სისხლიანი ვნების კვირა - კვირის პალიტრა

სისხლიანი ვნების კვირა

"დარბევებში მონაწილეობს სისასტიკით განთქმული პოლიციელი, მეტსახელად ლოქო"

"ამ ხალხს ლუკმაპური სჭირდება და არა მუჯლუგუნები!"

"პოლიციელი გარე მოვაჭრე ქალს სცემდა, რომელიც ერთი ახალგაზრდა კაცის დეიდა აღმოჩნდა. ბუნებრივია, გამოესარჩლა და მასაც მაგრად უთავაზეს. კაცმა დანა დააძრო და ძიძგილაობისას უბნის ინსპექტორი დაჭრა", - გვიამბო "ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრმა კახა მიქაიამ, რომელმაც ზუგდიდში ვნების კვირაში მომხდარი სისხლიანი ინციდენტის ამსახველი ფოტოები მოგვაწოდა.

- ხელისუფლებამ გარე მოვაჭრეები სავაჭრო ადგილებით ვერა და ვერ უზრუნველყო. 80% დევნილია და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს. ადგილობრივი ხელისუფლება თავიდანვე დაჰპირდა მათ, რომ ვაჭრობის საშუალებას სხვა ადგილზე მისცემდა. ერთხანს ბაზრის ტერიტორიაზე შეუშვეს, მაგრამ იქ შიდა და გარე მოვაჭრეებს შორის მოხდა კონფლიქტი. ამიტომ მოვაჭრეები ისევ გარეთ გამოვიდნენ და აკრძალვის მიუხედავად, ვაჭრობა გააგრძელეს. შედეგად ის მივიღეთ, რომ უკვე რამდენჯერმე დაარბიეს.

როგორც წესი, დარბევებში მონაწილეობს სისასტიკით სახელგანთქმული პოლიციელი თორია, მისი სახელი არ მახსოვს, რადგან სახელით თითქმის არავინ მოიხსენიებს, ლოქოს ეძახიან.

მოკლედ, წინასააღდგომოდ, ვნების კვირაში გარე მოვაჭრეებს ცემა დაუწყეს. იყო წივილ-კივილი და დავიდარაბა. ამ დროს ერთმა გამწარებულმა მოქალაქემ დანა დააძრო. როგორც მერე გავიგეთ, მისი დეიდა ყოფილა გარე მოვაჭრე და პოლიციელს ჰყოლია წიხლქვეშ გაგდებული. მისთვისაც უთავაზებიათ ერთი-ორი. თავიდან ეს მოქალაქე მხოლოდ დანას იქნევდა და პოლიციელებს აფრთხილებდა, არ მომეკაროთო, შემდეგ გაიქცა, მაგრამ მას დაეწივნენ. როგორც ვიცი, სწორედ ძიძგილაობისა და წაქცევისას დაჭრა უბნის ინსპექტორი დავით ხუნწარია.

პოლიციელებსა და გარე მოვაჭრეებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. ამ ხალხს ლუკმაპური სჭირდება და არა მუჯლუგუნები.

რა თქმა უნდა, ცუდია, რომ იმ კაცს დანა ჰქონდა, მაგრამ ისიც გაამწარეს. მსუბუქად დაჭრილი უბნის ინსპექტორი ხუნწარია სწრაფად გადაიყვანეს საავადმყოფოში. არ ვიცით იმ კაცს რა ბრალდებები წაუყენეს. მისი სახელი და გვარიც კი ვერ დავადგინეთ, რადგან დაუნდობლად ნაცემი სასწრაფოდ გააქანეს პოლიციაში.

P.S. კახა მიქაიას მიერ ჩვენთვის მოწოდებული ვიდეომასალა იხ. www.palitratv.ge-ზე