"ოქრუაშვილის ბრძანებით მომხსნეს სამსახურიდან, სააკაშვილის დავალებით ჩემი დაჭერაც უნდოდათ, სცადეს, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ოქრუაშვილის ბრძანებით მომხსნეს სამსახურიდან, სააკაშვილის დავალებით ჩემი დაჭერაც უნდოდათ, სცადეს, მაგრამ..."

არქივი, გამოქვეყნებულია - 3 მარტი 2021 წელი

"ერთი სურვილი მაქვს: ძალიან მინდა კახი კალაძეს შევხვდე და ვესაუბრო იმ თემებზე, რაც მნიშვნელოვანია თბილისისთვის. ძალიან მომწონს, რასაც კალაძე აკეთებს, მომწონს მისი ცხოვრების წესიც"

ქალბატონ ციცო კიკალიშვილს მოსაყოლი და გასახსენებელი მართლა ბევრი აქვს. პოლიციის პოლკოვნიკი ქალი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში წლების განმავლობაში მუშაობდა და ამ ხნის მანძილზე უწყებამ 14 მინისტრი გამოიცვალა. სააკაშვილის მმართველობის დროს კი, იმის გამო, რომ ბავშვების გრანტების მისაკუთრებაზე უარი თქვა, გამოცდილი კადრი სისტემიდან დაითხოვეს.

"გზის" #6-ში მასთან ინტერვიუ შემოგთავაზეთ და ახლა საინტერესო საუბარს ვაგრძელებთ.

ციცო კიკალიშვილი:

- ერთი თუში გოგონა სასჯელს იხდიდა, საოცარ ლექსებს წერდა. ფაქიზი სულის პატრონი იყო, მაგრამ - დაუმორჩილებელი. ერთ დღეს ჩემთვის მოძღვნილი ლექსი წამიკითხა. ძალიან ამაღელვებელი სიტყვები ეწერა: "თუ სალოცავად ხატთან მიდიან, მე სალოცავად თქვენთან მოვედი!.."

ერთ დღეს მოხუცი მამაკაცი შემოვიდა კაბინეტში, ჭაღარა თმით, წვერმოშვებული, ყაბალახმოხვეული. მომესალმა, დაჯდა მაგიდასთან და ცხვირსახოცში გახვეული რაღაც შეკვრის გახსნა დაიწყო; მითხრა, - სულ ეს არის, რისი მოგროვებაც შევძელიო, - და რამდენიმე ოქროს ნაკეთობა წინ დამილაგა. - აიღეთ და გთხოვთ, ჩემი შვილი საახალწლოდ სახლში გამოუშვითო. სამეგრელოდან, სოფელ ნოსირიდან გულნაზი მყავდა და მამამისი აღმოჩნდა. - მე ეს არ მჭირდება, ახლავე აიღეთ და წადით აქედან; თუ ამას გააკეთებთ, პირობას გაძლევთ, 31 დეკემბერს თქვენი შვილი თქვენთან იქნება, მაგრამ თუ საუბარს გააგრძელებთ, თქვენს შვილს არ გამოვუშვებ-მეთქი. კაცი ნელი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან. თურმე კიბეზე ჩამომჯდარა და ტირილი დაუწყია. შვილი მამასთან მისულა და უკითხავს, - ასეთი რა გითხრა ციცომ, რომ ტირიო? მამას მოუყოლია შვილისთვის ყველაფერი და ისიც, როგორ გაუცრუვდა იმედი. გოგონას მამისთვის უთქვამს, - როგორ არ მითხარი, თუ ამას აპირებდი, ეგ არ არის ის ქალი, ოქროული აეღოო.

გულნაზს მოსახდელი რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, ეს სასჯელი სრულად მოვუხსენი, 31 დეკემბერს მართლა თავის სახლში, მამასთან შეხვდა გულნაზი ახალ წელს. ალბათ ძალიან ბედნიერები იყვნენ... ამ ამბიდან 6 თვის შემდეგ სამსახურში გულნაზი მირეკავს და მეუბნება, - ჩვენს ცხენს კვიცი გაუჩნდა და მამა მადლობის ნიშნად ამ კვიცს თქვენ გჩუქნით; თუ შეიძლება, თბილისში ჩამოგიყვანთო. გამეღიმა, - იყოს ის კვიცი მანდ, თქვენთან, ჩემს სახელზე გაზარდეთ-მეთქი. 15 წელი ცოცხლობს ცხენი და ალბათ იცოცხლა ამდენ ხანს ჩემს სახელზე გაზრდილმა კვიცმა...

უამრავი საინტერესო ადამიანი მოხვედრილა ჩვენთან სხვადასხვა ბრალდებით. ყველა მათგანის განვლილი ცხოვრების დეტალები ჩემთვის ცნობილი იყო. საუბრისას გულს გადამიშლიდნენ ხოლმე, დარდსა და სიხარულს მიზიარებდნენ.

აქვე ერთ რამეს გეტყვით: როცა სპეცნაწილში ქალებთან ვმუშაობდი, რამდენიმე ქალს ავტობიოგრაფია დავაწერინე და მივედი დასკვნამდე, რომ დამნაშავე გენეტიკურია, ამ აზრს ვერავინ გადამაფიქრებინებს: შვიდ თაობაში ვიღაც მაინც ეყოლება ანალოგიური დანაშაულის ჩამდენი. ამის მაგალითები მაქვს. ახალგაზრდა გოგოს ამბავს გეტყვით. რომ დავაწერინე ავტობიოგრაფია, გაირკვა, დედა ქურდი ჰყავდა, თვითონაც ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს, ამ გოგოს ბებიაც კი ქურდობის გამო იყო ნასამართლევი. გაეროში საერთაშორისო შეხვედრაზე ოქროს შეფასება მომცეს როგორც ადამიანის ფსიქოლოგიაში გარკვეულს. დათო ზურაბაშვილიც მეუბნებოდა, ფანტასტიკური ფსიქოლოგი იქნებიო. მეც ჩავუჯექი ამ თემას და ღრმად მაქვს შესწავლილი ფსიქოლოგია.

"ექსპერიმენტი" ვიყავი ყოველთვის - ისეთ ადგილას მნიშნავდნენ, სადაც ადრე ქალი არ მუშაობდა. ყველა თანამდებობაზე მუშაობა საპასუხისმგებლოა, მაგრამ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა შტაბის უფროსობა იყო, სხვადასხვა რაიონის შს სამმართველოში - შტაბის უფროსი ვიყავი ვაკეში, ნაძალადევში, ისანში, ჩუღურეთში... 90-იან წლებში ომი და სამოქალაქო დაპირისპირება რომ დაიწყო, მაშინ რთული იყო უწყებაში მუშაობა. გვარდიელები მოვიდნენ - ისანში ახალგაზრდა, 28 წლის გვარდიელი დანიშნეს პოლიციის უფროსად, მან თავისი ხალხი მოიყვანა სამსახურში, მოაწყო თათბირი და დაიწყო საკითხებზე მსჯელობა. რაღაცები იბჟუტურეს, ბოლოს მეც ვთქვი ჩემი სათქმელი... თათბირი რომ დასრულდა, მან მითხრა, - დარჩით, ვისაუბროთო; მე გვარდიელი ვარ, ტანკის, იარაღისა და არტილერიის მეტი არაფერი ვიცი და თუ დამეხმარებით, კარგი იქნებაო. ვუპასუხე, - მე არა მაქვს ისეთი თანამდებობა, თქვენ რომ დაგეხმაროთ-მეთქი. - რა თანამდებობა უნდა გქონდეთო? - შტაბის უფროსის ფუნქციებია ეს-მეთქი. - 6 თვეში ეს გავაკეთოთო, - და ისანში დამნიშნა შტაბის უფროსად. ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო, ოღონდ - გამოუცდელი, ისნის პოლიციას ხელმძღვანელობდა, დავით ტატიშვილი. მერე ისეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ჩვენ შორის, რომ მოვიდოდა სამსახურში, ყოველ დილით, კითხულობდა, - დე მოვიდაო? - დედას მეძახდა. ვეუბნებოდი, სამსახურში ასე არ დამიძახო, უხერხულია-მეთქი... დღეს ის ჩემი შვილიშვილის ნათლიაა.

ყველაზე დიდი თვისება, რაც ჰქონდა, - იცოდა მოსმენა და იმის აღიარებაც, რა არ იცოდა. ბევრს სწავლობდა და კარგი პროფესიონალი დადგა. აფხაზეთის ომშიც ნაბრძოლი იყო. ძალიან ძლიერი პოლიციის სამმართველოს უფროსი გახდა, ისეთი, რომ თავის რაიონში "ჩაკეტა" დანაშაულები, მაგრამ როგორც გაირკვა, ვიღაცებს ეს წესრიგი ხელს არ აძლევდათ და 1994 წელს თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მაშინ მეც წამოვედი და ჩუღურეთის რაიონში გადავედი შტაბის უფროსად. ბოლოს ვაკეში ვმუშაობდი ამავე თანამდებობაზე, როცა გაეროდან მოვიდა მითითება, ქუჩაში ბევრი ბავშვია და ამ პრობლემას მიხედეთო. უშიშროების საბჭოს მდივანი მაშინ ბატონი ჯემალ გახოკიძე იყო. მან თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, სოსო ალავიძე დაიბარა და მისთვის უთქვამს, - პოლიციელი ქალი მჭირდება, თბილისელი, რომელმაც ქუჩა კარგად იცის, რომ ეს სამსახური და პრობლემების მოგვარება დავავალოო. - მაგისთანა ერთი გვყავს მხოლოდ - ციცო კიკალიშვილი, მაგრამ არ წავა ამ სამსახურშიო, - უთქვამს მისთვის სოსოს. ჯემალს კი უპასუხია, - მას ვინ ჰკითხავს, დაწერეთ ბრძანება და გაუშვითო. დაუწერიათ ჩემი დანიშვნის ბრძანება და ამის შემდეგ მირეკავს მერაბ ბაღათურია - ჩემთვის ძვირფასი ადამიანი, კარგი პროფესიონალი, რომელიც მაშინ კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო, - და მეუბნება, - არასრულწლოვანთა მიმღებ-გამანაწილებლის დირექტორად დაგნიშნესო. ვუთხარი, არ წავალ-მეთქი. შემდეგ დათო სალარიძემ (მაშინდელი შს მინისტრის მოადგილე) დამირეკა: - ციცო, იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, სად მიდიხარ, არამედ იმას, ვინ მიდის ამ სამსახურში; შენ ბევრ რამეს გააკეთებ და ჩემი ხათრით, წადიო. მისმა სიტყვებმა დამაფიქრა და წავედი. რთული ვითარება დამხვდა, არც საცხოვრებელი პირობები ვარგოდა, არც კვების რაციონი. ძალიან ამომიდგა მხარში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, პერსონალურად იკისრა არასრუწლოვანთა მიმღებ-გამანაწილებლის კურატორობა და მართლაც შეუძლებელი შევძელით: კვების რაციონიც შეიცვალა, შენობის რემონტიც გაკეთდა და სულ მალე უმაღლესი შეფასება მივიღეთ.

- ამ ბავშვებთან ურთიერთობა რთული იქნებოდა, არა?

- ბავშვებთან ურთიერთობა არ იყო რთული. ქუჩაში დარჩენილ ბავშვს თუ დროზე არ მიაქცევ ყურადღებას, ისიც ხომ დამნაშავედ იქცევა. ისეთი მეგობრული ურთიერთობა მქონდა მათთან, ბავშვები პოლიციას აჩერებდნენ ქუჩაში და ეუბნებოდნენ, - ციცო დეიდასთან, გლდანში წამიყვანეთო. მართლა ყველაფერი გვქონდა მათთვის: თბილი გარემო, გასართობად სათამაშოები, ტელევიზორი... პედიატრი ქეთი ნემსაძე მაშინათვე მოდიოდა, როცა დაგვჭირდებოდა. მინდა, თქვენი საშუალებით მას მადლობა ვუთხრა ამისთვის. გვქონდა ფსიქიატრიული აშლილობის შემთხვევაც. ფსიქიატრი დავით ზურაბაშვილი გამოვიძახეთ და ის დაგვეხმარა პრობლემის მოგვარებაში. ეს ყველაფერი პირადად ბატონი კობა ნარჩემაშვილის დამსახურება იყო. ძალიან ზრუნავდა ამ ბავშვებზე. ზღაპარი მინისტრი გახლდათ. მისთვის რომ ეცლიათ, დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში ბევრი რამ კარგად იქნებოდა.

უწმინდესი და უნეტარესი, ჩვენი პატრიარქი პირადად შემხვდა. ძალიან ვღელავდი, მასთან შეხვედრაზე რომ მივედი. როგორ მოვქცეულიყავი, არ ვიცოდი. შესვლის წინ ვიკითხე, - როცა მივუახლოვდები, რა უნდა გავაკეთო-მეთქი? მითხრეს, - თუ ხელი გამოგიწოდა, ხელზე ეამბორეო. პატრიარქმა გულში ჩამიკრა და პირჯვარი გარდამსახა. საოცარი გრძნობა იყო. პირადად გადმომცა წმინდა გიორგის ხატი ჩემი გაწეული საქმიანობისთვის და გულში ჩამიხუტა. ეს უდიდესი ბედნიერებაა. მისი ნაჩუქარი ხატი თავშალში გავახვიე და გულში ჩავიხუტე, სამყარო ჩემი მეგონა. დღემდე სათუთად ვინახავ. უფლის ნების ყოველთვის მჯერა და ყველაზე მეტად მისი მეშინია. შეცდომები მქონია ცხოვრებაში, მაგრამ ჩემი შეცდომით ზიანი არავისთვის მიმიყენებია. ყველასთან გულწრფელი ვარ. ტყუილი არ ვიცი.

- რომელიმე ბავშვის ამბავს ხომ არ მოგვიყვებით?

- მოგიყვებით ორ ამბავს. უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან მომივიდა ინფორმაცია, რომ პატარა, 5 წლის გოგო მათხოვრობდა. მკითხეს, - ადგილი თუ არის თქვენთან, რომ მოვიყვანოთო? ასეთი პატარების მიღების უფლება არ მქონდა, მაგრამ მაინც ვუთხარი, მომიყვანეთ-მეთქი. აღმოჩნდა, ბავშვს დედა ლოთი ჰყავდა, თან მეძავიც იყო და ამათხოვრებდა, თვითონ უნივერსიტეტის ეზოში ელოდებოდა. ედუარდ შევარდნაძის დრო იყო, 2002 წელი. ყველა ჩავრთე ამ საქმეში. დუშეთიდან იყო ეს ბავშვი. ბიძებმა უარი თქვეს, რომ ეზრუნათ. მიამბეს მისი დედის ამბავი. რთული იყო დედობის უფლების ჩამორთმევა, მაგრამ ისეთი მდგომარეობა გახლდათ, სახელმწიფომ დედობის უფლება ჩამოართვა, ამის შემდეგ ბებიამ და ბიძამ წაიყვანეს, მასზე მეურვეობა იკისრეს და უპატრონეს. გოგონამ სკოლაც დაამთავრა და ცხოვრებაც აიწყო... მეორე მძიმე შემთხვევა იყო, რომელიც ძალიან განვიცადე. გორელი ბიჭი მომიყვანეს, 2 წელზე მეტი ეს ბავშვი ჩვენთან გახლდათ. კანონი უფლებას არ მაძლევდა, მეტხანს დამეტოვებინა, რადგან სრულწლოვანი გახდა. მაქსიმალურად ვცდილობდი დამეტოვებინა, რადგან მეუბნებოდა, სახლში არ გამიშვა, მამა გიჟი მყავსო. მისი იქ დარჩენის ყველანაირი ვადა რომ ამოიწურა, ვაჩუქე ბოტასები და გორში, თავის სახლში გავუშვი, მაგრამ გორში აბსოლუტურად ყველა უწყებას მივწერე - პოლიციას, განათლების განყოფილებას, - რომ ეს ბავშვი ყურადღების ცენტრში ჰყოლოდათ. უწყებიდან უკვე წამოსული ვიყავი. ერთ დღეს ტელევიზიით ვისმენ, რომ გორში მამამ შვილი მოკლა, აჩვენეს კადრებიც და ბოტასებით ვიცანი, რომ ეს ის საყვარელი ბავშვი იყო. ფეხზე ისევ ეცვა ჩემი ნაყიდი ბოტასები!.. ეს უდიდესი ტკივილი გახლდათ. სამწუხაროდ, გორში მისი დაცვა ვერ შეძლეს. როცა ადამიანის სიცოცხლე, მისი მომავალი გაბარია, ვინც უნდა იყოს, ვალდებული ხარ, შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთო. ბევრი კარგი მოგონება მაქვს და მიხარია, ქუჩაში რომ მაჩერებენ და მეუბნებიან, - ეს მე ვარ და სწორ გზაზე დავდექი, ოჯახი შევქმენი, სამსახური მაქვსო. ღირსების მედალი მაქვს გაწეული სამსახურისთვის, მაგრამ ყველაზე სასიხარულო ამ ადამიანების მადლიერი სიტყვაა.

3 წლის წინ კოლმეურნეობის მოედანზე ჩემ წინ ბიჭი გაჩერდა, რომელიც ფეხმძიმე გოგონასთან ერთად მოდიოდა. მომესალმა და მითხრა, - ციცო დეიდა, მე აჩიკო ვარ, თქვენ ხომ სულ მეუბნებოდით, თუ ვისწავლიდი, პატიოსნად ვიცხოვრებდი და ვიშრომებდი, ძალიან კარგად ვიქნებოდი; მე ყველა ეს შეგონება შევასრულე, ახლა ცოლიც მყავს, მალე შვილსაც ველოდებიო, - და ხელებზე მაკოცა. ბიჭი წავიდა, მე გზაზე მოვდიოდი და თან სიხარულისგან ვტიროდი.

90-იან წლებში იყო ასეთი შემთხვევაც: ბაზართან ჩანთას მიხსნიდა ერთი ბიჭი; მოვიდა მეორე და უთხრა, - ეს ჩანთა არ იხსნებაო... მაშინ მანქანის გაქურდვაც სისტემატურად ხდებოდა. ვაზისუბანში ახლობელთან ვიყავი მისული და, როგორც ჩანს, ამ უცხო მანქანის გაქურდვა უნდოდათ, მაგრამ იქაც ვიღაცამ იცნო ჩემი მანქანა და მძარცველებს უთხრა, - ეს მანქანა ხელშეუხებელიაო... სიყვარულს, სითბოს ვიღებდი ჩემი გაცემული სითბოსა და სიყვარულის სანაცვლოდ.

- როგორც ვიცი, "ნაციონალების" დროს სისტემიდან დაგითხოვეს. რა იყო ამის მიზეზი?

- ულტიმატუმები არ შევასრულე და იმიტომ. მათი მოსვლის შემდეგაც ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში. უშუალოდ ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით ვარ მოხსნილი, მაგრამ მაინც ცუდს არაფერს ვიტყვი.

- მაინც, რას ითხოვდნენ? - ჩვენი არასრულწლოვნების სამსახური ისეთი წარმატებული იყო, სხვადასხვა სახელმწიფო და ორგანიზაციები გრანტებს გვირიცხავდა, რომ რაც შეიძლება მეტად ინტეგრირებული ყოფილიყვნენ ქუჩის ბავშვები საზოგადოებაში და მათი განათლებისა და ბევრი სხვა საკითხის მოსაგვარებლად მეტი შესაძლებლობები გვქონოდა. მეც მაქსიმალურად ვცდილობდი ამ თანხების მიზნობრივად გამოყენებას. სამსახურიდან რომ გამომიშვეს, ამის მიზეზი ფული იყო. გერმანიამ 80.000 ევრო გადმორიცხა ჩვენთვის, მანამდე იაპონიამ გადმორიცხა და, რომ მოვიდა იაპონიის ელჩი და ნახა, რაები გვქონდა გაკეთებული, აღტაცებული იყო. იაპონიის გრანტიდან 200 ლარი დარჩა ხურდად. მაშინაც და უკვე შემდეგაც, როცა გერმანიამ 80.000 ევრო გადმორიცხა, რა არ შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი: ითხოვდნენ, ფული "გავტეხოთო", ანუ თანხის ნახევარი მათთვის უნდა მიმეცა. ვერაფერს გახდნენ. იაპონიის გრანტიდან რომ არაფერი მივეცი, მიხვდნენ, არც აქედან მიიღებდნენ წილს. დილით მითხრეს, გერმანიის გრანტში უნდა შევამხანაგდეთო. კატეგორიული უარი ვთქვი დილას და საღამოს უკვე სამსახურიდან ჩემი გათავისუფლების ბრძანება დაიწერა. მერე როგორ დაანგრიეს იქაურობა!.. აწყობილი იყო ყველაფერი და რომ გაპარტახდა, ამაზე მწყდება გული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში 14 მინისტრი გამოვიცვალე. ირაკლი ოქრუაშვილი აწერდა ბრძანებას ხელს, მაგრამ ვფიქრობ, სააკაშვილის დავალებით გამათავისუფლეს. პირადად მისი დავალებით დაჭერაც უნდოდათ ჩემი, სცადეს კიდეც, მაგრამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს. 2007 წელს უკვე ვანო მერაბიშვილი იყო შს მინისტრი, მან მოადგილეს, ლევან გვაზავას დაარეკვინა ჩემთან. ლევანმა მითხრა, - მოდი, გელოდებითო, - მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვი, არ დავბრუნდები-მეთქი. - ქვეყანას სჭირდებაო, მაგრამ პრინციპული უარი ვთქვი. ახლა სიამოვნებით წავიდოდი ნებისმიერი შს მინისტრის მრჩევლად და ჩემს დიდ გამოცდილებას გავუზიარებდი. კიდევ ერთი სურვილი მაქვს: ძალიან მინდა, დედაქალაქის მერს, კახი კალაძეს შევხვდე და ვესაუბრო იმ თემებზე, რაც მნიშვნელოვანია თბილისისთვის. მე ძალიან მომწონს, რასაც კალაძე აკეთებს, მომწონს მისი ცხოვრების წესიც, მიზანდასახულობა და წარმატებისკენ სვლა, მომწონს მისი ოჯახიც. სიამოვნებით დაველაპარაკებოდი თბილისურ ლაბირინთებზე და ჩემს აზრს გავუზიარებდი. ძალიან მტკივა გული, თბილისში ქუჩაში დარჩენილი ამდენი ბავშვი რომ არის, არ უხდება თბილისს ამდენი მოწყალების მთხოვნელი. ამ პრობლემას მიხედვა სჭირდება.

- ოჯახი არ შეგიქმნიათ. ლამაზი ქალბატონი თაყვანისმცემლებს როგორ იგერიებდით?

- ჩემი მოტაცების მცდელობის რამდენიმე ფაქტი იყო. არ მინდოდა, ჩემი ძმა უსიამოვნებას გადაჰყროდა და ამიტომ თვითონ ვაგვარებდი პრობლემას. მერე შს ორგანოში რომ შევედი სამუშაოდ, უკვე ამ ფორმის შიშიც კი ჰქონდათ ბიჭებს. მახსოვს, ერთმა ბიჭმა მითხრა, კლარა ცეტკინი კი არ მინდა ცოლად მოვიყვანოო... ყველა ადამიანს თავისი შეხედულება აქვს. მე დაბადებული ვიყავი ასეთი, ჩემი თაობის თბილისელი მეგობრებისთვის პრინცესა ვიყავი. 90-იან წლებში ქალი პოლიციაში მართლა რთული ფენომენი იყო, თან - კრიმინალური ხაზით... ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მიყვარდა, მაგრამ მაშინ ჩემმა მეგობრებმა არ მირჩიეს, - პროვინციელია ეს ბიჭი და არ გაჰყვეო. მერე ის საკმაოდ ცნობილი, წარმატებული ადამიანი გახდა. 60 წლის ასაკში ჩემი ახალგაზრდობის სიყვარული მოვიდა ჩემს სახლში და მითხრა, - დიდხანს ვფიქრობდი, შენთვის ხელი მეთხოვა, მაგრამ ვერ გავბედე აქამდე; მეგონა, ძალიან ნებიერა და თავნება იყავი, ახლა დავქვრივდი და მოვედი, რომ ცოლობა გთხოვო; სულ მიყვარდი და მეყვარებიო. გამეღიმა, უარით გავისტუმრე. ხომ კურიოზულია ადამიანის ცხოვრება!.. არ ვნანობ. 60 წლის ვიყავი, რა დროს ჩემი გათხოვება იყო?!. 35 წლის ვიყავი, ჩემი ძმა რომ გარდაიცვალა. მისი ორი შვილი დარჩა უმამოდ და ჩემს რძალთან ერთად, ისინი გავზარდე. მერე გათხოვებაზე არც მიფიქრია. არაჩვეულებრივი რძალი, ძმისშვილები და მათი შვილები მყავს. არაფერს ვნანობ...

თეა ხურცილავა ჟურნალი "გზა"