"თვითონ დაურეკავს პოლიციაში, მოდით, მშობლები დავხოცეო" - თელავში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"თვითონ დაურეკავს პოლიციაში, მოდით, მშობლები დავხოცეო" - თელავში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

"სამსახურიც არ ჰქონდა და სახლში რომ ჩაიკეტა, ამან უფრო გაამწვავა ეტყობა, მისი ფსიქიკური მდგომარეობა"

7 მარტს თელავში, გოშაძის ქუჩაზე, შემზარავი მკვლელობა მოხდა. საღამოს საათებში 27 წლის აკაკი აბრამიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მშობლები - 59 წლის თამარ ხოსმაზარაშვილი და 61 წლის გურამ აბრამიშვილი მოკლა. მან არც მოხუცი, 86 წლის ბებია დაინდო.

როგორც ირკვევა, ამ უმძიმესი დანაშაულის შემდეგ პოლიციას თავადვე აცნობა, თვითონ კი სახლიდან წავიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს საშინელი სურათი დახვდათ - ოთახში სამი გარდაცვლილი. კრიმინალისტები და სამართალდამცავები დიდხანს მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე, რის შემდეგ ცხედრები პროზექტურაში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მკვლელობიდან რამდენიმე საათში ძალოვნებმა დამნაშავეც დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აკაკი აბრამიშვილისგან ამოღებულია ნივთმტკიცება, მკვლელობის იარაღი - პისტოლეტი. პოლიციის ინფორმაციით, მკვლელობის იარაღი თავად ბრალდებულის სახელზე იყო რეგისტრირებული. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ჩვენება მისცა თავად ბრალდებულმა, მალე სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. მკვლელობის მოტივზე ჯერ ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს. ერთი ვერსიით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და სწორედ ეს გახდა აბრამიშვილების სახლში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი. მეზობლების თქმით, მათთვის მომხდარის მიზეზი უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ აკო აბრამიშვილს დეპრესია ჰქონდა. ერთ-ერთი მეზობელი იმასაც ამბობს, რომ დღის 2 საათზე ნახა ველოსიპედით მიმავალი აკაკი, მაგრამ მისთვის აღელვება არ შეუმჩნევია.

"იმ დღეს, ორ საათზე შემხვდა ველოსიპედით, წყნარად მომესალმა. აღელვება არ შემიმჩნევია. არც იარაღის ხმა გაგვიგია, არც ჩხუბის, თორემ ხომ მივეშველებოდით. თვითონ დაურეკავს პოლიციაში, მოდით, მშობლები დავხოცეო. მიზეზი არ ვიცით, ძალიან კარგი ხალხია მოკლული, ამ ბიჭზეც ცუდს ვერ ვიტყვი. თბილისში სწავლობდა, იქ ბიძასთან ერთად ცხოვრობდა, მგონი, სადღაც მუშაობდა კიდეც, მერე ჩამოვიდა თელავში და ახლა სახლში იყო, შოკირებულები ვართ".

გარდაცვლილი თამარ ხოსმაზარაშვილი თელავის მეოთხე საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგია. სკოლაში მას დადებითად ახასიათებენ, არც კოლეგებმა იციან მომხდარის მიზეზი. წინა დღეს, ჩვეულებრივ, სამსახურში იყო.

"გაოგნებულები ვართ. ძალიან გვიჭირს, გაწონასწორებული, უკონფლიქტო იყო. ვინ იცის, რამდენი თაობა აღზარდა. რა მოხდა სახლში, ჩემთვის არ არის ცნობილი. ერთადერთი შვილი ჰყავდა. აკაკისაც ჩვენი სკოლა აქვს დამთავრებული. მე მაშინ არ ვმუშაობდი ამ სკოლაში და აკაკისთან არ მქონდა არანაირი შეხება. ჩვენი სკოლის პედაგოგები მას დადებითად ახასიათებენ და ვერ აუხსნიათ, რატომ უნდა დატრიალებულიყო ეს ტრაგედია. თამარს არასოდეს უთქვამს კოლეგებისთვის, რომ შინ რამე პრობლემა ჰქონდათ. ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა ოჯახში, სკოლაში დადიოდა ჩვეულებრივ, არანაირი ნერვიულობა არ შეუმჩნევია არავის. პარასკევს იყო, გაკვეთილები ჩაატარა. ეს საშინელი ამბავი შაბათს, დასვენების დღეს მოხდა. ჩვენმა კოლეგებმაც არ იციან, რომ მას რამე პრობლემა ჰქონდა, ამიტომ ვერაფერს ვამბობთ. ახლა ყველანი განვიცდით მომხდარს და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ", - გვითხრა სკოლის დირექტორმა.

აკაკი აბრამიშვილი რამდენიმე წელი თბილისში, ბიძასთან ცხოვრობდა და უმაღლესიც იქ დაამთავრა, მერე სავალდებულო სამხედრო სამსახურიც მოიარა და დიდი ხანი არ არის, რაც თელავში დაბრუნდა. ზოგიერთი მეზობელი ამბობს, რომ ბრალდებული ბოლო დროს უფრო გულჩათხრობილი გახდა და სხვებთან კომუნიკაციას ერიდებოდა.

"კი, ვხედავდი ქუჩაში მიმავალს, მაგრამ ხშირი კავშირი მეზობლებთან არ ჰქონდა. ბებიაც ყოფილი პედაგოგია და ძალიან კარგ ოჯახში იზრდებოდა. თამრიკო მასწავლებელი აქ ყველას უყვარს. მამამისიც კარგი ადამიანი იყო, მშრომელი ოჯახი ჰქონდათ. მათი სახლიდან ჩხუბის და აყალმაყალის ხმა არასოდეს გამოსულა. ახლა ამბობენ მეზობლები, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, აბა, ნორმალური ჭკუის ადამიანი ასეთ საშინელებას ხომ არ ჩაიდენდაო. ერთმანეთთან ყველანი კარგად იყვნენ ოჯახში და ამიტომ ეს ამბავი ჩვენთვის სრული მოულოდნელობაა. სამსახურიც არ ჰქონდა და სახლში რომ ჩაიკეტა, ამან უფრო გაამწვავა ეტყობა, მისი ფსიქიკური მდგომარეობა", - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.

(სპეციალურად საიტისთვის)