"აქამდე არ ვუჩივლე, ბავშვი რომ დაორსულდა და ახლა რა აზრი აქვს?" - რას ამბობს დედა, რომლის 13 წლის შვილმაც რამდენიმე დღის წინ იმშობიარა - კვირის პალიტრა

"აქამდე არ ვუჩივლე, ბავშვი რომ დაორსულდა და ახლა რა აზრი აქვს?" - რას ამბობს დედა, რომლის 13 წლის შვილმაც რამდენიმე დღის წინ იმშობიარა

რამდენიმე დღის წინ გორში მომხდარ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით "ნოდარ მელაძის შაბათი" ახალ დეტალებს ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 44 წლის მამაკაცი, რომელმაც 13 წლის მოზართან სექსუალური კავშირი დაამყარა, მსხვერპლის დედის მეგობარია.

მოზარდის დედა აცხადებს, რომ ბრალდებულის დასჯას არ ითხოვს.

"არ ვითხოვ მის დასჯას. არ ვჩივივარ და ხელს ვერც ვერავინ მომაწერინებს. ხვალვე მივალ, იმ ექიმსაც მოვიძიებ, ვინც პოლიციაში დარეკა და უნდა ვუჩივლო. აქამდე არ ვუჩივლე, როცა ბავშვი დაორსულდა, შეაცდინა, ბავშვი გაჩნდა და მერე ძალადობენ დაკავებაზე. რა აზრი აქვს? გვიანია უკვე იმ ბავშვს გაზრდა უნდა. არ მინდოდა, რომ პოლიციაში დაერეკა კლინიკას" - ამბობს "ტვ პირველთან" საუბარში 13 წლის გოგონას დედა.

ის ადასტურებს, რომ ბრალდებული მისი მეგობარია და სახლში მათთანაც რჩებოდა.

"იცნობდა ჩემი შვილი ბრალდებულს. რჩებოდა ხოლმე სახლში, თუმცა ჩვენს გვერდით არაფერი ხდებოდა. მე როცა სამსახურში ვიყავი, ჯერ ის მოდიოდა ჩემამდე ადრე, ბავშვი სახლში იყო ხოლმე და არ ვიცი რა ხდებოდა... რაც შეეხება მომხდარს, ამბობს ჩემი გოგო, რომ არ უძალადიაო, ნებაყოფლობით მოხდაო. მე ეს ამბავი გავიგე მერე, როცა უკვე მუცელი დაეტყო. მანამდე სულ იმას მეუბნეოდა, ქალიშვილი ვარო. არ მინდოდა სოფელში ჩემს შვილს სახელი გამტეხოდა. იმასაც ვფიქრობდი, რომ ბავშვი რომ გაჩნდება, ვიტყვი რომ ჩემიათქო" - განაცხადა მოზარდის დედამ.

მისივე ინფორმაციით, იმ პერიოდში, როდესაც გოგონა ორსულად იყო, თბილისში, მათ საცხოვრებელ სახლში ბრალდებული მიდიოდა და ღამეს ათევდა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გორში 13 წლის მოზარდმა, რომელთანაც სექსუალური კავშირის ბრალდებით 50 წლის მამაკაცი დააკავეს, ბავშვი გააჩინა.

პოლიციამ მამაკაცი დააკავა, დედა და ახალშობილი კი სოციალური სააგენტოს ბავშვთა ზრუნვის სამსახურის მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა.

როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა მამაკაცმა 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გაუპატიურება და ფიზიკური ძალადობა განახორციელა.