"ვითმენდი, მაგრამ მოთმინების ფიალა აივსო!" - რას ჰყვება კარტოგრაფი, რომელიც სკანდალური რუკის ექსპერტიზაში მონაწილეობდა - კვირის პალიტრა

"ვითმენდი, მაგრამ მოთმინების ფიალა აივსო!" - რას ჰყვება კარტოგრაფი, რომელიც სკანდალური რუკის ექსპერტიზაში მონაწილეობდა

"ქართული კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული სკოლების ფუძემდებლის, სერგი ცხაკაიას პასუხისმგებელი რედაქტორობით გამოცემულ რუკას ივერი მელაშვილი აყენებს ეჭვქვეშ?"

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილ წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლების შემდეგ ამ საკითხის ირგვლივ ვნებათაღელვა არ წყდება. გასულ კვირას გაზეთ "კვირის პალიტრაში" ბრალდებულ ივერი მელაშვილის ინტერვიუ დაიბეჭდა. ის ამტკიცებდა, რომ რუკა, რომელზეც დიდი აჟიოტაჟი ატყდა, უვარგისია და მისი გამოყენება შეუძლებელია, მაგრამ საქმეში არსებობს ექსპერტიზის დასკვნები, რითაც სულ სხვა რამ მტკიცდება. ამ ექსპერტიზაში პროფესიონალი კარტოგრაფები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრის პროფესორი, კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ გორდეზიანი.

- ბატონო თენგიზ, ივერი მელაშვილი 1938 წლის 1:200 000 რუკას ყალბ 100-ლარიანს ადარებს და ამბობს, ეს იგივეა, ყალბი ფული დაუდო მეორე მხარეს და დაუწყო მტკიცება, რომ ის ნაღდიაო. რას იტყვით ამაზე?

- 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა შედგენილია მიუფლინგის მრავალწახნაგა კარტოგრაფიულ პროექციაში, ამ პროექციაში ადგენდნენ ტოპოგრაფიულ რუკებს 1942 წლის ჩათვლით. 1942 წლის შემდეგ, 1991 წლამდე, ტოპოგრაფიულ რუკებს გაუს-კრიუნგერის ცილინდრულ პროექციაში ადგენდნენ. ამ ორივე პროექციას ერთი და იგივე საკოორდინატო ბადე აქვს. საერთოდ, მათემატიკურ კარტოგრაფიაში ცნობილია, რომ თუ ორ პროექციას ერთი და იგივე კარტოგრაფიული ბადე აქვს, ე.ი. საკოორდინატო ბადე ერთი და იგივეა და ასეთ შემთხვევაში რამის დამახინჯება გამორიცხულია, ანუ რუკები იდენტურია, მხოლოდ პროექცია შეიცვალა. ამ პროექციებს თავისი ავტორები ჰყავს. მიუფლინგი პრუსიელი ფელდმარშალი, სამხედრო ტოპოგრაფი იყო. მეორე პროექციას ორი ავტორი ჰყავს - გაუსი და კრიუნგერი, გერმანელი მათემატიკოსი და გეოდეზისტი... მთავარი ის არის, რომ განსხვავება საკოორდინატო ბადესა და სისტემაში არ არის. 1937 წლით არის დათარიღებული 200 000-იანი რუკა, რომელიც შედგენილია ენ-კა-ვე-დეს, ანუ შინსახკომის დაკვეთით. ტოპოგრაფიულ რუკას პასუხისმგებელი რედაქტორი ჰყავდა და მას ხელს აწერს სერგი ცხაკაია.

იგი ქართული კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული სკოლების ფუძემდებელი გახლდათ. სწორედ სერგი ცხაკაიამ შექმნა გასული საუკუნის 30-იან წლებში კარტოგრაფია-გეოდეზიის კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიაში, განსაკუთრებით კი - საქართველოში სამხრეთის საზღვრების მსხვილმასშტაბიან ტოპოგეოდეზიურ აგეგმვებს და სწორედ ამის საფუძველზე დგებოდა ტოპოგრაფიული რუკები. მან გაზარდა აკადემიკოსი ალექსანდრე ასლანიკაშვილი, რომელმაც ფურორი მოახდინა კარტოგრაფიაში და მთელი მსოფლიო აალაპარაკა. თავის მხრივ, ასლანიკაშვილმა კარტოგრაფების მთელი პლეადა აღზარდა, მათ შორის - მეც. ვსვამ კითხვას: ისეთი პიროვნების, როგორიც იყო სერგი ცხაკაია, პასუხისმგებელი რედაქტორობით გამოცემულ რუკას ივერი მელაშვილი აყენებს ეჭვქვეშ? ტოპოგრაფიული რუკა ნიშნავს სიზუსტეს, მსხვილმასშტაბიანობას, დეტალურმასშტაბიანობას; მასზე ზედმიწევნით არის ასახული ყველაფერი - საზღვარიც, წერტილიც, სტრატეგიული სიმაღლეც და ა.შ., ანუ ის, რასაც ჩვენ თვალით ვხედავთ. სერგი ცხაკაიას ხელმოწერით დაიბეჭდა 1937 წელს ეს რუკა, რომელიც 1932-33 წლების ტოპოგეოდეზიური აგეგმვების საფუძველზეა შედგენილი. თვითონ ცხაკაია ხელმძღვანელობდა ამ აგეგმვებს. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროფესიით კარტოგრაფები არ არიან და ასეთი ხალხი აყენებს ამ რუკას ეჭვქვეშ?

ამ რუკის შედგენის დროს გამოყენებულია შემდეგი კარტოგრაფიული მასალები: 1) 1880-1900 წლების ინსტრუმენტალური ტოპოგეოდეზიური აგეგმვის მასალები მასშტაბით 1:42 000 (ე.ი. 1 სმ-ს შეესაბამება 420 მ); 2) საქნავთის 1930-1933 წლების აგეგმვის მასალები მასშტაბით 1:50 000 (1 სმ-ს შეესაბამება 500 მ); 3) ხუთვერსტიანი რუკები მასშტაბით 1:210 000 (1 სმ-ს შეესაბამება 2,1 კმ).

თურმე სერგი ცხაკაიას არ სცოდნია ტოპოგრაფია და სცოდნია მელაშვილს! ამდენი ხანია ვითმენ ამ უაზრო და შეურაცხმყოფელ განცხადებებს ქართული კარტოგრაფიული სკოლის მიმართ, რომლის წევრი მეც გახლავართ, მაგრამ როდესაც მტკივნეულზე განსაკუთრებულად დაგადგამენ ფეხს, სიმართლე უნდა თქვა. ისიც ვერ გავიგე, რატომ უწოდებენ ამ საქმეს კარტოგრაფთა საქმეს, როცა არც ერთი მათგანი კარტოგრაფი არ არის! ამჟამად საქართველოში მხოლოდ 3-4 მეცნიერ-კარტოგრაფია. იმისთვის, რომ იყო მეცნიერ-კარტოგრაფი, უნდა გქონდეს გამოქვეყნებული მრავალი სამეცნიერო სტატია (მათ შორის უცხოეთშიც), მონოგრაფია, სახელმძღვანელო. რუკის ადეკვატურად წაკითხვა არ შეუძლიათ და ნუ იღებენ საკუთარ თავზე ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს! მიწათმოწყობა სულ სხვა სფეროა, უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან მიწათმოწყობა - ერთი მხრივ და კარტოგრაფია (რომელიც უზარმაზარი სისტემაა) - მეორე მხრივ. გასაგებია, რომ მიწათმოწყობაც რუკასთან მიდის, მაგრამ ეს არ არის კარტოგრაფია.

ამდენ ხანს ვითმენდი, მაგრამ მოთმინების ფიალა აივსო! ივერი მელაშვილმა თავისი განცხადებებით საკუთარ დანაშაულს კიდევ ერთი დაუმატა და მიცვალებულს, სერგი ცხაკაიას მიაყენა შეურაცხყოფა. მას რომ ვუჩივლო ცილისწამებისა და მიცვალებულის შეურაცხყოფისთვის, პასუხისგება მოუწევს. კარტოგრაფი ჯანსუღ კეკელია ეომებოდა ამ კომისიას და ბოლოს გამოიქცა იქიდან. ეს ჯანმრთელი კაცი ამ საკითხზე ნერვიულობით დააავადეს და დღეს მელაშვილი ამ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკას ყალბ ასლარიანს ადარებს! როგორ შეიძლება ეს თქვა რუკაზე, რომელსაც პასუხისმგებელი რედაქტორის რანგში აწერია სერგი ცხაკაიას გვარი.

- როცა ვკითხე მელაშვილს, რით ასაბუთებთ რუკის სიყალბეს-მეთქი, მიპასუხა, ამ რუკაზე დატანილ ელემენტებში 400-500-მეტრიანი ცდომილებებიაო... - ამ რუკის მასშტაბის ზღვრული სიზუსტე 2 მეტრს შეადგენს და თუ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკას 400-500-მეტრიანი ცდომილება აქვს, მაშინ მას კარტომეტრიაში ახალი აღმოჩენა გაუკეთებია. ეს ხომ სასაცილოა!

მელაშვილისგან არავინ არაფერს ითხოვს, საერთოდ შეეშვას ამ საქმეს. მე რაში მაინტერესებს მისი დაპატიმრება, მეცნიერი-კარტოგრაფი ვარ, პედაგოგი, პროფესორი, მაგრამ არ არის ლამაზი, როცა სახალხოდ გაიძახის: "დავითგარეჯის ის ნაწილი საქართველოსი არასოდეს ყოფილა და რატომ ვითხოვთ იმას, რაც ჩვენ არ გვეკუთვნისო". წარმოიდგინეთ, ამას ამბობს, როცა რუკებზე ყველაფერი საქართველოს სასიკეთოდ არის ასახული! სტუდენტების მთელი არმია მყავს, პატრიოტი ახალგაზრდები. ეს თაობა ძალიან მგრძნობიარეა ასეთი ეროვნული საკითხებისადმი და ისინი აღშფოთებული არის მისი განცხადებებით.

- ჯანსუღ კეკელია თავის პოზიციას მაშინაც საჯაროდაც გამოხატავდა. წლების წინ "კვირის პალიტრაშიც" დაიბეჭდა ჯანსუღ კეკელია ინტერვიუ. თქვენთან პირად საუბრებში ხომ არ უთქვამს, კომისიაში ვინ ეწინააღმდეგებოდა მის პოზიციას? - ტყუილს ვერ ვიტყვი, კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია. ბატონი ჯანო ამბობდა, რომ ვეუბნები, თხემზე არ შეიძლება საზღვრის გატარება და რუკების მიხედვით ასე არ არის, არ ესმითო. ამბობდა, ვეუბნები, რომ ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის 1996 წლის შეთანხმების პროტოკოლში შავით თეთრზე წერია, რომ საზღვარი 1938 წლის მდგომარეობით უნდა განისაზღვროს, ამ რუკაზე კი ყველაფერი ასახულია, მაგრამ არ ესმითო.

1938 წელს გამოცემულია ორი რუკა. ერთ-ერთი სწორედ ის, რომელსაც მელაშვილი ყალბ ასლარიანს ადარებს, არადა ეს არის ფასდაუდებელი რუკა. ქრონოლოგიურად, ამ რუკის შემდეგ და მისივე საფუძველზე (ეს პროცესი კარტოგრაფიაში კარტოგრაფიულ გენერალიზაციად იწოდება) 1938 წელს დაიბეჭდა 1:500 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის პლანშეტები. თუ მაინცდამაინც 1:500 000 მასშტაბის რუკის გამოყენება უნდოდათ, გამოეყენებინათ ეს რუკა, რომელზეც ქართველთათვის ეს საკრალური ისტორიული საკულტო ძეგლი მთლიანად საქართველოს საზღვრებშია (ბერთუბნის მონასტრის გამოკლებით). აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ 1:500 000 მასშტაბის (კედლის) რუკას (თუნდაც პლანშეტებით) არავინ იყენებს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში. არ მესმის, როგორ უნდა მონიშნო საზღვარი, როცა 1 სანტიმეტრში 5 კილომეტრია? როცა სასაზღვრო ზოლის სიგანე 20+20 მეტრია, როგორ უნდა მოზომო? გარდა ამისა, 1:500 000 მასშტაბის რუკაზე არ არის აღნიშნული ყველა სიმაღლე, 1:200 000 მასშტაბის რუკაზე კი ყველა მნიშვნელოვანი სიმაღლეა დატანილი.

მოკლედ, აღშფოთებული ვარ ამ ყველაფრით! ჩემი საქმის ფანატიკოსი ვარ, ის კი ჩემს დარგს შეეხო და ამბობს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, თანაც ამით გამოჩენილ ქართველ კარტოგრაფებს ადგებათ ჩრდილი.

- მელაშვილი ამბობს, რომ პროკურატურამ ვირეშმაკული დავალება მისცა ექსპერტებს, ანუ მათ მთლიანი რუკის გაანალიზება კი არ დაავალეს, არამედ მოსთხოვეს, აეღოთ ამ რუკიდან საზღვრის ხაზი, შეედარებინათ ის სხვა რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზისთვის და განსხვავება დაედგინათ. იმასაც ამტკიცებს, არც ერთი მტკაველი არ დაგვითმიაო... - ვმონაწილეობდი ყველა ექსპერტიზაში, რაც პროკურატურამ ჩაატარა და დასკვნა ჩვენ დავდეთ. ამ მასალაში არის წარმოდგენილი ის, რაც მან სახელმძღვანელოდ გამოიყენა. მელაშვილმა გააკეთა "ვიკაპიროვკა", ანუ ამონახაზი კალკაზე. ჩვენ უნდა დაგვედგინა, საიდან იყო გაკეთებული ეს ამონახაზი და დავადგინეთ, რომ გაკეთებული იყო 500 000-იანი მასშტაბის რუკიდან! კარგი, 200 000-იანის ნაცვლად აქედან ამოხაზე, მაგრამ მითხარი, საზღვარი რატომ შეცვალე? რატომ გადაანაცვლე? იმ 1:500 000 მასშტაბის რუკაზეც ხომ დავითგარეჯის კომპლექსი მთლიანად ჩვენს საზღვრებშია?! ეს რუკები არსებობს და ამის დანახვა ყველას შეუძლია! სასაცილოა ამ კაცის საქციელი - ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი... როგორც გადმოცემით ვიცი, ეს ტოპოგრაფიული რუკა სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანის მხარეს გადასცეს. მათ თქვეს, ჩვენ განვიხილავთ ამ რუკას და უახლოეს თვეებში გავმართოთ შეხვედრაო. დარწმუნებული ვარ, ისინი დაამუშავებენ ამ მასალებს. მათ კომისიის ხელმძღვანელად ჰყავთ ასაკოვანი გეოდეზისტი. განიხილავენ ყველაფერს და შედგება შეხვედრაც. ვფიქრობ, აზერბაიჯანული მხარე ამ მოლაპარაკებაზე უნდა წამოვიდეს.

1938 წელს ასევე გამოცემულია კედლის რუკაც და იქაც დავითგარეჯის მთელი კომპლექსი საქართველოს შემადგენლობაშია. არის ასევე ადმინისტრაციული დაყოფის ტოპოგრაფიული პლანშეტები და იქაც ისეა. ეს 1:200 000 მასშტაბის რუკა (დედანი) არის ფასდაუდებელი ისტორიულ-კარტოგრაფიული წყარო, რომელიც ჩამოიტანა ბატონმა დავით ხიდაშელმა. იგი ღირსეული მამულიშვილია და მეამაყება, რომ ვიცნობ მას.

თქვენთან საუბარს დავასრულებ ქართული კარტოგრაფიის პატრიარქის, ალექსანდრე ასლანიკაშვილის ერთგვარი შეგონებით: "კარტოგრაფია ისეთ კეთილ მხცოვან ადამიანს მოგვაგონებს, რომელიც სულ სხვებს ეხმარება, სხვისი კეთილდღეობისათვის ზრუნავს და თავისი ვინაობის გარკვევისთვის არ იღვწის", ანუ კარტოგრაფია ყოფილა ძალიან თავმდაბალი ადამიანი. ამიტომ გახდა ეს მეცნიერება თავშესაფარი ბევრი არასპეციალისტისთვის და მათ შორის - ივერი მელაშვილისთვის, რომელიც პროფესიით კარტოგრაფი არ არის.

მინდა ჩვენი ინტერვიუ მაინც მშვიდობიან კილოზე დავასრულო და მოვუწოდო ერსაც და ბერსაც: ძვირფასებო, ყველამ ვაკეთოთ ჩვენი პროფესიული საქმე და ერთად დავდგეთ სამშობლოს საზღვრების სადარაჯოზე. კარტოგრაფია კი სწორედ ის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტრატეგიული დარგია, რომელიც ყოველთვის თავის სიტყვას იტყვის ყველა მამულიშვილურ გამოწვევაში.

იხილეთ ასევე: რატომ არ იყენებდა მელაშვილი მოლაპარაკებისას 1938 წლის რუკას და რატომ ადარებს მას ყალბ 100-ლარიანს - ვისთან ათანხმებდნენ გადაწყვეტილებებს კარტოგრაფები?!