"უკვე დაცვის მხარესაც აღარ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ხუთივე ბრალდებულმა ჩაიდინა მკვლელობა" - კვირის პალიტრა

"უკვე დაცვის მხარესაც აღარ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ხუთივე ბრალდებულმა ჩაიდინა მკვლელობა"

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, უკვე დაცვის მხარესაც აღარ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ხუთივე ბრალდებულმა ჩაიდინა მკვლელობა.

როგორც პროკურორმა განმარტა, ადვოკატების პოზიცია ჰაერში გასროლილი სიტყვებია. როგორც ყაზარაშვილი აღნიშნავს, ადვოკატები ზღაპრებს ჰყვებიან, რისიც უკვე აღარავის სჯერა.

"ბრალდების მხარემ გასულ სხდომაზე დაასრულა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა და კიდევ ერთხელ, სასამართლოში ხაზი გაუსვა იმას, რომ ხუთივე ბრალდებულის მიერაა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ჩადენილი, ამაში ჩემი აზრით, ეჭვი დაცვის მხარესაც აღარ ეპარება.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომელიც დღეს უნდა მოვისმინოთ, ვფიქრობ, რომ დაცვის მხარეს სათქმელი ბევრი არაფერი აქვს. ჰაერში გასროლილი სიტყვები, რომელიც აქამდე გვესმოდა, არანაირად არ იყო დასაბუთებული, რაც სასამართლო პროცესზე გამოჩნდა. ბრალდებულების, ნიკოლოზ რევაზიშვილის და ვასილ მახარაძის დაკითხვის შედეგად ის სიცრუე გამოვლინდა, რომელშიც ისინი გამოჭერილი იქნენ სასამართლო პროცესზე და თავადაც ვერ მოუძებნეს ახსნა იმ ტყუილებს, რომელსაც სასამართლო პროცესზე ამბობდნენ. ნიკოლოზ რევაზიშვილის ჩვენებით დადასტურდა ყველა ტყუილი, რაც იქამდე დაცვის მხარის მიერ იყო ნათქვამი. მთელი ამ პროცესების განმავლობაში, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი აპელირებდნენ, რომ თითქოს, "გუგლმეფში" დამახსოვრებული იყო გადაადგილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია და თურმე, გამოძიებამ ეს ინფორმაცია წაშალა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არცერთ მათგანს მომხდარი ფაქტის დროს ჩართული არ ჰქონდა ინტერნეტი. ნიკა რევაზიშვილს ათქმევინა ყველამ თავისი სათქმელი სასამართლოს წინაშე, თუმცა, მანაც სასამართლოში ბოლომდე ვერ მიიტანა ეს ყველაფერი, ვინაიდან ის თავიდან ბოლომდე ცრუობდა. რაც შეეხება ბრალდებულების საბოლოო სიტყვას, მათ სასამართლოში ჩვენება არ მისცეს, რადგან როგორც რევაზიშვილის შემთხვევაში, აირეოდნენ და სასამართლომდე ელემენტარულ სათქმელს ვერ მიიტანდნენ. მათ ურჩევნიათ, ჩვენება მისცენ იმ პირობებში, როცა კითხვა არ დაისმება და ამ პირობებში უფრო მეტი ტყუილის თქმას შეძლებენ სასამართლოში. თუმცა, ყველა მათი ტყუილი უკვე გამოკვეთილია და არავინ დაიჯერებს იმ ზღაპრებს, რასაც დაცვის მხარე ჰყვება", - განაცხადა ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა კი ჟურნალისტებს განუცხადა - "როგორ შეიძლება რაიმე სახით წარმოვიდგინოთ, რომ ამ საქმეზე შეიძლება სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს".

როგორც ის განმარტავს, აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც დაადასტურებდა იმას, თუ ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი.

"ჩვენ შევეხებით ყველა იმ მტკიცებულებას, ექსპერტიზის ყველა იმ დასკვნას, ყველა მოწმის დაკითხვას, რომელიც პროცესზე იქნა გამოკვლეული. კიდევე ერთხელ აღვნიშნავთ სასამართლოს წინაშე, რომ არც ერთი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი სასამართლო სხდომებზე, რომელიც დაადასტურებს არასრულწლოვნების და ბრალდებულების შემხებლობას გიორგი შაქარაშვილთან. ექსპერტიზის არც ერთი დასკვნა არ არის წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებს ბრალდებულების შემხებლობას გარდაცვლილ შაქარაშვილთან. ერთი მოწმე არ წარმოუდგენია ბრალდების მხარეს, რომელიც იტყოდა, რომ ე.წ. შემთხვევის ადგილზე მოხდა ჩხუბი, რომ ვინმემ სცემა გიორგი შაქარაშვილი და ვინმემ წყალში ჩააგდო. ასეთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. სასამართლოს მივუთითებთ, რომ ერთადერთი და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც გამამართლებელი განაჩენია. იმის ფონეზე, როცა ბრალდების მხარეს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება რაიმე სახით წარმოვიდგინოთ, რომ ამ საქმეზე შეიძლება სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს",- განაცხადა გელხაურმა.

ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა სამარცხვინო იყო და "სწორედ ის ჰგავდა ჰაერში გასროლილ სიტყვებს". აღნიშნულით ადვოკატმა პროკურორის კომენტარს უპასუხა, რომელიც მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სიტყვები ჰაერშია გასროლილი.

მამულაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება.

"ჰაერში გასროლილი სიტყვები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვა იყო, იმდენად სამარცხვინო სიტყვა ჰქონდათ, სასამართლოს ვერ წარუდგინეს და არც ჩვენ არ მოგვცა, მიუხედავად იმისა, რომ წერილობით ჰქონდათ წარმოდგენილი. რაც შეეხება ჩვენს დასკვნით სიტყვას, ჩვენ პრაქტიკულად მივუდექით, კომპაქტური დასკვნითი სიტყვაა, პრეზენტაციებით, უფრო აღქმადი და სასამართლო ჩვენი სიტყვის შემდეგ უფრო დარწმუნდება, რომ ამ საქმეზე უალტერნატივოდ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს",- განაცხადა მამულაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"