"სოსო თოფურიძის ახლა გამოჩხრეკა ძალიან საეჭვოა" - კვირის პალიტრა

"სოსო თოფურიძის ახლა გამოჩხრეკა ძალიან საეჭვოა"

"იოსებ თოფურიძე კუდ-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო და ხელი მიუწვდებოდა ფარულ ჩანაწერებზე. სავარაუდოდ, მისი ექსტრადირების მოთხოვნა ამას უნდა მივაწეროთ"

ბულგარეთის სამართალდამცავებმა ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ძებნილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე დააკავეს. ის 2012 წლიდან იმალებოდა. თავდაპირველად, რამდენიმე წელს თურქეთს აფარებდა თავს, შემდეგ კი ბულგარეთში გადავიდა. 2019 წელს მან ლტოლვილთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თხოვნით, მაგრამ უარი მიიღო, მიზეზად კი დასახელდა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, რომ მას მართლაც დევნიდნენ. როგორც საქართველოს პროკურატურაში გვითხრეს, სოსო თოფურიძის ექსტრადირებისთვის ყველა სამართლებრივი ღონისძიება გატარდება.

შეგახსენებთ, რომ სოსო თოფურიძესა და კუდ-ის სხვა მაღალჩინოსნებს: დათა ახალაიას, გერონტი ალანიასა და ოლეგ მელნიკოვს სასამართლომ ბრალი 2012 წელს წაუყენა. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ადანაშაულებენ.

გამოძიების ინფორმაციით, მათ კუდ-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად დათა ახალაიას კაბინეტში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს იმ მოტივით, თითქოს მათ 2005 წლის 2 იანვარს რესტორან "ძველ სახლში" მაშინდელი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლეს თაკო სალაყაიას უხეშად მიმართეს. ამ საქმეზე ბრალი წარედგინა როგორც სოსო თოფურიძეს, ასევე მის უფროსს დათა ახალაიასაც. ორივე მათგანს 3 წლით და 9 თვით პატიმრობა შეუფარდეს.

2012 წლიდან თოფურიძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, მაგრამ 2017 წელს ძებნილთა სიიდან ამოიღეს.

ლია მუხაშავრია, იურისტი: - თუ ეს პირი თავის დროზე საქართველოს მოთხოვნით ამოიღეს ინტერპოლის ძებნილთა სიიდან, ახლა რატომ დასჭირდათ მისი ექსტრადირება? ახლა რატომ გახდა აქტუალური თოფურიძის ჩამოყვანა? ალბათ, გაჩნდა საჭიროება, იოსებ თოფურიძე კუდ-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო და ხელი მიუწვდებოდა ფარულ ჩანაწერებზე. სავარაუდოდ, მისი ექსტრადირების მოთხოვნა ამას უნდა მივაწეროთ. შეიძლება მისგან ინფორმაციის მიღება სურთ, ვინ შეიძლება იყოს ჩანაწერის გამავრცელებელი.

ყველაზე სავალალო ის არის, რომ 8 წელი გავიდა, მეცხრე მიდის და მაინც წინა ხელისუფლების დანაშაულებზე ლაპარაკობენ, თუმცა ორგანიზატორებსა და შემსრულებლებზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულა, ამიტომ სოსო თოფურიძის ახლა გამოჩხრეკა ძალიან საეჭვოა. ყველაზე გულსაკლავი ის არის, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა, გამოძიება, პროკურატურა, იუსტიცია გამოყენებულია იმისთვის, რომ ვიღაცის ოჯახის ამბები გაირკვეს.

თოფურიძის ექსტრადიცია შეიძლებოდა მაშინ, როცა დაუსწრებლად ასამართლებდნენ. მაშინ არ იყო აუცილებელი მისი ექსტრადირება და ახლა გახდა აუცილებელი კერძო საკითხების გასარკვევად?

- როგორც ამბობენ, 10 წლის წინანდელია ჩანაწერები, რომლებიც "ტვ პირველით" გავრცელდა. თუ ეს დადგინდა, დიდი ალბათობით, თოფურიძის სამსახური კავშირში იყო ამ ჩანაწერებთან.

- ბერა ივანიშვილის ინტერვიუში მთავარი კითხვა არ დაისვა, როდინდელია ეს ჩანაწერი, ამიტომ გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ ინტერვიუ ძალიან უნიჭო რეჟისურით იყო დადგმული. არ გამოვრიცხავ, სოსო თოფურიძესთან შედგეს ფარული გარიგება, რათა მან დაადასტუროს, თითქოს ეს ჩანაწერი იმდროინდელია, როცა ის ხელისუფლებაში იყო და ამის წყალობით მან ან სხვამ რაღაცაში ინდულგენცია მიიღონ.

ახლა პრემიერის მუნდირისა და ღირსების გადასარჩენად სახელმწიფო ინსტიტუტები ყველაფერზე წავლენ, მათ შორის უცხოეთში მოჩხრეკენ პირებს, რომლებიც შეიძლება მოწმედ გამოადგეთ.

თუმცა ეს პრაქტიკა ყოველთვის იყო. 90-იან წლებში ავსტრიაში ვიცავდი რუდიკო გოგუაძეს საქართველოში ექსტრადიციისგან. ვენის სასამართლოში ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო, რომ წინასწარ მოწმედ სურდათ ერთი პირის გამოყენება მის წინააღმდეგ. ის კაცი სასჯელს იხდიდა და თბილისის იზოლატორში გადმოიყვანეს, რომ როცა გოგუაძეს ჩამოიყვანდნენ, დაეპირისპირებინათ. თავისთავად ეს ფაქტი მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო, რამაც ვენაში მოსამართლე დაარწმუნა, რომ არ შეიძლებოდა გოგუაძის ექსტრადირება საქართველოში. არ გამოვრიცხავ, ზუსტად იგივე სცენარი მოქმედებდეს ახლაც. 90-იანი წლებიდან ძალოვან უწყებებში ხომ ისევ ის ხალხია, ე.წ. საშუალო რგოლი, რომელსაც იგივე სცენარი აქვს და სხვანაირად ფიქრი არ შეუძლია.

- პროკურატურა ექსტრადირებისთვის დოკუმენტაციას ამზადებს...

- აფერუმ, ჩვენს მართლმსაჯულებას, რომ ერთი ეპიზოდის მეტი ვერ ნახეს, რისთვისაც თოფურიძე გაასამართლეს. დარწმუნებული ვარ თოფურიძეს არ ჩამოიყვანენ იმიტომ, რომ ინტერპოლის სიიდან მისი ამოღება საკმარისზე მეტი სარწმუნო მტკიცებულებაა. ახლა უნდა გადაწყდეს, ექსტრადიციას დაეთანხმება თუ არა სასამართლო ბულგარეთში და მჯერა ის უარს იტყვის, რადგან გარდა იმ კონკრეტული არგუმენტებისა, რომლებიც შეიძლება საქმეში არსებობდეს, ჩვენს მართლმსაჯულებას ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს - ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ყველა პარტნიორი და თანამეგობრობის წარმომადგენელი გვირჩევს, რომ მართლმსაჯულების რეფორმაა ჩასატარებელი. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი გადამწყვეტი არგუმენტი ექსტრადიციისთვის - ანუ პირის გადასაცემ ქვეყანაში რამდენად ობიექტური იქნება მის მიმართ მართლმსაჯულება.

- ითქვა, რომ სოსო თოფურიძე ერთდროულად ელოდება ლტოლვილის სტატუსსა და ექსტრადირებას...

- ყოველ შემთხვევაში, ექსტრადიციაზე უარი შეიძლება ნიშნავდეს სტატუსის ან თავშესაფრის მიცემას, ან შეიძლება არ ნიშნავდეს. უბრალოდ, მას უფლება ექნება დატოვოს ეს ქვეყანა და წავიდეს სხვაგან, სადაც მოითხოვს თავშესაფარს.

წინა ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანს საიმედოდ ექნება გადანახული ჩანაწერების თითო ასლი. როგორც მოგახსენეთ, ვფიქრობ, სოსო თოფურიძის ექსტრადირება პრემიერის მუნდირის გადარჩენის სურვილით არის განპირობებული. ალბათ, სურთ დაარწმუნონ არა მარტო ჩვენი საზოგადოება, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც, რომ მიყურადება და თვალთვალი აღარ ხდება. თუმცა სოსო თოფურიძემ იქაც შეიძლება მისცეს ჩვენება, თუნდაც "სკაიპით", რომ ჩაწერები იმ ავბედით დროს კეთდებოდა და ეს ჩანაწერიც იმ დროსაა გაკეთებული. რას კარგავს, რაღაცას თუ მიიღებს სანაცვლოდ?

შეიძლება ჩამოყვანა ძალიანაც სურდეთ, მაგრამ თოფურიძეს ვერ ჩამოიყვანენ, ვინაიდან ბულგარეთის სასამართლო არ დართავს ნებას, შეიძლება არ მისცეს თავშესაფარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის უნდა დააპატიმრონ. მას შეუძლია იმ ქვეყანაში დარჩეს, მიიღოს საცხოვრისის უფლება, ან წავიდეს სხვა ქვეყანაში, ევროკავშირში მიმოსვლა ნებისმიერს თავისუფლად შეუძლია.