რა უნდა ვიცოდეთ ანდერძის შედგენის ეტაპზე და რა უფლებები აქვთ კანონით მემკვიდრეებს ანდერძის არსებობის პირობებში? - კვირის პალიტრა

რა უნდა ვიცოდეთ ანდერძის შედგენის ეტაპზე და რა უფლებები აქვთ კანონით მემკვიდრეებს ანდერძის არსებობის პირობებში?

რა უნდა ვიცოდეთ ანდერძის შედგენის ეტაპზე და რა უფლებები აქვთ კანონით მემკვიდრეებს ანდერძის არსებობის პირობებში? – ადვოკატი დავით მუმლაძე ანდერძთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე

სამკვიდრო ქონების მიღება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც კანონით მემკვიდრეების, ასევე ანდერძით მემკვიდრეთა მიერ. ანდერძით მემკვიდრე შესაძლებელია იყოს როგორც კანონით მემკვიდრე, ასევე ნებისმიერი პირი. ანდერძის არსებობის მიუხედავად კანონით მემკვიდრის სასარგებლოდ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამკვიდროს მიღების შესაძლებლობას სავალდებულო წილის სახით.

OK&CG–ის ადვოკატი დავით მუმლაძე განმარტავს, რომ ანდერძის არსებობის მიუხედავად მოანდერძის შვილებს, მშობლებს და მეუღლესგააჩნიათ უფლება სავალდებულო წილის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს იმ წილის ნახევარს, რასაც კანონით მემკვიდრე მიიღებდა ანდერძის არარსებობის პირობებში. ადვოკატი მემკვიდრეობასა და ანდერძთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო საკითხებზეც გვესაუბრება.

რას ნიშნავს ანდერძით მემკვიდრეობა და ვინ შეიძლება იყოს ანდერძით მემკვიდრე?

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ანდერძით მემკვიდრეობა წარმოადგენს სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ ფორმას, რაც ნიშნავს იმას, რომ ფიზიკურ პირს შეუძლია ჯერ კიდევ სიცოცხლის პერიოდში განსაზღვროს იმ პირთა წრე, ვინც მისი გარდაცვალების შემთხვევაში მიიღებს მის დანაშთ ქონებას. ანდერძით მემკვიდრე შეიძლება იყოს როგორც კანონით მემკვიდრე, ასევე ნებისმიერი პირი. შესაბამისად, მოანდერძეს შეუძლია თავისუფლად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე საკუთარი ნება-სურვილის გათვალისწინებით განსაზღვროს ანდერძით მემკვიდრის ვინაობა. ანდერძით შესაძლებელია განიკარგოს როგორც მემკვიდრებლის სრული, ასევე ნაწილი ქონება.

რა ფორმით დგება ანდერძი?

აუცილებლობას წარმოადგენს ანდერძის შედგენა პირის მიერ განხორციელდეს წერილობითი ფორმით. ანდერძის შედგენის ზეპირ ფორმას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ფიზიკური პირის მიერ მის სიცოცხლეში ზეპირი ფორმით გამოვლენილი ნება სამკვიდროს განაწილებასთან დაკავშირებით ვერ იქნება სამართლებრივი შედეგის მომტანი და არ წარმოშობს პირის მემკვიდრედ ცნობის საფუძველს. ანდერძი შესაძლებელია შედგეს როგორც სანოტარო ფორმით, ასევე მის გარეშეც, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სხვადასხვა ფორმით შედგენილი ანდერძის პირობებში უპირატესობა ენიჭება სანოტარო ფორმით შედგენილ ანდერძს.კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს ანდერძის შედგენის შესაძლებლობას ტექნიკური საშუალების გამოყენებით, თუმცა ასეთ შემთხვევაში მოანდერძის სიტყვების ჩაწერა უნდა განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ. ანდერძის შედგენისას მოწმის დასწრების აუცილებლობა და მოწმეთა რაოდენობის განსაზღვრა დამოკიდებულია ანდერძის ფორმაზე.

დასაშვებია თუ არა ანდერძის შედგენა წარმომადგენლის მეშვეობით?

მოანდერძის მიერ ანდერძი შედგენილი უნდა იქნეს პირადად და წარმომადგენლის მეშვეობით ანდერძის შედგენის შესაძლებლობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, როდესაც მოანდერძე მოკლებულია შესაძლებლობას პირადად მოაწეროს ხელი ანდერძზე, შესაძლებელია ანდერძზე ხელმოწერა განხორციელდეს სხვა პირის მიერ. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა ანდერძში მიეთითოს მიზეზი, რის გამოც მოანდერძემ ვერ შეძლო ანდერძზე ხელმოწერა, რაც, რა თქმა უნდა, გათანაბრებული არ არის წარმომადგენლის მეშვეობით ანდერძის შედგენასთან. იმ შემთხვევაში თუ მოამდერძე ყრუ-მუნჯია ან ყრუ-მუნჯი წერა-კითხვის უცოდინარია, ბრმაა ან არ შეუძლია წერა-კითხვა საანდერძო განკარგულების შედგენისას სავალდებულოა მოწმეთა მონაწილეობა.

დასაშვებია თუ არა ანდერძის შეცვლა ან გაუქმება და რა ფორმით? გააგრძელეთ კითხვა