"ნიკა ეუბ­ნე­ბო­და ნე­კას, რომ მან აი­ძუ­ლა სტუმ­რე­ბი წა­სუ­ლიყ­ვნენ. ნიკა ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ან­და" - რას ჰყვება ნეკა დოროყაშვილის ნათესავი ჩვენებაში - კვირის პალიტრა

"ნიკა ეუბ­ნე­ბო­და ნე­კას, რომ მან აი­ძუ­ლა სტუმ­რე­ბი წა­სუ­ლიყ­ვნენ. ნიკა ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ან­და" - რას ჰყვება ნეკა დოროყაშვილის ნათესავი ჩვენებაში

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 მარტს ბრალდების მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება. ჩოგბურთელს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ. 19 მარტის სასამართლო პროცესზე ჩვენება ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილმა მისცა.

ეკა ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ შეესწრო ფაქტს, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მოწმე მასზე ფიზიკური ძალადობას არ ადასტურებს.

ეკა ფიცხალაიშვილის ჩვენებიდან:

- ვსაუბრობ ერთ კონკრეტულ ფაქტზე. ნიკა სამჯერ თუ მეყოლება ნანახი. მათი ურთიერთობის დეტალებში კარგად არ ვარ გარკვეული. სულ მეგონა, რომ შეხმატკბილებული და საუკეთესო წყვილი იყო. ნეკა მის პრობლემებზე ჩვენთან არ საუბრობდა. მწირი ინფორმაცია მაქვს ბოლო პერიოდში დაძაბულობის შესახებაც. ბავშვი ორ წლამდე იქნებოდა, 2017 წლის პერიოდზეა საუბარი, ნიკოლოზი იყო საქართველოში, მათთან გავედი სტუმრად სახლში. ბავშვის დაძინების დრო რომ მოვიდა და ნეკამ შეიყვანა ოთახში, ბავშვი ჭირვეულობდა და არ იძინებდა.

ჩვენ მისაღებ ოთახში ვიყავით, მე, ნიკას ძმა და კიდევ ახლობელი, ვხმაურობდით. ნეკამ დაუძახა ნიკას და შეიყვანა ოთახში, მერე ნიკამ გვითხრა, რომ ჩუმად ვყოფილიყავით ან გადაგვენაცვლა სამზარეულოში, ქვემოთ ჩავსულიყავით. ამის შემდეგ სტუმრების ნაწილი წავიდა. ნიკა შევიდა ოთახში და ამ თემაზე დაიწყო მასთან სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბავშვი მიჩუმებული იყო ამ დროს უკვე და ის ისევ ატირდა. ნეკა ნიკას უხსნიდა, რომ მისი მიზანი არ იყო სტუმრების სახლიდან გაყრა. ნიკა ეუბნებოდა ნეკას, რომ აიძულა სტუმრები წასულიყვნენ.

მეც სტუმარი ვიყავი, მაგრამ პირად შეურაცხყოფად ეს არ მიმიღია. ნიკა ძალიან გაღიზიანდა, რომ მისი სტუმრები წავიდნენ სახლიდან. არ ჩავერეოდი, თუმცა შევედი და ბავშვი გამოვიყვანე ოთახიდან. ოთახის კარი გამოვხურე. ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. ბავშვი სხვა ოთახში შევიყვანე და იქ ვაწყნარებდი. ისმოდა ყვირილის ხმა. იქიდან არ გამოვსულვარ. ამ ყველაფრის მერე როგორც მივხვდი, ნიკა წავიდა სახლიდან, ნეკა მერე შემოვიდა ჩემს ოთახში, აკანკალებული იყო, მანამდე თმა შეკრული ჰქონდა, ოთახში კი გაშლილი და მოუწესრიგებელი თმით შემოვიდა და მითხრა, რომ თავისი მშობლების სახლში წავსულიყავით.

ვთხოვე, რომ მასთან დავრჩებოდი. დავითანხმე დარჩენაზე. მახსოვს, ამბობდა, რომ მობრუნდეს რა იქნებაო. მე თავში აზრად არ მომივიდოდა ძალადობა. იმ დღეს ჩემთვის არაფერი უთქვამს ნეკას. ერთადერთი ვკითხე, ხშირად არის თუ არა მსგავსი ფაქტი. არ მიპასუხა იმ მომენტში. წამოვედი მეორე დღეს იქიდან და საღამოს რომ დავურეკე, მითხრა, ბოდიში მოვუხადეო. გამიკვირდა და ვუთხარი კიდეც. ეს არის ის ერთადერთი დღე, რასაც მე შევესწარი", – განაცხადა მოწმემ.

მას მხარეებმა კითხვები დაუსვეს და დაინტერესდნენ ხომ არ მომხდარა ფიზიკური ძალადობა, მოწმემ განმარტა, რომ ფიზიკური ძალადობის ხმა არ გაუგია და ამას ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს, რომ იმ დღეს ბასილაშვილმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პროცესზე სხვა მოწმეების დაკითხვა არ მოხერხდა, რადგან ხარვეზი იყო დისტანციური სხდომის მიმდინარეობისას.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, დოროყაშვილის ბიძაშვილმა დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილზე არასდროს განხორციელებულა ძალადობა.

"მოწმემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ის არასდროს გამხდარა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილზე ძალადობის განხორციელების შემსწრე და აღნიშნული სახის ინფორმაცია არ სმენია არც ნელი დოროყაშვილისგან და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრისაგან. ისაუბრა ზოგადად იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ცდება წარდგენილ ბრალდებას და ბრალად არ აქვს წაყენებული ნიკოლოზ ბასილაშვილს. ბრალდების მხარის სურვილი იყო, რომ აღნიშნული მოწმე დაკითხულიყო მიუხედავად იმისა, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ის ვერ საუბრობს და ცალსახად განმარტავს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არასდროს განხორციელებულა ნელი დოროყაშვილზე ძალადობა", - ამბობს ადვოკატი. გაგრძელება