შსს „ნაცმოძრაობის" ოფისსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროვებს - კვირის პალიტრა

შსს „ნაცმოძრაობის" ოფისსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროვებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროვებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ მიმართავს პოლიცია ნიკანორ მელიას, ასევე, იქ შეკრებილ მოქალაქეებს და "აძლევს გონივრულ ვადას, დაემორჩილონ სამართალდამცველების მოთხოვნებს".

"სამინისტროს მიერ ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.

საპოლიციო ღონისძიების მსვლელობისას, სამართალდამცველებმა შეკრებილებს შენობიდან გასვლის შესაძლებლობა მისცეს და ამ მიზნით უსაფრთხო დერეფანი უზრუნველყვეს. შეკრებილების ნაწილმა ისარგებლა აღნიშნული დერეფნით და დატოვა შენობა, ნაწილმა კი განაგრძო წინააღმდეგობა და ძალადობრივი ქმედებები, რის ამსახველი კადრებიც საზოგადოებამ არაერთი ტელეკომპანიის პირდაპირ სატელევიზიო ეთერებში, ასევე, სოციალური ქსელში გავრცელებული სხვადასხვა ვიდეოში ნათლად იხილა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობისა და წინააღმდეგობის ამსახველ ყველა ფაქტს შეისწავლის და მათზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

"ინტერპრესნიუსი"