სახალხო დიპლომატია.

ხანდახან მგონია, ჩვენს ხელისუფლებას ხელი აქვს ჩაქნეული, მაინც არაფერი გამოვაო და მხოლოდ განცხადებებსა და შეხვედრებს სჯერდება. შესაძლოა რუსეთის ფაქტორიც არის, რამე არ აირიოსო.

მე დასჯის მომხრე არა ვარ, მაგრამ როცა არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელები თავისუფლად დადიან არა მარტო ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებშიც, ეს დაუსჯელობის სინდრომს ქმნის. ამიტომაც იქ ქართველებს ისე მოექცევიან, როგორც მოეპრიანებათ, პასუხს რომ არავის სთხოვს.

ჩვენს ხელისუფლებას ცოტა მეტი წინდახედულობა რომ ჰქონდეს, მხოლოდ ეთნიკურად ქართველზე კი არა, ოს ან აფხაზზე ძალადობასაც გააპროტესტებდა. მაგალითად, ინალ ჯაბიევის მკვლელობის გახმაურებული საქმე - ისიც ხომ საქართველოს მოქალაქე იყო? სხვა ტიპის დანაშაულია, მაგრამ უკანონობა ხომ მოხდა, რა გვიშლის ხელს პროტესტის გამოხატვაში?

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება და ეს საკითხი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი კომპონენტიც არის.

"მითია, რაც უფრო ნაკლებად გავაღიზიანებთ, რუსეთისგან საფრთხე ნაკლებად დაგვემუქრებაო"

ალეკო კვახაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი:

- ანატოლი ბიბილოვის რეჟიმმა ახალგორში გააძლიერა წნეხი ქართველებზე და შესაბამისად, მეტი იქაური ცდილობს წითელი ჯვრის ორგანიზაციის მეშვეობით ქართულ მხარეს გადმოსვლას. ამ პოლიტიკის გაგრძელებაა ზაზა გახელაძის დაკავებაც. ბიბილოვის რეჟიმი ძალის დემონსტრირებას ცდილობს, ამ სასჯელით სურთ იმის ხაზგასმა, რომ ქართული მხარე უძლურია და ცხინვალში ვითარებას ის სრულად აკონტროლებს.

კიდევ ერთი ფაქტორი - ეს არის რუსეთის პასუხი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალის რეგიონში რუსეთის გარეშე არაფერი ხდება, რუსეთს კი უჭირს შეგუება, რომ საქართველომ დაუმტკიცა, ჩემს ტერიტორიაზე ეთნიკური წმენდა ჩაატარეო. გარდა ამისა, მოსკოვი ძალისხმევას არ იშურებს, საქართველომ როგორმე გადაუხვიოს პროდასავლურ და ნატოს კურსს და ამას სხვადასხვა გზით, მათ შორის ცალკეულ პირებზე ზეწოლითაც ცდილობს. ამ შემთხვევაში ქართულმა მხარემ ორი მიმართულებით უნდა იმუშაოს - საერთაშორისო და ადგილობრივი მექანიზმებით.

აუცილებელია არაღიარების პოლიტიკის უფრო გაძლიერება და საერთაშორისო საზოგადოებრიობის მეტი ჩართულობით რუსეთზე ზეწოლა. მეორე - საჭიროა რეგიონში მეტი მუშაობა. ამაში ქართველი სპეცსამსახურები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული.

მითია, რაც უფრო ნაკლებად გავაღიზიანებთ, რუსეთისგან საფრთხე ნაკლებად დაგვემუქრებაო. რუსეთი ბევრ რამეს ოსურ და აფხაზურ რეჟიმებს აკეთებინებს.

"ახლა ზაზა გახელაძე სახელმწიფოსგან მიტოვებულია"

პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი:

- თითქოს მართლაც ლეკიანობა დაბრუნდა. კაცს არაფერი დაუშავებია და 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. ზღაპრებს ჰყვებიან ზაზა გახელაძემ ათი ტყვია გაისროლაო. ვისაც სანადირო თოფი სჭერია, მიხვდება, რომ ეს წარმოუდგენელია, დიდი-დიდი, ორი ტყვია გაისროლო. მას კარგი ადვოკატი რომ ჰყოლოდა, 4-5 წლამდე ჩამოაყვანინებდა სასჯელის ზომას. საგამოძიებო შემთხვევის ადგილას წაიყვანდა და აჩვენებდა, რომ მსგავსი რამის გაკეთება იმ ადგილას გამორიცხულია. ამის მშვენიერი მაგალითია ახალგორელი სამოქალაქო ადვოკატი თამარ მეარაყიშვილი, რომელმაც სამი სასამართლო პროცესი მოიგო.

იმავე მდგომარეობაშია სოხუმის ციხეში ირაკლი ბებუაც, რომელსაც აბსურდული მიზეზით 9 წელი მიუსაჯეს. ყველამ იცის, რომ მას არავითარი ხელყუმბარა არ ჰქონია.

ე.წ. სასამართლო პროცესი არ დასრულებულა, ცხადია, უკანონო, მაგრამ მაინც არსებობს რაღაც პროცედურები, რითაც გასაჩივრება შეიძლება. სახელმწიფო ამას ვერ გააკეთებს, მაგრამ ზაზას ოჯახის სახელით რომ აიყვანონ პატიოსანი, ძლიერი ადვოკატი რუსეთიდან, ეს ზაზას საქმეს წაადგება. ასეთები რუსეთში ჯერ კიდევ არიან. ბოლოს და ბოლოს, ჩრდილოეთ კავკასიაში არის ძალიან კარგი ორგანიზაცია "აგორა", რომლის ადვოკატებიც ჩეჩნეთში იცავენ ხალხს. შეიძლება მათი პოვნა, რათა საქმეს გაეცნონ. ფაქტია, რომ ახლა ზაზა გახელაძე სახელმწიფოსგან მიტოვებულია.

სახალხო დიპლომატია ყოველთვის კარგად მუშაობდა, აფხაზებმა, 2016 წელს 12 პატიმარი გადმოგვცეს მოლაპარაკების შედეგად. რუსეთთან ჩვენ ცალკე ანგარიშები გვაქვს, მაგრამ არ შეიძლება ამას ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ანგარიშები გადავაყოლოთ. ამის გამო ჩვენი მოქალაქეები ზარალდებიან.

ირაკლი ბებუა - 9 წელი აფხაზურ ციხეში

გალის რაიონში გასულ წელს დაკავებულ 27 წლის ირაკლი ბებუას, რომელიც გალში მარტოხელა ბებიის მოსავლელად იყო ჩასული, 7 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გალის საქალაქო სასამართლომ ცხრაწლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა.

ბებუამ, 30 სექტემბერს, როცა სეპარატისტული რეგიონი "დამოუკიდებლობის და გამარჯვების დღეს აღნიშნავდა, გალში, რაიონული კულტურის სახლის ფასადზე მიმაგრებული დროშა, რომელზეც სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო სიმბოლოები იყო გამოსახული, სცადა დაეწვა.

მოგვიანებით, მის სახლში ჩხრეკისას, პოლიციამ ნახა ხელყუმბარა. მას ბრალი წაუყენეს სამი მუხლით: სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის, სხვისი ქონების განზრახ განადგურების ან დაზიანებისთვის, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიკვდილი ან "მძიმე შედეგები" და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის.

სასამართლომ, რომელსაც დენის აშუბა თავმჯდომარეობდა, დამნაშავედ ცნო ბებუა და ჩადენილი დანაშაულების ერთობლიობის შესაბამისად, გამოიტანა განაჩენი, რომელსაც, როგორც ბებუას ადვოკატმა განაცხადა, არ გაასაჩივრებენ.

ირაკლი ბებუამ დაკითხვისას განმარტა:

"არც ერთი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, არც დროშასთან და არც ხალხთან, ქედს ვიხრი აფხაზების წინაშე... ეს აქტი მხოლოდ იმიტომ ჩავიდინე, მსურს აფხაზებმა და ქართველებმა უწინდელივით ისევ ერთად, მეგობრულად იცხოვრონ". აფხაზური ე.წ. სასამართლოს ინფორმაციით, ბებუამ ბრალი მხოლოდ ხელყუმბარის ნაწილში არ აღიარა.