მირიან ნიკოლაძე: "ეს იყო ობიექტური განაჩენი!" - კვირის პალიტრა

მირიან ნიკოლაძე: "ეს იყო ობიექტური განაჩენი!"

"ხუთივეს უმკაცრესად უნდა მიესაჯოს","- მხოლოდ ეს სიტყვები თქვა ჟურნალისტებთან სასამართლოში საბოლოო ვერდიქტის მოსასმენად მისულმა გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა შავლიაშვილმა და დარბაზში შევიდა...

მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბიძინა სტურუამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო. არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ორი არასრულწლოვნის - ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს საბოლოო სასჯელი კი 16 მარტს გახდება ცნობილი. განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა.

ბრალდებულები აგინებდნენ მოსამართლესა და პროკურორს, განაჩენს აპროტესტებდნენ სასამართლოსთან შეკრებილი მათი ოჯახის წევრები და ახლობლებიც, სამაგიეროდ, კმაყოფილი ჩანდა დარბაზიდან გამოსული პროკურორი დავით ყაზარაშვილი:

"იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ, მოსამართლეს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. დაიკითხა ბრალდების მხარის წარდგენილი 100-მდე მოწმე; გამოვიკვლიეთ სასამართლო-სამედიცინო და სხვა ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეოჩანაწერები და სატელეფონო ინფორმაციები, რომლებიც ადასტურებდა, რომ შაქარაშვილი მოკლეს იმ მსჯავრდებულებმა, რომელთაც დღეს განაჩენი გამოუტანეს. მტკიცებულებებია მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იყვნენ და ხედავდნენ ყველა მსჯავრდებულის ქმედებას, მათ შორის იმასაც, როგორ გადაუჭრეს გიორგის გზა, როგორ მისდევდა დამნაშავეთა ნაწილი უკვე მდინარის მიმართულებით..."

შეგახსენებთ, ბრალდების მტკიცებით, არჩილ გაგნიძემ, ვახტანგ ჩიქოვანმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა, ა.ქ.-მ და ზ.ხ.-მ შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფებს ჯერ არაგვის ხიდზე სდიეს, შემდეგ ორად გაიყვნენ და გიორგის გზა ხიდის ქვეშ მოუჭრეს. გიორგი იძულებული გახდა, მოასფალტებული გზიდან გადაეხვია, გზის პირას მოაჯირს გადახტომოდა და მდინარისკენ მიმავალ ციცაბო ბილიკზე დაშვებულიყო. პროკურატურის მტკიცებით, გიორგის სწორედ ამ ბილიკზე დაედევნენ ბრალდებულები, მდინარის პირას ფიზიკურად გაუსწორდნენ და წყალში გადააგდეს, სადაც ის ასფიქსიით გარდაიცვალა.

ამ უმძიმესი საქმის განხილვა მცხეთის სასამართლოში 10 სექტემბრიდან მიმდინარეობდა. განაჩენის დროს გადამწყვეტი იყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ გიორგი შაქარაშვილს 16 სახის დაზიანება სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე მიაყენეს. დაზიანებების ხასიათისა და ადგილის მიხედვით, ისინი მიყენებულია ფეხის, ხელის ან სხვა მკვრივი ბლაგვი საგნის მინიმუმ ცხრაჯერ დარტყმით, ეს კი მიუთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ.

განაჩენს არ ეთანხმებიან ბრალდებულთა ადვოკატები და ახლა ბრძოლას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ. არასრულწლოვან ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაჩენს უკანონო უწოდა:

"ჩვენ ვიხილეთ ბატონ სტურუას არაკანონიერი და არაკომპეტენტური გადაწყვეტილება. არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებდა იმას, რაც სასამართლომ გამოგვიცხადა. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ეს იყოს ერთგვარი გარანტია, რომ ბატონ სტურუას ხვალ და ზეგ ვიხილავთ უზენაეს სასამართლოში... ეს გადაწყვეტილება მანამდე ჰქონდა მიღებული, ვიდრე არსებით განხილვას დაიწყებდა".

აღშფოთებული იყო ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი ლელა გოგოლაძეც:

"ბიძინა სტურუა არის უბინძურეს წუმპეში ამოსვრილი, ნილოსი თუ გარეცხავს, არაგვი და მტკვარი ამ მოსამართლეს ვეღარასდროს გარეცხავს... [ჩვენ] სამართლებრივად ხომ ვიბრძოლებთ და შეიძლება გავიდეთ ქუჩაშიც. ყველა ღონეს მივმართავთ, რაც კანონს არ ეწინააღმდეგება. სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე კი არა, უკანასკნელ საფეხურზე დგას და ჭაობშია".

"არავითარი მტკიცებულება არ აქვთ. 16-წლიანი სასჯელის შემდეგ მშვიდად შეგვიძლია გადაწყვეტილების მიღება? დავმშვიდდებით და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა განაჩენის შემდეგ ვახტანგ ჩიქოვანის დედამაც, რომელიც სხვა მშობლებთან ერთად საპროტესტო აქციებსაც არ გამორიცხავს.

"სამართალი აღსრულდა! სამწუხაროდ, განზრახ მკვლელობის მუხლი მხოლოდ 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა სამუდამოც რომ მიეცათ, ეგეც არ იქნებოდა ჩვენთვის ნუგეში," - დაწერა სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის დამ, ანა შაქარაშვილმა. გიორგის ბიძა, იურისტი მირიან ნიკოლაძე განაჩენს სამართლიანს უწოდებს.

- განაჩენი ობიექტური და ლოგიკურია. მივიღეთ ის, რაც დაახლოებით წარმოგვედგინა. ცხრა თვეა ვფიქრობ, ამ ხალხს რა უნდა. უნდათ, საზოგადოებას და გიორგის ოჯახს დაუმტკიცონ, თითქოს არაფერი დაუშავებიათ.

თურმე უბნიდან წავიდნენ ინტელექტუალური დახმარებისთვის, გზაზე კი ბავშვებს გაეკიდნენ არა გინებით და ანგარიშსწორებისთვის, არამედ იმისთვის, რომ მანქანას არ დაერტყა!.. ათასი სისულელე მოვისმინეთ. სამწუხაროდ, არც ერთს არა აქვს ადამიანური განცდა. ვინმეს ერთხელ მაინც ეთქვა სიმართლე!

ის მაინც ეთქვათ, უბნიდან არ უნდა წავსულიყავით და ბავშვების ჩხუბში არ უნდა ჩავრეულიყავით, თუ რამე გასარკვევი იყო, მეორე დღეს შეგვეძლო გარკვევა, ვწუხვართ, ამ ყველაფერს უბედურება რომ მოჰყვაო, მაგრამ მათგან მსგავსი არაფერი მოგვისმენია.

მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ ხშირად ხდება სამართლისა და მორალის თანხვედრა. თუ იქ იდექი, ბავშვს ფიზიკურად გაუსწორდი და შენთან ერთად მყოფებმა ბავშვი მოკლეს, მორალურად შენც მკვლელი ხარ. სამართლებრივადაც ასეა - არსებობს სს კოდექსის 25-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ როდესაც დანაშაული ჯგუფურია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ქმედება ჩაიდინოს არა ყველამ, არამედ რამდენიმემ, პასუხისგებაში მიეცემა ისიც, ვინც დანაშაულს შეესწრო. ის მკვლელობის თანამონაწილეა, მაგრამ როგორც ჩანს, მათ ამას არავინ უხსნის.

შენთან ერთად მყოფებმა ხომ მოკლეს ახალგაზრდა?! ამას იმას უმატებ, რომ შვილმკვდარ ოჯახს ლანძღავ, მე რატომ მაბრალებო. ამდენ ადამიანში არ აღმოჩნდა არც ერთი, რომელიც იტყოდა, სიმართლე ვთქვათო. კანონში არსებობს კიდევ ერთი მუხლი, ამსრულებლის ექსცესი ჰქვია. ეს ნიშნავს ამსრულებლის მიერ ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, რომელსაც არ გულისხმობდა სხვა თანაამსრულებლის/თანამონაწილის განზრახვა. ამსრულებლის ექსცესისთვის სხვა თანაამსრულებელს ან თანამონაწილეს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მაშინ, თუ გაიმიჯნება მათი მოქმედება. ვთქვათ, წავედით საყაჩაღოდ ოთხი კაცი. სამმა არ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს, მეოთხე კი უცებ იღებს გადაწყვეტილებას და კლავს მსხვერპლს. ამ დროს ეს სამი პირი პასუხისგებაში მიეცემა მხოლოდ ყაჩაღობისთვის, მაგრამ არა - მკვლელობისთვის. თუ ვინმეს უნდა ამ საქმეშიც ასე მოხდეს, მაშინ უნდა გაემიჯნოს მკვლელობას და თქვას, ჩვენ ორნი კი გავეკიდეთ და ვცემეთ, მაგრამ არ მოგვიკლავს, მოკლეს სხვებმაო.

წარმოიდგინეთ, უბნიდან 30 კაცი, ხუთი მანქანა წავიდა, რომელთაგან სამი მანქანა გზაში დაიკარგა - საქმეში მხოლოდ ორი მანქანა ფიგურირებს, თითოში 6-6 კაცი იჯდა და რომ ამბობ, ხუთი მანქანით წავედით ინტელექტუალური დახმარებისთვისო, ამის აღარავის სჯერა.

- ბატონო მირიან, თქვენი მისამართით აშკარა მუქარა ისმის. ამაზე როგორ რეაგირებთ? - აგრესია ბევრი გვინახავს, მუქარაც, მაგრამ ეს არ მაწუხებს. ერთხელ ვცოცხლობ და ისე უნდა ვიცხოვრო, როგორც სწორია ღვთის წინაშე. რაც უნდათ, ის ქნან.

გაუგონარი რამ მოხდა - შვილმკვდარ დედას აგინეს უშვერი სიტყვებით! ვკითხე კიდეც თამუნას და ანის, ხომ არ გეშლებათ, იქნებ ზოგადად იგინებოდნენ გამწარებულები-მეთქი, მაგრამ მითხრეს, არ გვეშლება, ხელებს გვიშლიდნენ და ისე გვაგინებდნენო. შვილმკვდარ დედას ასე ექცევიან, მერე კი უცებ ვიღებთ რაღაც ეპისტოლარულ ტექსტებს, რომ თურმე მას არ აგინეს! თურმე დაზარალებულისთვის არ მიუყენებიათ შეურაცხყოფა, არადა, ისინი შიგნით იგინებოდნენ, მათი ოჯახის წევრები კი გარეთ გვლანძღავენ. თამუნა, გიორგის დედა, თავისი მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო ჟურნალისტებთან ურთიერთობას ვერ ახერხებს, თორემ ის აგიხსნიდათ, როგორ მიმართავდნენ ბრალდებულები. თურმე არც შვილმკვდარი დედისთვის უგინებიათ, არც გიორგის შეხებიან, არაფერი გაუფუჭებიათ და ჩვენ ვართ კაციჭამიები, რომ უდანაშაულო ხალხი ჩავყარეთ ციხეში!

ვის რად უნდოდა მათი ტყუილუბრალოდ დასჯა?! ლევანი და თამუნა დღესაც იმას ტირიან, ნეტავ, ის მაინც გვცოდნოდა, რომ შვილი ასე არ გვიწამეს და ნაწამები არ ჩააგდეს წყალშიო. რომ ეთქვა ექსპერტს, დაზიანებები სიცოცხლის დროინდელი არ არის, სიკვდილის შემდეგიაო, რას ვიტყოდით? მაგრამ სიმართლე ხომ სულ სხვაა! 16 დაზიანება აქვს მიყენებული ბავშვს სიცოცხლეში და ამათ პასუხისგებაც არ უნდათ! ამ დაზიანებებზე უამრავ ექსპერტს ვესაუბრე და ყველა დაბეჯითებით ამბობს, რომ ამას ორი კაცი ვერ გააკეთებდა. ჩემ მიმართ იმიტომ წამოვიდა განსაკუთრებული აგრესია, რომ ძირითადად, მე გამოვხატავ ოჯახის პოზიციას. სანამ თამუნამ სასამართლოში ჩვენება არ მისცა და მათ მკვლელები არ ეძახა, მგონი, ეგონათ, ოჯახს პრეტენზია არ ჰქონდა და მირიან ნიკოლაძეს უნდოდა მათი დასჯა, ის კი დაავიწყდათ, ექსპერტიზის დასკვნამდე რომ არ მითქვამს, განზრახ მკვლელობა იყო-მეთქი.

"მთავარი არხი" ცდილობდა პოლიტიკურ თემად ექცია ეს ტრაგედია. რა თქმა უნდა, ისინი თავიანთი უფროსის დავალებას ასრულებდნენ, რომელიც იქიდან მუშტებს უღერებდა, ამდენ ფულს გახარჯავთ და პოლიტიკურ თემად როგორ ვერ აქციეთ შაქარაშვილის მკვლელობაო. ალბათ, იმედი ჰქონდათ, იქნებ სასამართლოში მაინც მომხდარიყო რაღაც გაუგებრობა, მაგრამ არც ეს გამოუვიდათ. ახლა დგანან და სხვა რაღაცებს ამბობენ. იმაზეც ვერ შეთანხმდნენ, დაკავებულები დამნაშავეები არიან თუ არა. ხან ამბობენ, ესენი არიან დამნაშავეები, მაგრამ კიდევ ვიღაც დაუსჯელი დარჩაო, ხან ამტკიცებენ, რამდენიმეა დამნაშავე, რამდენიმე - არაო. "მთავარი არხი" არის სააკაშვილის შპს. ის რასაც იტყვის, იმას იმეორებენ.

- გიორგის ოჯახის წევრები განაჩენით კმაყოფილი არიან?

- კმაყოფილი არიან. სასჯელის მაქსიმალური ვადა 17 წლამდე იყო და 16 წელი მიესაჯათ - ეს არის ობიქტური სასჯელი.

- განაჩენის გამოცხადების დღეს გიორგის დედა და და მივიდნენ სასამართლოში. მანამდე პროცესებზე არ დადიოდნენ. განაჩენის მოსმენა თავად გადაწყვიტეს? - დედას უნდოდა თვითონ მოესმინა განაჩენი. თამუნამ თავისი და ლევანის პოზიცია სასამართლო პროცესზე დაკითხვის დროს გამოხატა. ეს ძალიან მძიმე დღე იყო მისთვის. უყურებდა დამნაშავეებს, რომლებიც საზიზღრად იქცეოდნენ, მაგრამ გაუძლო და ემოციებს არ აჰყოლია. ამხელა უბედურება დაგვატყდა თავს, უდანაშაულო ბიჭი მოგვიკლეს და მიუხედავად ამისა, სამართლებრივ ნორმებს არ გავცდენივართ, ამის საპასუხოდ კი ვიღებთ დამნაშავეებისა და მათი ახლობლების აგრესიას, თუმცა აღარც მიკვირს - ისინი სულით და ხორცით მოძალადეები არიან.

- ბრალდებულთა ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან... - კი, გამართონ აქციები... ნუთუ იმას მაინც ვერ ხედავენ, საზოგადოების როგორი შეფასება მოჰყვა მომხდარს? არის ვინმე, ვინც მათ თანაუგრძნობს? მე ასეთი არ მეგულება. ამ ხმაურს სჯობდა, მათ შორის ერთი მაინც ყოფილიყო ღირსეული და სიმართლე ეღიარებინა, თუმცა, როგორც დავინახეთ, ღირსება არც ერთს არ აღმოაჩნდა. მთავარია, რომ გამოძიება იყო სრულყოფილი და მივიღოთ ობიექტური განაჩენი.