"ოცნებიდან" გამოდის ინფორმაციები და ვიცი, რომ გავლენების გადანაწილება იწყება, ცალკეა გახარიას კლანი, ცალკე კალაძის, ცალკე თალაკვაძის... ივანიშვილი არსად წასულა" - კვირის პალიტრა

"ოცნებიდან" გამოდის ინფორმაციები და ვიცი, რომ გავლენების გადანაწილება იწყება, ცალკეა გახარიას კლანი, ცალკე კალაძის, ცალკე თალაკვაძის... ივანიშვილი არსად წასულა"

"რა ტკივილიც მაქვს გულში, ამის ახსნა ადამიანური ენით წარმოუდგენელია. მკვლელობა მკვლელობაა, მაგრამ საკუთარ შვილს შენგან ორ მეტრში, შენი სახლის მეორე სართულზე, საწოლში, მწოლიარეს რომ ასე მოგიკლავენ, ამის გაძლება ადამიანისთვის უმძიმესია"

მალხაზ მაჩალიკაშვილი ოპოზიციის გამართულ აქციებში ყოველთვის მონაწილეობს. შაბათს ხეობიდან ჩამოვიდა და ნიკა მელიას საქმის ირგვლივ გამართულ აქციებზეც გამოჩნდა. ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს პირადად შეხვდა და მხარდაჭერა აღუთქვა. ფიქრობს იმასაც, რომ ხელისუფლებაში ვინმე გონიერი გამოჩნდება, ვინც არ დაუშვებს ნიკა მელიას დაკავებას. სამ წელზე მეტია, ითხოვს მისი შვილის სიკვდილში დამნაშავეების დასჯას, თუმცა ამას ვერ მიაღწია. ამ და სხვა საკითხებზე გთავაზობთ ინტერვიუს მალხაზ მაჩალიკაშვილთან.

- ბატონო მალხაზ, ცნობილია, თქვენი შვილის საქმე დახურა პროკურატურამ, მაგრამ ამის მიუხედავად, ბრძოლას აგრძელებთ და სტრასბურგში გასაჩივრებული გაქვთ ეს საქმე. რამე სიახლე ხომ არ არის?

- ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ არის ჩემი შვილის საქმეში. იცით, რომ საქმე დაიხურა, გამოძიება შეწყვეტილია. ამ ხელისუფლების პირობებში, ალბათ, ეს ასე იქნება, სხვა პერსპექტივას ვერ ვხედავ. ახლა ველოდები სტრასბურგიდან პასუხს, ვფიქრობ, ამ თვის ბოლომდე რაღაც პასუხი მოვა იქიდან. გუშინ შევხვდი ჩემს ადვოკატებს და ყველანი სტრასბურგიდან ველოდებით პასუხს. ფარ-ხმალი ერთი წუთითაც არ დამიყრია ამ უთანასწორო ბრძოლაში, ეს არასდროს იქნება, არავითარ შემთხვევაში არ დავყრი ფარხმალს, ველოდები მეც მოვლენების განვითარებას. ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, ყველა ის ადამიანი, ვინც ამ საქმეში იყო გარეული, ვისი ხელებიც არის თემირლანის სისხლით გასვრილი, ყველა უკლებლივ დაისჯება. ამას გარანტიით ვამბობ.

ძალიან ძნელია, როცა ქვეყანაში სამართალს ვერ პოულობ, ამდენი ხანი ქუჩაში ვიდექი და ვითხოვდი საქმის ობიექტურ გამოძიებას. არ გავჩერებულვარ, ამ პანდემიის ჟამსაც. კვირაში 3-ჯერ მაინც მიწევს, სადღაც, რომელიმე ტელევიზიით კომენტარის გაკეთება ან გამოსვლა. სადაც პროტესტია, ყველგან ვარ. ერთი წუთით არ შემიწყვეტია ჩემი პროტესტი, მე დღესაც ქუჩაში ვარ. პროტესტი შენელებული არ არის, უბრალოდ, ისეთი დოზით რომ არ არის, ეს ყველაფერი გამოიწვია კოვიდმა. სამი ზამთარი გარეთ, ქუჩაში გავატარე, სამართლის პოვნის მოთხოვნით. ასეთ ძაღლურ, არაადამიანურ ქუჩის ცხოვრებას როცა გადიხარ, სადღაც ორგანიზმი დაზიანებასაც იღებს, მაგრამ სერიოზული არაფერი მქონია. პატარა ჯანმრთელობის პრობლემები არის. რაც შეეხება ამ გამოვლილ ბრძოლას, რა მოლოდინი მქონდა, ეს მეორე საკითხია, მაინც მქონდა მოლოდინი იმის, რომ როგორმე ეს მახინჯი სისტემა, ეს ხელისუფლება რაღაცას მოიმოქმედებდა, ვიღაცას დასჯიდა, მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა. ამ მახინჯმა სისტემამ გადაწყვიტა, დამეჯახოს მთელი ძალებით და დღესაც მებრძვიან. რა ტკივილიც მაქვს გულში, ამის ახსნა ადამიანური ენით წარმოუდგენელია. მკვლელობა მკვლელობაა, მაგრამ საკუთარ შვილს შენგან ორ მეტრში, შენი სახლის მეორე სართულზე, საწოლში, მწოლიარეს რომ ასე მოგიკლავენ, ამის გაძლება ადამიანისთვის უმძიმესია. შეიძლება ადამიანი ამ ერთი ტკივილით გაგიჟდეს, შეიშალოს, ძნელია, ამას გაუძლო. ამას ემატებოდა მეორე, ძლიერი ტკივილი, როცა ასეთი საშინელი ამბავი ხდება და პირიქით - აქეთ გადანაშაულებენ საკუთარი ტყავის გადასარჩენად, რომ თითქოს შენ და შენი შვილი ტერორისები ხართ. ეს უკვე კატასტროფაა. როდესაც ამ სიბინძურის "გასაპრავებლად" პირდაპირ სახელმწიფო დაგეტაკება მთელი თავისი სიძულვილით, ყველანაირი ნაძირლობით, ამის გაძლება უბრალოდ შეუძლებელია. მაშინ ადამიანს მართლა უნდა აღმოაჩნდეს ღმერთისგან მიცემული ძალა, ეს ყველაფერი რომ აიტანო, ეს ტკივილი აიტანო. არ ვიცი, რა ვთქვა. ზოგჯერ, როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობ, ვრჩები გაოცებული, ადამიანმა როგორ შეიძლება ამდენი აიტანო და ამდენს გაუძლო. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, დავდივარ, ვაპროტესტებ, არ ვიცი, ამას რა დავარქვა, ალბათ, მიწიერი ჯოჯოხეთია ეს ყველაფერი და ამ ჯოჯოხეთს უნდა გავუმკლავდე, ასე თუ ისე.

- ბატონო მალხაზ, სოსო გოგაშვილს ადანაშაულებთ მომხდარში, ის ახლახან გამოჩნდა ტელევიზიით და სკანდალური განცხადებები გააკეთა. ხომ არ გაქვთ მოლოდინი, რომ ოდესმე თქვენი შვილის საქმეზეც უფრო მეტს იტყვის?

- გოგაშვილთან უამრავი კითხვა მაქვს, პირადად მასთან მაქვს კითხვები და პირდაპირ ის არის დამნაშავე ჩემი შვილის სიკვდილში. სხვებიც არიან დამნაშავეები, მაგრამ სხვა დანარჩენები დღემდე დუმან მაინც და მე არ მებრძვიან. ეს ერთი, გოგაშვილი არ ჩერდება. უცნაური და უაზრო ტყუილზე შექმნილია მისი განცხადებები. იძახდა, ჩატაევი თემირლანს დაუკავშირდა, შემდეგ თემირლანი მამამის დაუკავშირდა და ბევრი სხვა სისულელე თქვა. ჩვენ ვხედავთ ხანდახან რომ გამოჩნდება და ისაუბრებს. რამდენიმე დღის წინ მიცემული მისი ინტერვიუ პირდაპირ იყო მცდელობა ჩემი გადმოსახედიდან იმის, რომ აპირებს ეკლესიაში შეძვრეს ან რომელიმე პარტიაში გაწევრდეს. ტერორისტები თუ ჩამოვიშორე, შეიძლება შევიდე რომელიმე პარტიაშიო, რომ თქვა, მე მგულისხმოდა, ალბათ. სადაც უნდა, იქ შეუძლია შევიდეს, თუნდაც ჯოჯოხეთში წავიდეს, მაგრამ მაჩალიკაშვილს გოგაშვილი ვერ გადაურჩება. 3 წელი გავიდა და ნუ ჰგონია, გადაურჩა ამ ყველაფერს, ჰგონია, გადაურჩა მაჩალიკაშვილს? - ნურას უკაცრავად, არსად წაუვა მაჩალიკაშვილს, ვერ გაექცევა, თუ მაჩალიკაშვილი არ იქნება, სხვა იქნება და, საბოლოოდ, მაინც ვერ გაექცევა იმ სისაძაგლეს, რაც გააკეთა, ეს გოგაშვილმაც კარგად იცოდეს და იმ დანარჩენებმაც. უკვე მეოთხე წელია, ვიბრძვი და ვითხოვ სამართალს. ყველაფერი გადავდე, რაც გამაჩნდა, ყველაფერი წავიდა, დიდი ვალებიც ავიღე, ადამიანისთვის ვალებიც ძნელია, მაგრამ სხვა არაფერი მაინტერესებს, გარდა იმის, რომ ჩემი თემირლანის სიკვდილი არავის შერჩეს. ეს არავის შერჩება და ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან.

- დღეს ნიკა მელიას აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს სასამართლო, თქვენ გამოჩნდით გუშინ აქციაზე, სადაც ამ ფაქტს აპროტესტებდნენ, როგორ ფიქრობთ, მიუსჯიან პატიმრობას? - შაბათს ჩამოვედი ხეობიდან, გუშინ ვიყავი აქციაზე და წინა დღეს ნიკა მელიასთანაც ვიყავი ოფისში. ამ საქმეზე ყველას თავისი აზრი და ხედვა აქვს, ყველა ვარაუდობს, რომ დააკავებენ, მაგრამ ჩემი ვარაუდით, ნიკა მელიას არ დაიჭერენ. თუ დაიჭერენ, ეს არ მოხდება იმიტომ, რომ ნიკა დამნაშავეა. თუ ეს მოხდება, მაშინ გამოდის, უნდა დაიჭირონ ყველა, ვინც გავრილოვის, ჩვენი სამშობლოს მტრის ჩამოსვლა გააპროტესტა. ეს არის იმის მცდელობა, რომ უნდათ, ერთ-ერთი მსხვილი, ოპოზიციური პარტია შეასუსტონ. ასე ვხედავ ამას. არ მინდა დავიჯერო, რომ მთავრობაში ვერც ერთი ადამიანი ვერ აზროვნებს. ასე თუ ისე, ხელისუფლებაში ხომ სხედან ზოგიერთები, ალბათ, ისეთები, რომლებსაც მოეკითხებათ ჭკუა და არა მგონია, ისინი ნიკას დაჭერაზე წავიდნენ.

- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას როგორ შეაფასებთ? - ივანიშვილი არსად წასულა და არც წავა, მას თუ გააგდებენ ქვეყნიდან და არ იქნება ზეწოლა ამერიკიდან და ევროპიდან. როგორც კი შეიცვლება ამერიკაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია, იმედი მაქვს, აქაური ხელისუფლებაც მიიღებს იქიდან მესიჯებს, რომ ასე არ შეიძლება. ივანიშვილმა ტრიუკი გამოიყენა, ეს თავის გადარჩენის მცდელობაა. იგი განზე გავიდა, კულისებიდან რომ მართოს დღევანდელი თავისი "შაიკა". არსად წასულა. თუმცა რაღაც მომენტებში მისი ეს ნაბიჯიც დაასუსტებს მმართველ გუნდს, ამაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული. შიგნიდანაც გამოდის ინფორმაციები და ვიცი, რომ გავლენების გადანაწილება იწყება, ცალკეა გახარიას კლანი, ცალკე კალაძის, ცალკე თალაკვაძის და მდინარაძის კლანიც არის, როგორც ვიცი. შიგნით დიდი ამბები მიდის. ბიძინა ივანიშვილის შავი ფარდის უკან ამოფარება "ქართულ ოცნებაში" სისუსტეს მაინც გამოაჩენს.

(სპეციალურად საიტისთვის)