პოლიციამ არასრულწლოვანი დის მიმართ ძალადობაში ბრალდებულზე ელექტრონული ზედამხედველობა დააწესა - კვირის პალიტრა

პოლიციამ არასრულწლოვანი დის მიმართ ძალადობაში ბრალდებულზე ელექტრონული ზედამხედველობა დააწესა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული გ.კ. ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დას - 2004 წელს დაბადებულ მ.კ.-ს, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

,,მოძალადის მხრიდან, განმეორებითი ძალადობის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით, გ.კ-ს მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ამასთან, დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობაც. მოძალადეს დაუმაგრდა ელექტრონული სამაჯური, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება მსხვერპლის წინასწარ განსაზღვრულ ადგილებთან მიახლოების მონიტორინგი. დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა. ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

გამოძიება ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"