"ჩემი შვილი იძულებული გახდა, ეს ჩაედინა" - სექსუალური ძალადობის თუ სამართალდამცავთა გულგრილობის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილი იძულებული გახდა, ეს ჩაედინა" - სექსუალური ძალადობის თუ სამართალდამცავთა გულგრილობის მსხვერპლი

რატომ მოიკლა 14 წლის გოგონამ თავი

ქობულეთში 14 წლის გოგონამ თავი მოიკლა. დღეს ყველა ნინის ტრაგედიაზე ლაპარაკობს. 10 თებერვალს საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. იმავე ღამით პოლიციამ 23 წლის ახალგაზრდა კაცი დააკავა და ბრალი 140-ე მუხლით წაუყენა, რაც 16 წელს მიუღწეველთან შეცნობით სექსუალურ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მოგვიანებით პროკურატურამ დაკავებულს თვითმკვლელობამდე მიყვანაშიც დასდო ბრალი. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა მაინც შეუფარდა...

გოგონას ამ ტრაგედიამდე ორი თვით ადრე, დეკემბერში, პოლიციაში საჩივარი შეუტანია. ის 23 წლის ახალგაზრდას მასთან სქესობრივ კავშირში ამხელდა, თუმცა გამოძიება გაჭიანურდა და პოლიციამ მხოლოდ გოგონას დაღუპვის შემდეგ დააკავა ბრალდებული. გარდაცვლილის ბაბუა ამბობს, რომ მისი შვილიშვილი ორჯერ გახდა ამ ბიჭის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, პირველად ზაფხულში, ივნისში, მაგრამ მაშინ ბავშვს ეს ამბავი არ გაუხმაურებია, დეკემბერში კი, როცა ფაქტი განმეორდა, ოჯახსაც უთხრა და პოლიციასაც: "ექსპერტიზა იყო დანიშნული, ორი თვეა ველოდებით პასუხს. გამომძიებელს დავურეკე, ვკითხე, ცნობა ჩამოვიდა-მეთქი და- არაო. წავედი სამსახურში დილას და საღამოს რომ დავბრუნდი, ბავშვი ხეზე ჩამომხრჩვალი დამხვდა. თავიდან მალავდა, ალბათ, ის ემუქრებოდა, არ თქვა, თორემ მოგკლავო. ექვსი თვის მერე კიდევ მოაკითხა და ისევ იძალადა. ამის მერე გვითხრა ეს ამბავი ბავშვმა".

ბრალდებულის ახლობლები ხელს გარდაცვლილის ოჯახისკენ იშვერენ და ამბობენ, რომ გოგონა ოჯახის წევრების ძალადობის მსხვერპლი იყო.

"როცა გავიგე, რომ არასრულწლოვანი იყო, კი ვიცით კანონი როგორცაა და მინდოდა ამ გოგოს პატრონობა…- როცა გახდებოდა სრულწლოვანი, უნდა დაგვენიშნა და წამოვიყვანდით, მაგრამ სასტიკი უარი თქვეს... დაურეკა გოგომ ჩემს შვილს, მიშველეო. გავგზავნე ხალხი, მაგრამ უარით დაბრუნდნენ, არ ღირს მაგათთან მისვლაო",- ამბობს დაკავებულის მამა.

"ბაბუა სისტემატურად ძალადობდა გოგოზე. ეს ყველაფერი გაუმხილა ჩემს შვილს. მეგობრობდნენ ჩემი ბიჭი და ეს გოგო. გაუმხილა და უთხრა, მიშველე, წამიყვანე ჩემს მეგობართანო. ჩემს შვილს თითი არ აქვს ძალადობით დაკარებული",- ამტკიცებს დაკავებულის დედა.

მეზობლები კატეგორიულად გამორიცხავენ ბაბუის მიერ შვილიშვილის ცემას. მათი თქმით, სულიკო ცეცხლაძე მზრუნველი ბაბუაა: "ბაბუამ და ბებიამ გაზარდეს სამი შვილიშვილი. პატარები იყვნენ, მამა რომ გარდაეცვალათ, ცოტა ხანში სახლიდან წავიდა ბავშვების დედა და ორი გოგო და ერთი ბიჭი აქ გაიზარდნენ. ეკონომიკურადაც არ უჭირთ, ბაბუა შრომობდა, მეურნეობა აქვთ, ტაქსის მძღოლად მუშაობს. გოგოს ძმა 20 წლის არის და მასთან ვმეგობრობ. ბაბუას რომ აბრალებენ, ცემდაო, არ მჯერა. რატომ უნდა ეძალადა? ორი წელია, ბებია გარდაიცვალა და ბავშვები მარტო 75 წლის მოხუცთან იყვნენ. უფროსი და გათხოვილია... ბავშვების დედას დედობა შეუჩერეს, მაგრამ მიზეზი არ ვიცი. თვითონ ნინი ძალიან მხიარული გოგო იყო",- გვითხრა თანასოფლელმა.

სკოლის დირექტორი მანანა ჩხაიძე ამბობს, რომ მომხდარზე არაფერი იცოდა, 1-ელ თებერვალს, მას შემდეგ, რაც სკოლებში სწავლა განახლდა, ბავშვი გაკვეთილებზე არ მისულა: "დამრიგებელი დაუკავშირდა მოსწავლეს. გვითხრეს, რომ ბაბუას კბილის ექიმთან დაჰყავდა..."ჩვენ არაფერი ვიცოდით. არც პოლიციამ შეგვატყობინა. როცა გარდაიცვალა, მივედი ოჯახში და იქ გავიგე, რომ ასეთი მძიმე ისტორია ჰქონია. ბავშვს, როგორც ობოლს, რომელსაც მეურვე ზრდიდა, სოციალური მუშაკი ჰყავდა მიჩენილი. ის ამოწმებდა მის მდგომარეობას. სკოლაშიც რამდენჯერმე მოვიდა, რომ გაეგო, თუ დადიოდა, თუ სწავლობდა..."

ბავშვთან სოციალური მუშაკი ბოლოს 4 თებერვალს იყო, თუმცა უცნობია, რაზე ისაუბრეს. ვცადეთ, სოციალურ მუშაკს გავსაუბრებოდით, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ მასთან ვერ დაგვაკავშირებდნენ...

სოცმუშაკის პასუხისმგებლობასა და სხვა უწყებების დანაშაულზე ლაპარაკობს არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის. საქმეში ჩაერთო ადვოკატი ანა თავხელიძე.

- სახელმწიფო ხშირად არაეფექტურად მუშაობს- ვგულისხმობ ყველა უწყებას: პოლიციას, საგამომძიებლო ორგანოს, რომელმაც მყისიერი რეაგირება არ მოახდინა მათთან შესულ განცხადებაზე... კითხვები გვაქვს პროკურორთანაც. მან ვერ გაუწია საქმეს სათანადო ზედამხედველობა და არ მიიღო პირის მიმართ დევნის გადაწყვეტილება. დღემდე გაურკვეველია, რატომ არ ჰქონდა გოგონას დაზარალებულის სტატუსი. ასევე საყურადღებოა სოციალური მუშაკისა და სოციალური სამსახურის როლი. ეს სამსახური, დიდი ხანია, არ ფუნქციონირებს, დახმარებას ვერ უწევენ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს... ქვეყანაში ბავშვის უფლებები ირღვევა. ჩვენ მოვითხოვეთ, პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნოს მისი და, რომელიც ბავშვის მეურვეც იყო. ის ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, ჯერ საუბარი ვერ შევძელით.

როგორც გავიგეთ, სამჯერ არის გამოკითხული გოგონა და ესეც დანაშაულია, რადგან დაუშვებელია სექსუალური ძალადობის საქმეზე მსხვერპლის მრავალჯერ გამოკითხვა. ჯერ არ ვიცი, რა წერია გოგონას ჩვენებაში. მისი გაცნობის შემდეგ მეტი დეტალი მეცოდინება... იკვეთება საგანმანათლებლო დაწესებულების პასუხიმგებლობაც..."

"ჩემს შვილს უმოწყალოდ სცემეს ჩემი მამამთილის ძმიშვილებმა, სულ წიხლქვეშ გაიგდეს"

გარდაცვლილის დედა მერი რომანაძე თურქეთიდან ამ ტრაგედიის შემდეგ ჩამოვიდა. ის საქმის სამართლებრივად გარკვევას ცდილობს. როგორც ჩანს, ქმრის მამასა და ნათესავებთან მას დაძაბული ურთიერთობა აქვს და ამიტომ დედა შვილის დაკრძალვაზეც არ მიუშვეს.

- ჩემი შვილი იძულებული გახდა, ეს ჩაედინა. წინა დღით ვიღაცისთვის უთქვამს, დავიღალე, რატომ გაგრძელდა ეს საქმე ასე, დედიკოსთან მინდა წასვლაო... ეხვეწებოდა სოცმუშაკს, დროზე მორჩეს ეს საქმე, დედიკოსთან მინდა წავიდეო..."

მერი რომანაძე მეუღლის გარდაცვალებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ წავიდა სახლიდან. ამბობს, რომ შვილების წაყვანის უფლება ქმრის ოჯახის წევრებმა არ მისცეს. წლებია, თურქეთში ცხოვრობს და იქვე დაოჯახდა. ყოფილი მამამთილის მოთხოვნით მას შეჩერებული ჰქონდა დედობის უფლებაც, თუმცა შვილებთან სატელეფონო ურთიერთობა მაინც ჰქონდა.

დედა ბრალდებულს ამხელს, მაგრამ პრეტენზიები აქვს ქმრის ნათესავებთანაც. ამბობს, რომ ყოფილი მამამთილის ძმისშვილებმა მის შვილს სცემეს, როცა მასზე ძალადობის ამბავი შეტყვეს: "როცა ჩემი შვილი გააუპატიურეს, იმ დღეს, სანამ პოლიციაში წამოიყვანდნენ, ეს ამბავი რომ გაიგეს, ჩემს შვილს უმოწყალოდ სცემეს ჩემი მამამთილის ძმიშვილებმა, სულ წიხლქვეშ გაიგდეს ჩემი შვილი. ეს ყველაფერი ჩემმა შვილმა მითხრა. მას უმოწყალოდ სცემეს ამირან ცეცხლაძემ და ტარიელ ცეცხლაძემ. ესენი ჩემი მამამთილის ძმისშვილები არიან. სად არის ექსპერტიზის პასუხი, გამაგებინეთ?! თბილისში ექსპერტიზაზე რომ წაიყვანეს, ბავშვი გაუპატიურებული იყო. თან ნახეს, რომ ბავშვს მთელი სხეული ჰქონდა დალურჯებული! რას აკეთებდა პოლიცია?.. ხომ შეიძლებოდა, სასწრაფოდ დაეჭირათ ეს ბიჭი და ჩემი შვილი ჩემთან გამოეგზავნათ?! ეს ბიჭი ნარკომანია, როგორც ჩანს, მოწეული ჰქონდა, ან რამის ზემოქმედების ქვეშ იყო, როცა ჩემს შვილზე ძალადობდა. ჩემი შვილი ახლა ცოცხალი იქნებოდა, სოციალურ მუშაკს დროზე რომ გამოეშვა ჩემთან!.. ეს ამბავი რომ გაიგეს, ამის მერე გადაწყვიტა ჩემმა მამამთილმა, წავიდეს დედამისთან, შეგვარცხვინა ჩვენ და სოფელში ვერ იცხოვრებსო... ბავშვს სოცმუშაკი ეუბნებოდა, დედაშენს ყველაფერი უთხარიო. სანამ ჩემი შვილი მოკვდებოდა, სოცმუშაკს წინა დღეს უთქვამს, დედაშენმა მოწვევა გამოგიგზავნოს, რომ წახვიდეო, მაგრამ მე მოწვევა რომ გამომეგზავნა, ორი დღე სჭირდებოდა ბავშვის აქ გადმოსვლას- მე ხომ დედობის უფლება შემიზღუდეს და სოცმუშაკს უნდა გაემზადებინა საბუთები, რომ ბავშვს საზღვარი გადმოეკვეთა... უხაროდა, ჩემთან რომ მოდიოდა და უცებ რა მოხდა, არ ვიცი..."

"ძალადობა რომ ყოფილიყო, შემაკავებელ ორდერს ხომ მაინც გამოწერდნენ?!"

მერი რომანაძე ბრალდებულის მკაცრად დასჯას ითხოვს, დაკავებულის ადვოკატი ირაკლი შავაძე კი ამტკიცებს, რომ მისი დასაცავი უდანაშაულოა: "- ვერსიები გაავრცელეს, თითქოს გაუპატიურება მოხდა. ეს აბსურდია. ჩემი დასაცავი 16 დეკემბერს გამოიძახეს პოლიციაში და მისგან უნდოდათ ნერწყვის ნიმუშის აღება. უარი არ უთქვამს და ნებაყოფლობით ჩააბარა. შეეძლო არ ჩაებარებინა და მაშინ პოლიცია იძულებული გახდებოდა, სასამართლოსთვის მიემართა. ისიც ვუთხარით, გამოკითხვის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოგცემთ ჩვენებას-თქო. ამის შემდეგ წამოვედით საგამოძიებო ორგანოდან. შემდეგ გამომძიებლები მივიდნენ ჩემი დასაცავის მამასთან და მანქანიდან ამოიღეს უკანა სავარძელი. ესეც ნაბაყოფლობით მოხდა. ამის შემდეგ ჩვენ არავინ შეგვხმიანებია. ძალადობა რომ ყოფილიყო, შემაკავებელ ორდერს ხომ მაინც გამოწერდნენ?! მაგრამ ძალადობაზე არ ყოფილა ლაპარაკი. ჩემი დასაცავი ამბობს, რომ მას ბრალი არ მიუძღვის.

როცა ბავშვი გარდაიცვალა, ის მერე დააკავეს. საგამომძიებლო ორგანოებს ხელჩასაჭიდი რომ ჰქონოდათ, მანამდე წაუყენებდნენ ბრალს, მაგრამ მერე ისე შეკერეს საქმე, ლამის ილია ჭავჭავაძის მკვლელობაც დააბრალონ. ამბობენ, ვითომ ჩემმა დასაცავმა იცოდა, ის გოგონა 16 წლამდე ასაკის რომ იყო, არადა, ბავშვი თავის ჩვენებაში ამბობს, სოცქსელში 16 წელი მეწერაო. სოციალური ქსელით გაიცნეს ერთმანეთი. სამჯერ არის გოგონა დაკითხული და არც ერთ ჩვენებაში არ ამბობს, რომ მასზე ფიზიკური, სექსუალური ან ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა. მასალებს რომ გავეცანი, აღმოჩნდა, რომ სანამ ჩემი დასაცავი შეხვდებოდა, ბავშვს სხეულზე მანამდე ორი დღით ადრე ჰქონდა მიყენებული დაზიანებები.

ეს დაზიანებები ექსპერტიზის დასკვნაშიც არის აღწერილი. ახლა გოგონას დედაც ამბობს, რომ სახლში სცემეს მის შვილს. თვითონ გარდაცვლილი ჩვენებაში ამბობდა, კედელს მივარტყიო, მაგრამ იქ ისეთი დაზიანებებია აღწერილი, შეუძლებელია, მირტყმით ასეთი დაზიანება მიიღო. ეტყობა ამ ბავშვზე სახლში მანამდეც ძალადობნენ. გამოძიება არ დაეჭვებულა ამ დაზიანებების გამო და არ უცდია, გაერკვია, რა ვითარებაში მიიღო ბავშვმა დაზიანება. გოგონა ჩემს დასაცავს ეუბნებოდა, რომ სახლში სცემდნენ და შველას სთხოვდა. ბიჭსაც ჰქონდა ურთიერთობა გოგონას დედასთან და უყვებოდა, რომ მის შვილს დახმარება სჭირდებოდა. სთხოვდა ჩამოსულიყო თურქეთიდან... ამის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერებიც არსებობს... სოცმუშაკი ესწრებოდა გოგოს გამოკითხვას, მაგრამ ეტყობა, ერთი სული ჰქონდა, დოკუმენტისთვის ხელი მოეწერა და იქიდან წასულიყო. ჩანს, ამ ბავშვს ბევრი რამის თქმა უნდოდა, მაგრამ სისტემაში არ აღმოჩნდა ისეთი ადამიანი, ვინც მას მოუსმენდა. ახლა ჩემს დასაცავს დააბრალეს ყველაფერი და ისე შორს წავიდნენ, ამბობენ, ზაფხულშიც ჰქონდა ურთიერთობაო. რით უნდა დაადასტურონ ეს? ამ ბავშვს ათქმევინეს, ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ არ გამოჩნდა დეკემბრამდეო, ცოლად უნდა გავყოლოდი და დეკემბერში სამი დღე რომ არ გამოჩნდა, პოლიციას მივმართეო. ჩემი დასაცავი უარყოფდა მასთან სექსუალურ ურთიერთობას... ერთგან გოგონა ამბობს, რომ რაც ეცვა, ყველაფერი გარეცხა და კვალი შეიძლება ექსპერტიზაზე არც გამოჩნდეს... იმდენი კითხვის ნიშანია ამ საქმეში, ნუ იტყვით. ისიც უნდა დადგინდეს, ბავშვმა მართლაც თავი მოიკლა თუ სხვა რაღაც მოხდა."

ნინის თვითმკვლელობის ფაქტს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც ეხმიანება: "ეს ტრაგიკული ფაქტი არ არის განყენებული შემთხვევა... მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ პასუხისმგებელი უწყებები ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე დროულ, ეფექტიან და კოორდინირებულ რეაგირებას ვერ ახდენენ, რაც სახელმწიფოს სასწრაფო ჩარევასა და სისტემურ ცვლილებებს საჭიროებს"."

P.S. უცნობია, რა ჩვენება მისცა გამოძიებას ბაბუამ და დაიკითხნენ თუ არა ის პირები, რომელთაც გოგონას დედა შვილზე ძალადობაში ამხელს. არც ის ვიცით, ჰყავს თუ არა გამოძიებას სხვა სავარაუდო დამნაშავეები, ან რას ამბობს სოციალური მუშაკი, რა გამოეპარა მას და რატომ არ იცოდა სკოლამ ბავშვის მძიმე მდგომარეობის შესახებ არაფერი. ასევე საინტერესოა, რატომ დააკავა პოლიციამ ბრალდებული მხოლოდ მოზარდის თვითმკვლელობის შემდეგ, როცა მისი ვინაობა ორი თვით ადრე იცოდა და რატომ გაჭიანურდა არასრულწლოვანზე შესაძლო სექსუალური ძალადობის გამოძიება იმდენ ხანს, რომ საქმე თვითმკვლელობამდე მივიდა. ამ და ბევრ სხვა კითხვას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.