გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულეს - კვირის პალიტრა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულეს.

მომდევნო კვირიდან დაცვის მხარე და პროკურატურა დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც ბრალდებულები საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, აღნიშნულ საქმეზე უალტერნატივოდ დადგება გამამართლებელი განაჩენი.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი, ასევე გამოვიკვლიეთ დაცვის მხარის წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები და ამით დავასრულეთ მტკიცებულებების კვლევა. სხვა ბრალდებულებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, ისარგებლებენ საბოლოო სიტყვით და საბოლოო სიტყვით მოახსენებენ თავიანთ პოზიციას სასამართლოს. 18 თებერვალს, ხუთშაბათს არის ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა, ხოლო იმის შემდეგ ერთ კვირაში უკვე დასკვნით სიტყვას ვიტყვით დაცვის მხარე. შემდეგ ვისარგებლებთ რეპლიკის უფლებით და სასამართლო გავა უკვე სათათბიროდ. საქმის განხილვის შედეგად ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნულ საქმეზე უალტერნატიოდ დადგება გამამართლებელი განაჩენი, ანუ ერთ პროცენტსაც არ ვუშვებთ დაცვის მხარე, რომ ამ საქმეზე სხვაგვარი განაჩენი იქნება დამდგარი",- განაცხადა მამულაშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

"ინტერპრესნიუსი"