"ერთხელ ჰკითხეს ეს ფული რად გინდაო და ბაბუას უნდა მივუტანოო" - რას ჰყვებიან თანასოფლელები გარდაცვლილ 14 წლის გოგონაზე - კვირის პალიტრა

"ერთხელ ჰკითხეს ეს ფული რად გინდაო და ბაბუას უნდა მივუტანოო" - რას ჰყვებიან თანასოფლელები გარდაცვლილ 14 წლის გოგონაზე

ქობულეთის სოფელ ქაქუთში გარდაცვლილ 14 წლის გოგონას თანასოფლელები დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ გოგონა ფიზიკურად მუშაობდა, რათა ოჯახს დახმარებოდა.

როგორც ისინი "ნოდარ მელაძის შაბათს" უყვებიან, 14 წლის ნინო თანასოფლელებს თხილის კრეფაში ეხმარებოდა.

"დადებით ბავშვი იყო, ფიზიკური შრომა უყვარდა... თხილზე მუშაობდა, ერთხელ ჰკითხეს ეს ფული რად გინდაო და ბაბუას უნდა მივუტანო და ბაბუა ამ ფულს გამოიყენებსო. მშრომელი გოგო იყო. ძალიან ცუდი ამბავი გავიგე" - ამბობს გოგონას თანასოფლელი.

14 წლის ნინის ბაბუა კი, რომელმაც შვილიშვილი ხეზე ჩამომხრჩვალი თავად ნახა ამბობს, რომ ამით "ბავშვმა დანაშაული გამოისყიდა".

"ბავშვმა მოიკლა თავი, მისი დანაშაული გამოისყიდა და ვსიო, დამთავრდა" - აღნიშნა გარდაცვლილის ბაბუამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხმობს დანაშაულში, პასუხობს, "დანაშაული იყო, გაუპატიურებული რომ იყო ბავშვი".

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. მომდევნო სხდომა 6 აპრილს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულის ახლობლები ძალადობაში პირიქით გოგონას ოჯახის წევრებს ადანაშაულებენ და ისინი ამბობენ, რომ სიმართლის დასამტკიცებლად იბრძოლებენ.

გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 10 თებერვალს გავრცელდა. ამის შემდეგ შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, პოლიციამ ქობულეთში 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.