„ტვ პირველმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა - კვირის პალიტრა

„ტვ პირველმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა

ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების ნებართვის თაობაზე "ტვ პირველის" ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" მშვენიერაძემ განმარტა, სასამართლოს გადაწყვეტილება ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებას არღვევს.

"როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, გადაწყვეტილება, განჩინება, რომელიც მოსამართლე ლაშა კლდიაშვილს აქვს მიღებული, საკუთარი შინაარსით ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობის მოთხოვნასთან და არღვევს ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებას, რაც მათ შორის, გულისხმობს ინფორმაციის მიღების და კონფიდენციალური წყაროს არგათქმის უფლებას. შესაბამისად, ეს განჩინება გავასაჩივრეთ ზემდგომ ინსტანციაში თბილისის საპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით", - განაცხადა მშვენიერაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე აღიძრა.

საუბარია "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

"ინტერპრესნიუსი"