"მომაკვდავ პატიმრებს საავადმყოფოს კარზე ააყუდებდნენ და პატრონს ურეკავდნენ, თქვენი შვილი თავისუფალია და მოაკითხეთო" - კვირის პალიტრა

"მომაკვდავ პატიმრებს საავადმყოფოს კარზე ააყუდებდნენ და პატრონს ურეკავდნენ, თქვენი შვილი თავისუფალია და მოაკითხეთო"

"არანაირი ბუნტი არ ყოფილა. ეს პროვოკაცია იყო პატიმრების ხოცვა-ჟლეტისთვის"

პატარა, ნესტიან ოთახში ახალგაზრდა კაცს შავებში ჩაცმული დედა სასთუმალთან უზის. საწოლზე მიჯაჭვულ ახალგაზრდას სახე ემანჭება და დედას სთხოვს, სასწრაფო დახმარებას გამოუძახოს. უკვე მერამდენედ მოდის - გუშინაც იყვნენ, გუშინწინაც...

ციხეებში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე არაერთი პუბლიკაცია გამოქვეყნდა. ციხეებში ტუბერკულოზის ეპიდემიისა და სიკვდილიანობის გამო ციხის ადმინისტრაციამ სახალხო დამცველის მკაცრი შეფასებაც დაიმსახურა - ქართულ ციხეს "სიკვდილის ექსპორტიორი" უწოდა. თუმცა არავის დაუთვლია და შეუფასებია ის ადამიანური ტრაგედიები, რაც ციხეში სასტიკი მოპყრობის გამო გათავისუფლების შემდგომაც გაგრძელდა.

ლოგინს მიჯაჭვული 37 წლის დავით გაიხარაშვილი  ციხეში დაინვალიდდა, მისი ოჯახის ტრაგიკულ ყოფაზე კი პასუხი არავის უგია. დაინვალიდებული ახალგაზრდა დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი, უსახლკარო ოჯახების სიაშია, რადგან ციხეში მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად დედამ ყველაფერი გაყიდა(!).

დავით გაიხარაშვილი, ყოფილი პატიმარი: - 2006 წელს დამაპატიმრეს, ბრალად ავტოსატრანსპორტო საშუალების ქურდობაში ხელშეწყობა დამედო. 14 კაცი მყავდა მოწმედ, რომ იმ დღეს თბილისში არ ვიყავი, მაგრამ სასამართლომ უარი თქვა მოწმეების დაკითხვაზე. წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ეგრეთ წოდებულ გუბერნსკის ციხეში გადამიყვანეს. კარანტინიდან პირდაპირ ციხის ე.წ. ბუნტში მოვყევი.

იმავე ღამით "შუმოკი" დაიწყო. სხვათა შორის, არანაირი ბუნტი არ ყოფილა. ეს პროვოკაცია იყო პატიმრების ხოცვა-ჟლეტისთვის.

ჩემი საკანი მეორე სართულზე იყო. ხმაური რომ დაიწყო, ციხის ადმინისტრაცია გაიპარა და ყველა საკნის კარი გაიღო.

KvirisPalitra.Ge- ციხის ადმინისტრაციამ გააღო?

- ჩაკეტილმა პატიმარმა რა იცის, ვინ გააღო საკნის კარი? კანონით დადგენილია, რომ თუ პატიმარი არ ტოვებს შენობას, სროლის უფლება არავის აქვს, მაგრამ ციხეში ხოცვა-ჟლეტა დაიწყო. როგორც კი საკნის კარი გაიღო, ტყვიების წვიმა წამოვიდა. პატიმრები იძულებული გავხდით ჯერ მესამე სართულზე, შემდეგ მეოთხეზე გადაგვენაცვლა. ავტომატის ლულებს საკნებში ჰყოფდნენ და მიჯრით ისროდნენ, კორიდორში კი ერ-გე-დეების ხმა ისმოდა.

ერ-გე-დეს სროლისას უდიდესი წნევა წარმოიქმნება, დახურულ სივრცეში მისი გამოყენება არ შეიძლება.

მეოთხე სართულზე ერთ-ერთ საკანს შევაფარეთ თავი. ამ ჯოჯოხეთში შევამჩნიე, რომ ჩემ გვერდით 19 წლის ბიჭი დაეცა. 4 ტყვია მოხვდა მუცელში და სისხლისგან იცლებოდა. მისი საკანში დატოვება სიკვდილს ნიშნავდა. ყოფილი მოჭიდავე ვარ, ძიუდოისტი. კარგად ვიყავი ფიზიკურად მომზადებული და ვიფიქრე, რომ კორიდორის გავლას შევძლებდი...

- რომელი კორიდორის?

- სპეცრაზმელებს კიბეებზე კორიდორი ჰქონდათ გაკეთებული და ხელკეტებს გამეტებით გვირტყამდნენ. დაჭრილი ხელში ავიყვანე და გავიქეცი. მივრბივარ და აქეთ-იქიდან გამეტებით მირტყამენ.

ოთხი სართული ასე ჩავირბინე და როგორც იქნა, ჩავაღწიე პირველ სართულზე და ბიჭი "ვარონკაში" დავაწვინე. მახსოვს, დაჭრილები და დახოცილები თევზებივით იყვნენ ჩაწყობილი. მერე გონება დავკარგე. აზრზე რომ მოვედი, თურმე მე-6 საპყრობილეში გადავუყვანივარ. ხელზე მყესები მქონდა დაწყვეტილი, ფეხი რამდენიმე ადგილზე მოტეხილი, თავი შუბლიდან თხემამდე  - გადაჩეხილი, ხერხემალი - დაზიანებული...

ერთი ექიმი იყო - დავითი, მან გადამარჩინა. ამდენი მოტეხილობის გამო ანთებითი პროცესი დამეწყო და კოკსართროზი განმივითარდა. ციხეში დამმართეს ც ჰეპატიტი და ათაშანგიც, რადგან ერთი და იმავე ნემსს ათობით პატიმარს უკეთებდნენ. ფეხზე ვეღარ ვდგებოდი, ვეღარ დავდიოდი და, როგორც იქნა, ციხის საავადმყოფოში გადამიყვანეს, იქიდან კი მიხაილის საავადმყოფოში და მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირება გამიკეთეს. ჯერ ძაფებიც არ მქონდა ახსნილი, ციხეში რომ დამაბრუნეს. ოპერაციის შემდეგ ფეხი მიყანყალებდა.

რამდენიმე თვეში მეორე ფეხზეც გამიკეთეს. როცა ციხის საავადმყოფოში დამაბრუნეს და რენტგენი გადამიღეს, დადგინდა, რომ ოპერაცია ცუდად მქონდა გაკეთებული - მოგლეჯილი ხრახნები დაიძრა და ახლა მუცლის ღრუსთან მაქვს მობჯენილი, როდის გაიხვრიტება მუცლის ფარი, კაცმა არ იცის. გაუსაძლისი ტკივილი მაქვს. დედაჩემმა, ციხეში რომ ჩემი სიცოცხლე შეენარჩუნებინა, სახლ-კარი გაყიდა. ახლა ვართ ასე უსახლკაროდ. რამდენიმე თვეა ბინის ქირასაც ვეღარ ვიხდით და მეპატრონე ბინის დაცლას გვთხოვს. ამ სახელმწიფომ დამიბრუნოს ის, რაც წამართვა, სხვას არაფერს ვითხოვ. ისევ ოპერაცია მჭირდება, მაგრამ სიძვირის გამო ეს ხელმიუწვდომელია ჩემთვის.

ციცო გიგაური, დავითის დედა: - სამი შვილი მყავდა, ორი მომიკლეს. მათი მკვლელობის საქმეები დღემდე გამოუძიებელია. დათო, ფაქტობრივად, გამოვისყიდე ციხიდან. მის გადასარჩენად ბოლომდე ვიბრძოლე. ექიმი თავად შემყავდა, ასობით ლარის წამალს ვყიდულობდი ყოველდღიურად.

რაც ციხის საავადმყოფოში ვნახე, იმის ნახვას არავის ვუსურვებ. მომაკვდავ პატიმრებს საავადმყოფოს კარზე ააყუდებდნენ და პატრონს ურეკავდნენ, თქვენი შვილი თავისუფალია და მოაკითხეთო. ერთხელ ჩემ თვალწინ ასე ააყუდეს კარზე ახალგაზრდა ბიჭი. დედა რომ მოვიდა, ფეხზე რეზინის ფეხსაცმელები ეცვა, ტაქსის ფულიც არ ჰქონდა, შინ რომ წაეყვანა მომაკვდავი შვილი. ტაქსი ავიყვანე და მომაკვდავი რის ვაი-ვაგლახით ჩავსვით მანქანში. ტაქსი დაძრული არ იყო, რომ სული განუტევა. ციხის კართან დაიღუპა მაგრამ უკვე "თავისუფალი" იყო და მისი სიკვდილი სტატისტიკაში არ ასახულა.

ჩემი შვილიც ვადამდე გაათავისუფლეს, ინვალიდი და გაუბედურებული. დღემდე გაუსაძლის ტკივილს იტანს.

დავით გაიხარაშვილი: "რამდენი ყოფილი პატიმარია ჩემსავით დაინვალიდებული, ვინ იცის! ბუნტის ღამეს ციხეში ჯერ კიდევ არ მქონდა განაჩენი გამოტანილი. იქნებ უდანაშაულოდ ვეცნე. ციხის საავადმყოფოში მივხვდი, რომ უპატრონო პატიმარი განწირულია; ვინც მოდიოდა გარედან, არასამთავრობო სექტორი თუ სხვა, ხშირად მხოლოდ ერთი ფრაზა გვესმოდა: "დახურეთ კარი, რა სუნია!"