"კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული გამოძიება არ არის მიმართული რომელიმე ტელეკომპანიის ან ჟურნალისტის საქმიანობის მიმართ" - კვირის პალიტრა

"კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული გამოძიება არ არის მიმართული რომელიმე ტელეკომპანიის ან ჟურნალისტის საქმიანობის მიმართ"

საქართველოს გენერალური პროკურატურის განმარტებით, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება "ტვ პირველის" ან ჟურნალისტების საქმიანობას არ უკავშირდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიების ფარგლებში საუბარია ჩანაწერის უნებართვოდ ჩაწერა-მიყურადებაზე, მის უკანანო გამოყენებასა და გავრცელებაზე. უწყების განმარტებით, გამოძიების სამიზნე არც ტელეკომპანია "პირველი" და არც კონკრეტული ჟურნალისტები არ არიან.

"კატეგორიულად და ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ გენერალურ პროკურატურაში საჯარო სივრცეში გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიება არ არის მიმართული რომელიმე ტელეკომპანიის ან ჟურნალისტის საქმიანობის მიმართ. აქვე აღვნიშნავთ, რომ გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით",- აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ საუბარია "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.