"ნიკა მელიას დაკავებისას, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმაზე ბევრად ნაკლები პოლიციელი შევიდა, ვიდრე შიგნით მყოფი ადამიანები იყვნენ" - კვირის პალიტრა

"ნიკა მელიას დაკავებისას, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმაზე ბევრად ნაკლები პოლიციელი შევიდა, ვიდრე შიგნით მყოფი ადამიანები იყვნენ"

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნიკა მელიას დაკავებისას, უშუალოდ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იმაზე ბევრად ნაკლები პოლიციელი შევიდა, ვიდრე შიგნით მყოფი ადამიანები იყვნენ.

როგორც გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ამას გადაღებული კადრებიც ადასტურებს.

"ნიკა მელიას დასაკავებლად პოლიციური ღონისძიება ჩატარდა, რაც ჩვენ განჩინებით დაგვევალა. დაზღვევის კუთხით, შიგნით შესული იყო დაახლოებით 200 ადამიანი, ჩვენი თანამშრომელი. მათ შორის იყვნენ მაშველები. გარეთ მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, რომლებიც შიგნით არ შესულან. ასევე იყო სახანძრო სამსახურის დანაყოფები - იყო საშიშროება, ცეცხლი გაჩენილიყო და დიდი უბედურება მომხდარიყო. რა თქმა უნდა, სახანძრო მანქანები მზად გვყავდა და თუ ყველას ერთად მოვითვლით, შეიძლება ადამიანს ბევრი მოეჩვენოს", - განაცხადა გომელაურმა სესიაზე, სადაც "მინისტრის საათის" ფარგლებში უსმენენ.

"ინტერპრესნიუსი"