"ამ ბავშვების მშობლებიც 14-15 წლის ასაკში გაათხოვეს" - რა მოხდა ფონიჭალაში, რომლის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ გამოძიება დაიწყო - კვირის პალიტრა

"ამ ბავშვების მშობლებიც 14-15 წლის ასაკში გაათხოვეს" - რა მოხდა ფონიჭალაში, რომლის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ გამოძიება დაიწყო

"ამ ბავშვების მშობლებიც 14-15 წლის ასაკში გაათხოვეს. დღეს მარნეულისა და ბოლნისის სოფლებში 30 წლის ბებიებს ნახავთ"

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა არასრულწლოვანი გოგონას ნიშნობის ამსახველი ვიდეოფირი. როგორც გაირკვა, ფონიჭალაში 11 წლის გოგონა 20 წლის მეზობელმა მამაკაცმა დანიშნა. არასრულწლოვნის მშობლები ირწმუნებიან, რომ ეს მხოლოდ ნიშნობა იყო და შვილის გათხოვებას მას შემდეგ აპირებენ, რაც გოგონა სრულწლოვანი გახდება. შსს-მ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ქორწინების იძულებას გულისხმობს.

გოგონას დეიდა ირწმუნება, რომ "ეს ნიშნობა არც ყოფილა. ჩემი დისშვილის დაბადების დღე იყო, ყველანი შევიკრიბეთ. ცოტა ხანში მოვიდა ჩემი ნაცნობი ოჯახი, დედამ ტორტი მოიტანა და ჩვენი გოგოს ხელი გვთხოვა. ბიჭი 20 წლისაა, მას დიდი ხანია მოსწონს გოგო. ჩვენ უარი ვუთხარით, გოგონა ჯერ პატარაა, უნდა ისწავლოს და თუ დაელოდება, მივათხოვებთ".

ვუგარ აბდულაევი, რომელმაც გოგონა დანიშნა, გოგონას მეზობლად ცხოვრობს. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, წყვილმა მომავალში დაქორწინება ერთად გადაწყვიტა, ოღონდ როცა გოგონა 18 წლის გახდება.

სამირა ისმაილოვა, ბოლნისის საკრებულოს წევრი: - მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ უფრო სარწმუნო შსს-ს ინფორმაციაა, სადაც წერია, რომ გოგონა 11 წლის არის, ბიჭი კი 15-ის. დიახ, ორივე არასრულწლოვანია.

- ოჯახი ირწმუნება, რომ ვაჟი არ აპირებდა გოგონას ცოლად მოყვანას, ვიდრე ის სრულწლოვანი არ გახდებოდა... - იქ იყო ტორტი, რომლის წარწერა ნიშნობისთვის არის დამახასიათებელი - ტორტზე ეწერა: "უფლის ნებით და მოციქული მუჰამედის თანხმობით, გთხოვთ თქვენი შვილის ხელს". ეს იყო ნიშნობა და არა დაბადების დღე. წითელი მოსახვევიც გასათვალისწინებელია, რომელიც დაბადების დღესთან კავშირში არ არის - ეს ნიშნავს, რომ გოგონა აღარაა თავისუფალი.

- ოჯახები თავს იმართლებენ და ამბობენ, რომ წყვილმა თავად გადაწყვიტა დაოჯახება... - ტრადიციისამებრ ნიშნობიდან რამდენიმე თვეში წყვილები ქორწინდებიან. იშვიათად, რომ დიდი ხნის მერე შეუღლდნენ. როგორ შეიძლება 11 ან 15 წლის მოზარდმა თვითონ გადაწყვიტოს მსგავსი რამ? ხშირად გოგონებს სკოლაში არ ატარებენ და სრულწლოვანებამდე ათხოვებენ. ამის გამო თვითმკვლელობამდე მიყვანის ბევრი მაგალითი გვაქვს. წელიწადში 4-5 ასეთ ფაქტი ხდება, შეიძლება მეტიც იყოს, მაგრამ მალავენ. ხშირ შემთხვევაში ამის თანამონაწილენი არიან არა მარტო ოჯახები, არამედ საზოგადოება, მასწავლებლები, სკოლის დირექტორები, რომლებიც ხმას არ იღებენ. თვლიან, რომ ამით მეგობრულ ურთიერთობას გაიფუჭებენ. არასრულწლოვანი ბავშვების ქორწილებში თავად მასწავლებლები და დირექტორები დადიან.

- მაგრამ, ხომ იციან, რომ უკანონობაა?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ვინ იცავს? გასაგებია, რომ ეს წამგებიანი თემაა ნებისმიერი მთავრობისთვის, არავის უნდა მუსლიმან თემთან ურთიერთობის გაფუჭება. იშვიათად, თუ ფაქტი მაინც გახმაურდა, გირაოს სანაცვლოდ შეთანხმება ხდება და ნაცვლად იმისა, დაიცვან მოზარდის უფლებები, არღვევენ. ჩვენ სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე. დასჯის პრეცედენტები რომ არსებობდეს, დანაშაული შემცირდება. ჩემს ახლობელ ოჯახებსაც აქვთ გამოვლილი ეს, მიუხედავად იმისა, რომ პროგრესულად მოაზროვნე ოჯახები ვიყავით. ხშირ შემთხვევაში იყო და ახლაც არის საზოგადოების დიდი წნეხი...

გაცილებით მძიმე შემთხვევებიც ყოფილა, როცა ბევრად უფროს კაცს მიათხოვეს გოგონა და მერე აიძულეს ეთქვა, ნებით გავყევიო. გოგონას იქით საყვედურობენ, შენს კეთილდღეობაზე ვზრუნავდით, შენ კი ადამიანი ციხისთვის გაწირეო. თუ გოგონა დანიშნეს და მერე ქორწინება ჩაიშალა, ის უკვე გარიყულია, რეპუტაცია აქვს შელახული.

ამ ბავშვების მშობლებმაც ეს გზა გამოიარეს - ისინიც 14-15 წლის ასაკში გაათხოვეს. დღეს მარნეულისა და ბოლნისის სოფლებში 30 წლის ბებიებს ნახავთ.

- როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ელევა თემი ამ მანკიერ ტრადიციას?

- ყველაზე დიდი პრობლემა განათლებაა. ახალგაზრდებს არ აძლევენ განათლების მიღების საშუალებას, ართმევენ ნებას, თავად გადაწყვიტონ, რა სურთ. ამ მანკიერების აღკვეთაში არაერთი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა იყოს ჩართული. ეს ჩვენი საზოგადოების ტრაგედიაა. თუ ადამიანი დამნაშავეა, მას მკაცრად უნდა მოეთხოვოს პასუხი. თუ დაისჯებიან მასწავლებელი ან დირექტორი, რომელთაც აქვთ ინფორმაცია და მალავენ, სხვა იმავეს აღარ გაიმეორებს. დღეს ჩვენს სკოლებში ისევ საბჭოური დროის მასწავლებლები მუშაობენ. ისინი მაშინდელი სტერეოტიპებით გაიზარდნენ და მათი მიდგომებიც ვერ შეიცვლება. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ორი პრობლემა - განათლება და კანონის აღსრულება.