"სტრასბურგის გადაწყვეტილებას ბრწყინვალე კვირეულში სანდროსა და ირინას საფლავზე წავიკითხავ..." - კვირის პალიტრა

"სტრასბურგის გადაწყვეტილებას ბრწყინვალე კვირეულში სანდროსა და ირინას საფლავზე წავიკითხავ..."

"სანდროს მკვლელობამ ჩვენი დიდი ოჯახი გაანადგურა"

გასულ კვირას სანდრო გირგვლიანის მამასთან, გურამ გირგვლიანთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ ამაოდ... სავსებით ბუნებრივი იყო ბატონი გურამის მღელვარება მოახლოებული აღდგომისა და სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში, ალბათ, ამიტომაც ყველაფრის გარკვევამდე დუმილს ამჯობინებდა.

"კვირის პალიტრა" ირინა ენუქიძის ძმას, გოგი ენუქიძეს ესაუბრა და შეიტყო, რომ 26 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე კვირეულის ერთ-ერთ დღეს, სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის საფლავებთან ოჯახის წევრები და უახლოესი ადამიანები შეიკრიბებიან და არც მეტი, არც ნაკლები, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას წაიკითხავენ.

გოგი ენუქიძე: - საოცარი დამთხვევაა, რახანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ველით, კონვერტი კი აღდგომის სადღესასწაულო დღეებში უნდა გაიხსნას... სამშაბათს, პირადად მე, ირინას საფლავზე ავალ და ამ გადაწყვეტილებას იქ წავიკითხავ. ამით მიცვალებულებს პატივს  მივაგებ. მართალია, ჯერ გადაწყვეტილების შინაარსი თავადაც არ ვიცი, მაგრამ უფლის შემწეობის იმედიც მაქვს და გულის სიღრმეშიც მჯერა, რომ სამართალი აღსრულდება.

ალბათ, იცით, რა უბედურებაც დაგვატყდა თავს: ჯერ  სანდრო მოკლეს, მერე კი ერთმანეთის მიყოლებით დაიღუპნენ ჩემი ერთი და ლია, მეორე და - ირინა, ბოლოს კი ჩვენი მშობლები. დედას დაავადება ნერვიულობის ნიადაგზე განუვითარდა, ლია და მამა გულის შეტევით გარდაიცვალნენ, ირინა კი, შეიძლება ითქვას, უსამართლობასთან ბრძოლამ შეიწირა. ერთი იყო შვილის სიკვდილით გამოწვეული ტრაგედია, მეორე კი - მკვლელების დაუსჯელობა. სანდროს მკვლელობამ ჩვენი დიდი ოჯახი გაანადგურა.

ალბათ, ყველას ახსოვს ირინას სიტყვები:  "ხალხო, შვილებს დაგიხოცავენ!" - ამით ის ხალხს არა მხოლოდ თანადგომას სთხოვდა, არამედ ფეხზე დადგომისკენაც მოუწოდებდა.  ირინას ეს გულის ამოძახილი დედობრივი სიყვარულის გამოხატულებაც იყო და სხვისი შვილების გაფრთხილებაც. სანდრო დედას ჰგავდა, მისი ხასიათი ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, ირინას რომ რამე დამართოდა, ისიც ისევე გააგრძელებდა სიმართლის საპოვნელად ბრძოლას, როგორც ირინა იბრძოდა. ირინამ კი, ფაქტობრივად, შეძრა ქვეყანა.

სიკვდილამდე ირინა ძილში "სანდროს" იძახდა, იღვიძებდა და ისევ მასზე ლაპარაკობდა. შვილის სიკვდილამდე ირინა სიცოცხლით სავსე, ენერგიული და ხალისიანი ქალი იყო, თვალებში მუდამ ვარსკვლავები უციმციმებდა, სახეზე ღიმილი ჰქონდა გადაკრული... შვილის სიკვდილის შემდეგ კი ერთბაშად ჩაუქრა თვალები, სხვაგვარი გახდა, ისეთი, როგორსაც თქვენ იცნობდით.

KvirisPalitra.Geმაგრამ, თქვენ არ იცით, როგორი იყო თავად სანდრო!.. ერთხელ ბიჭები ზღვისპირეთში ისვენებდნენ, იქ სანდრომ ინვალიდის ეტლზე მიჯაჭვული ახალგაზრდა ბიჭი გაიცნო. თავის მეგობრებთან გართობა მიატოვა, სულ ამ ბიჭთან იყო, ელაპარაკებოდა, ისე დაუამხანაგდა, როგორც თანასწორი თანასწორს, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეტლზე მიჯაჭვულ ბიჭს თავი საზოგადოებისგან გარიყულად არ ეგრძნო. სანდრო ძალიან ყურადღებიანი იყო. ერთხელ ერთად ვიყავით ამერიკაში. თავი შეუძლოდ ვიგრძენი და სანდრომ ყველა შეაწრიალა და საავადმყოფოში გადამიყვანა. ძალიან თბილი და მოსიყვარულე ბიჭი იყო.

შალვა შავგულიძე, გირგვლიანების ადვოკატი: - პროგნოზის გაკეთება რთულია. ალბათ, იცით, რომ ოჯახმა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით სამასი ათასი ევრო მოითხოვა, რაც სრულად ან ნაწილობრივ შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუმცა ჩვენთვის არსებითია არა მატერიალური ანაზღაურება ზიანისა, არამედ ის, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ახალაღმოჩენილ გარემოებად მივიჩნიოთ, რომელიც უფლებას მოგვცემს მოვითხოვოთ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ხელახალი გამოძიება, განხილვა და დამნაშავეების დასჯა.

შედეგად კი არა მხოლოდ ის პერსონები დაუბრუნდებიან ციხეს, რომლებიც მკვლელობისთვის იხდიდნენ სასჯელს და ახლა თავისუფალი არიან, არამედ დადგება დანაშაულის შემკვეთ პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც. ვგულისხმობ სუფრის წევრებს, რომლებმაც, სავარაუდოდ, სანდროს დასასჯელად ოთხი კაცი გამოიძახეს. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს პირებიც თანამონაწილენი არიან დანაშაულისა.