"რენში "კანონიერი ქურდები" დააკავეს - ქართული მაფიის 15 წევრი" - რას წერს ფრანგული გამოცემა მასშტაბურ სპეცოპერაციაზე? - კვირის პალიტრა

"რენში "კანონიერი ქურდები" დააკავეს - ქართული მაფიის 15 წევრი" - რას წერს ფრანგული გამოცემა მასშტაბურ სპეცოპერაციაზე?

ფრანგული გაზეთ "ლე მონდში" (Le Monde) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "რენში "კანონიერი ქურდები" დააკავეს - ქართული მაფიის 15 წევრი", რომელშიც გადმოცემულია ბრეტანის პროვინციის ქალაქ რენში პოლიციის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგები (ავტორი - რემი დიუპრე). გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

"პოლიციის სპეცოპერაციის "ნადავლი" თითქმის ორწლიანი გამოძიების შემდეგ რენის პროკურორმა ფილიპ ასტრიუკმა 16 თებერვალს "ორგანიზებული დამნაშავეობრივი ჯგუფის "ლიკვიდირება გამოაცხადა: "რუსულენოვანი" ქართული მაფიის 15 წევრი, ე.წ. კანონიერი ქურდები, ძარცვისა და მაფიურ დაჯგუფებებში "ფულის გათეთრების" გამო არიან დაკავებულნი. მათ რიცხვში ფიგურირებს "კანონიერი ქურდი" ანუ ორგანიზაციის მეთაური, "58 წლის მამაკაცი, რომელმაც ეს "წოდება" 1990-იან წლებში მიიღო. იგი ქალაქ ლა-როშ-სიურ-იენში ცხოვრობდა და ოთხ ჯგუფს აკონტროლებდა საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, ბრეტანიდან აქვიტანიამდე. 9-10 თებერვალს ოთხი დეპარტამენტში სულ 27 სავარაუდო დამნაშავე დააკავეს.

კლანური სტრუქტურა "ჩხრეკის შედეგების მიხედვით, კონფისკებული იქნა დიდი რაოდენობით მოპარული ნივთები - ტანსაცმელი, ინსტრუმენტები, სპირტიანი სასმელები, სუნამოები და ტყავის ნაწარმი, - აზუსტებს რენის პროკურორი, - გარდა ამისა, ამოღებულია 280 ბლოკი სიგარეტი, ალუმინის პაკეტები, რომლებსაც  მაღაზიების საძარცვავად იყენებენ და ავტომობილ Peugeot-ის გასაღებები მათ გასატაცებლად. აგრეთვე, აღმოჩენილი იქნა გადაჭრილი თოფები და მასრები, ჯავშანჟილეტები... და ბოლოს, იპოვეს 5 ავტომობილი, დიდძალი ძვირფასეულობა და 53 ათასი ევრო, ნაღდი ფულის სახით".

როგორც საფრანგეთის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს პრესმდივანი, კომისარი სონია ფიბლი ამბობს, სისხლის სამართლებრივმა ოპერაციამ "კანონიერი ქურდების" დაჯგუფების "იერარქიული, პირამიდული და კლანური სტრუქტურა" გამოავლინა. რენის პროკურატურის მტკიცებით, "კანონიერი ქურდების" ორგანიზაცია პირველად 1920-იანი წლების რუსულ საპყრობილეებში ჩაისახა, შემდეგ კი იერარქიულ სტრუქტურად გარდაიქმნა, რომლის სათავეში იდგა ქურდი - "კლანის ლიდერი".

სონია ფიბლის თქმით, "კანონიერი ქურდები" მაღალი მობილურობით გამოირჩევიან, არიან ქონების მითვისების საქმის სპეციალისტები, ხელმძღვანელობენ მაღაზიების, დაწესებულებებისა და კერძო პირების ძარცვას. "ქურდული ორგანიზაციის" სათავეში დგანან ისეთი ქურდები, რომლებიც "ღირსების კოდექსს" იცავენ და "კანონიერი ქურდის" კორონაციის რიტუალს გადიან, თუმცა ეს წოდება სამუდამო არ არის. "ლიდერი ქურდების" შემჩნევა შესაძლებელია შთამბეჭდავი ტატუირებით - ე.წ. ქარის ვარდით (მაგალითად, მხარზე), თუმცა ბოლო დროს ამ განმასხვავებელ ნიშანზე უარს ამბობენ - პოლიციის ყურადღება რომ არ მიიქციონ.

"კანონიერი ქურდები" და მდიდარი ქვეყნები

ორგანიზაციის ერთ-ერთი სპეციფიკაა მოქმედების სისწრაფე - ქურდული შემოსავლების "გარეცხვა" მათი გაყიდვის მეშვეობით (ვთქვათ, ავტოსახელოსნოებში, მცირე მაღაზიებში) და დუმილის პრინციპი. "საქართველოსა და რუსეთში არსებობს მკაცრი კანონმდებლობა, შესაბამისად, "კანონიერ ქურდებზე" ძლიერი ზეწოლა ხორციელდება. ასეთმა სიტუაციამ ისინი აიძულა, დასავლეთი ევროპის მდიდარ ქვეყნებში გადაბარგებულიყვნენ, - განმარტავს სონია ფიბლი, - თუმცა ბოლო დროს კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა მათი გადაადგილების აქტიურობა შეამცირა, უკანონობის ტალღა შეაჩერა".

ქურდულმა ორგანიზაციამ განსაკუთრებული აქტიურობა გააჩაღა საფრანგეთში: 2019 წლის დეკემბერში ექს-ან-პროვანსის სასამართლომ ქართველ კახაბერ შუშანაშვილს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა დაპირისპირებული კლანის წევრის წინააღმდეგ განხორციელებული შეკვეთილი მკვლელობის გამო, რომელიც მარსელში 2010 წელს მოხდა. კახაბერ შუშანაშვილი ერთ-ერთ ცნობილ "კანონიერ ქურდად" ითვლებოდა". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ