"19 პირის მიმართ დაწყებულია გამოძიება " - შსს განცხადებას ავრცელებს ე.წ. დაუმორჩილებლობის მსვლელობის მონაწილეებთან დაკავშირებით - კვირის პალიტრა

"19 პირის მიმართ დაწყებულია გამოძიება " - შსს განცხადებას ავრცელებს ე.წ. დაუმორჩილებლობის მსვლელობის მონაწილეებთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. დაუმორჩილებლობის მსვლელობის მონაწილეებიდან 51 პირის იდენტიფიცირება მოახდინა, საიდანაც ამ ეტაპზე 2 000 ლარით 8 პირი დააჯარიმა.

"ინტერპრესნიუსმა" შესაბამისი ინფორმაცია უწყებიდან გამოითხოვა. მათივე განმარტებით, ასევე 2 000 ლარით დაჯარიმდება 24 პირი, 19 პირის მიმართ კი გადაადგილების აკრძალვის განმეორებით შემთხვევას აქვს ადგილი, რის შესაბამისადაც მათთან მიმართებით გამოძიება დაიწყო.

"6-7 თებერვალს, თბილისში "ოპოზიცურ ძალთა გაერთიანების" მიერ დაორგანიზებულ ე.წ "დაუმორჩილებლობის მსვლელობაზე" იდენტიფიცირებული 51 პიროვნებიდან 8 პირი დაჯარიმდა 2000 ლარის ოდენობით გადაადგილების აკრძალვის დარღვევის ფაქტზე ასკ-ის 42 მე-10 პრიმა მუხლით. 24 პირზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომლებიც დაჯარიმდებიან 2000 ლარით. 19 პირის მიმართ დაწყებულია გამოძიება გადაადგილების აკრძალვის განმეორებით დარღვევის ფაქტზე სსკ-ის 248 პრიმა მუხლით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 6 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა "დაუმორჩილებლობის მარში" გამართეს და 21:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გააპროტესტეს. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად "დაუმორჩილებლობის მარშში" პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ. მოქალაქეების ნაწილი 05:00 საათამდე დედაენის ბაღში იმყოფებოდა.