ოკუპირებულ სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ახრა ავიძბა დააკავეს - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ახრა ავიძბა დააკავეს

ოკუპირებულ სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ახრა ავიძბა დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც დაკავებული გადაიყვანეს, გვიან ღამით ახრა ავიძბას ახლობლები და ნათესავები შეიკრიბნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახრა ავიძბას სახლთან, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობს, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები იმყოფებიან. ე.წ. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს" კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ ავიძბამ 4 მარტს სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2 მარტს აფხაზეთში გაიმართა ახალი გაერთიანების "ახალი ადამიანების" დამფუძნებელი კრება, რომელიც, მისი თქმით, "სერიოზული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი რესურსი" "უნდა გახდეს და რომლის რეგისტრაციისთვის "იუსტიციის სამინისტროს" მიმართა.

ამასთან, 2 მარტს ავიძბა მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რომელიც ბიზნესმენ ბენურ კვირაიას სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ იანვრის ბოლოს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ახრა ავიძბაზე ძებნა გამოაცხადა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ახრა ავიძბამ (მეტსახელად "აფხაზი") 2014 წელს დააფუძნა და დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებას "პიატნაშკას".

"ინტერპრესნიუსი"