"გამოძიებას იდენტიფიცირებული ჰყავს თამარ ბაჩალიაშვილთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი, თეონა თამაზაშვილის გამოკითხვით გამოძიებამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო" - კვირის პალიტრა

"გამოძიებას იდენტიფიცირებული ჰყავს თამარ ბაჩალიაშვილთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი, თეონა თამაზაშვილის გამოკითხვით გამოძიებამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო"

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, გამოძიებას იდენტიფიცირებული ჰყავს ბაჩალიაშვილთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი, რომელთა შორისაც ახალი მოწმე, მარგო შარაშიძე არ ფიგურირებს. სწორედ აღნიშნულმა მოწმემ მიაწოდა გარდაცვლილის ოჯახს თამარ ბაჩალიაშვილთან მიმოწერის ამსახველი "სქრინები".

პროკურორის თქმით, შარაძისგან ამოღებულ მობილურ ტელეფონზე ექსპერტიზა დასრულდა, რამდენიმე მოწმის გამოკითხვა დარჩა, რის შემდეგაც, პროკურატურა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის საქმეზე დაწყებული გამოძიების შესახებ სამართლებრივ შეფასებას საზოგადოებას მალე გააცნობს.

"ეს საქმე წარმოადგენს მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ნაწილში მიმდინარე გამოძიებას, რაზეც ჩვენ ქალბატონ თეონა თამაზაშვილის მიმართ კითხვები გვაქვს. მთელი პერიოდის განმავლობაში, როგორც ქალბატონი თეონა, ასევე მისი დამცველი ადვოკატები მოწმე მარგო შარაშიძის თაობაზე აპელირებდნენ, თითქოს, მას გააჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციები. ამ კუთხით ფაქტობრივად უკვე ჩატარებული გვაქვს სრულყოფილი გამოძიება, რამდენიმე მოწმის დაკითხვა დაგვრჩა. ამის შემდეგ, ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მივცემთ. საქმეზე მიღებული გვაქვს ექსპერტიზის დასკვნებიც, გამოკითხულია მოწმეები, ასევე გამოთხოვილია ინფორმაცია კომპიუტერული საშუალებებიდან და მობილური ტელეფონიდან. წინასწარ შეფასებას რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე ვერ გააკეთებს, თუმცა, გიდასტურებთ, რომ გარკვეული მოწმეების დაკითხვის შემდეგ, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მივცემთ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს და ეს იქნება უახლოეს პერიოდში.

იქიდან გამომდინარე, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე სრულყოფილი ინფორმაცია გვქონდა, უშუალოდ, მასთან კონტაქტზე არსებულ პირებთან დაკავშირებით, ისე როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე მობილურ ტელეფონზე ვისთან გააჩნდა მას კონტაქტი, ამ ადამიანების სიაში მარგო შარაშიძე არ ფიგურირებდა. შესაბამისად, თავიდანვე არსებობდა გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, მტკიცებულებების ფალსიფიკაცია ყოფილიყო. მითუმეტეს, ოჯახის წევრებიც კი ადასტურებენ, რომ ეს მოწმე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გარკვეული სახის ცრუ ინფორმაციას აწვდიდა", - განაცხადა გუმბერიძემ.

დავით გუმბერიძის განცხადებით, ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის დაკითხვით გამოძიებამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო.

გუმბერიძის თქმითვე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თავად მხარე აყენებს საეჭვოდ იმ მტკიცებულებებს, რაც პროკურატურაში წარადგინეს.

"თეონა თამაზაშვილის დაკითხვის შედეგად, საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ. კითხვები უკავშირდებოდა ე.წ. სქრინშოტებს, რომელიც მათ მიერ გავრცელდა და მიუთითებდნენ, რომ მარგო შარაშიძე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა თამარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ჩვენ მიერ დაისვა ყველა მნიშვნელოვანი კითხვა, რაც გამოძიებისთვის არსებითად წარმოადგენს დასადგენ გარემოებას. ჩვენ თეონა თამაზაშვილისგან მივიღეთ პასუხი, რომ გარკვეული საეჭვო მონაცემები იყო ფოტოსურათებში, რასაც თვითონ მიიჩნევდა საეჭვოდ და ითხოვდა ამ გარემოების შესწავლას. კერძოდ, ვგულისხმობთ, რომ ამ ფოტოსურათებზე არ არის მითითებული თარიღი, არ არის მითითებული გამომგზავნი ადრესატი და ბევრი სხვა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რაც გამოძიების შედეგად ჩვენ ფაქტობრივად, დავადგინეთ. შესაბამისად, დღეს თეონა თამაზაშვილის ჩვენებიდან გამომდინარე, ასევე საქმეზე ჩატარებული გამოძიების და მოპოვებული მტკიცებულებების შეფასების შემდგომ, ჩვენ გაგაცნობთ ჩვენს გადაწყვეტილებას ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რაც უკავშირდება მტკიცებულებების ფალსიფიკაციას. მე თეონა თამაზაშვილის ჩვენების შინაარსის დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ, თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თავად მხარე აყენებს საეჭვოს იმ მტკიცებულებებს, რაც წარმოადგინეს პროკურატურაში. მოგეხსენებათ, ეს ფოტოსურათები თანდართული იყო მათ საჩივარზე და გულისხმობდნენ, რომ რადიკალურად შეცვლიდა იმ გადაწყვეტილებას, რაც პროკურატურამ მიიღო თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე. კონკრეტულად, რაც შეეხება გარდაცვალების საქმეს, მიღებული გადაწყვეტილება ადვოკატების მიერ გასაჩივრდა ზემდგომ პროკურორთან, ამის შემდგომ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოში და ყველა ინსტაციაში დადგენილია, რომ პროკურატურამ ჩაატარა სრულყოფილი გამოძიება და მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი",- განაცხადა გუმბერიძემ.

"ინტერპრესნიუსი"