"მარტო ერთი კოცნა მინდა, არ გეგონოს შენთვის ვკვდები..." ანუ როგორ გაეხვია გოგი წულაია სექსუალურ სკანდალში - კვირის პალიტრა

"მარტო ერთი კოცნა მინდა, არ გეგონოს შენთვის ვკვდები..." ანუ როგორ გაეხვია გოგი წულაია სექსუალურ სკანდალში

ვალერი გელბახიანი:  "ბატონ გოგის უმძიმესი ოპერაცია აქვს გაკეთებული, მისთვის ალკოჰოლიც, სექსიც და ბევრი მოძრაობაც აკრძალულია. სექსუალური ძალადობა გამორიცხულია, იმიტომ, რომ მას ეს არ შეეძლო და ამის დასადასტურებლად ექსპერტიზის ჩატარებასაც ითხოვს..."

პოლიტიკოს გოგი წულაიას სასამართლომ დახურულ სხდომაზე მიუსაჯა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა, რაც ბრალდებულმა გააპროტესტა იმ მოტივით, რომ მას "დასამალი არაფერი აქვს". მიუხედავად იმისა, რომ წულაია საჯაროობას მოითხოვდა, იმის გათვალისწინებით, რომ საქმე სქესობრივი დანაშაულის სავარაუდო ნიშნებს შეიცავს, პროცესი დაიხურა. სამართალდამცავებმა გოგი წულაია 16 მარტს მას შემდეგ დააკავეს, რაც შსს-ს ინფორმაციით, მან ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა. თავდაპირველად გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. შემდგომში კი 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას, სასჯელის ზომად კი 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წულაიას ადვოკატი ვალერი გელბახიანი ირწმუნება, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ბრალდება ემყარება მხოლოდ სავარაუდო მსხვერპლის გამოკითხვის ოქმს. თავის მხრივ, პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებას აქვს ნაქირავები ბინიდან ამოღებული მტკიცებულებები, ასევე ვიდეომასალა, რომელიც გარემოებებს აზუსტებს. პროკურატურის ინფორმაციით, "ქალს ორივე ხელის, კისრის და ზურგის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს".

"სილურჯეები ჯაჯგურისგან მაქვს, წულაია მოფერებას და კოცნას ცდილობდა და ხელებს მიჭერდა, მბოჭავდა..."

ასმათ დვალიშვილი, საქმის ფიგურანტი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესული თაობის" პრეზიდენტი:

- ბატონ გოგის 2015 წლიდან ვიცნობ, ჩვენს ორგანიზაციაში იყო საჯარო ლექციაზე. მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა, მსგავსი არასდროს არაფერი შემიმჩნევია, ჩვენს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაცაა...

ერთ დღეს ნამოხვანჰესის საპროტესტო აქციაზე მივდიოდი, გოგი მანქანით წამომეწია, წამიყვანა და გზაში მითხრა, თბილისში მივდივარ შეხვედრებზე და თუ წამოხვალო. ვუთხარი, ერთი დღით თუ წავალთ, წამოვალ-მეთქი. ვიფიქრე, ჩვენებსაც მოვინახულებ კარავში და მხარს დავუჭერ-მეთქი. 16 მარტს დამირეკა და მითხრა, თბილისში მივდივარ მოლაპარაკებაზე და წამოდიო. ვიცოდი, რომ ბატონი გოგი ახალი პარტიის შექმნას აპირებდა, რაღაცებში მხარდაჭერა სჭირდებოდა და როგორც მეგობარს, თუ შემეძლო დახმარება, რატომაც არა. ჩავსხედით მანქანაში მე, ბატონი გოგი და ლევან ღლონტი. გზაში გეგმებს მიზიარებდა, პოლიტიკურ თემებზე ვსაუბრობდით. როცა თბილისში ჩამოვედით, გავიგეთ, რომ შეხვედრა მომდევნო დღისთვის გადაიდო, რაც არ მესიამოვნა. კომენდანტის საათი იწყებოდა და ვუთხარი, ჩემებს დავურეკავ და ნათესავებთან წავალ-მეთქი. არსადაც არ წახვალ, მე ჩამოგიყვანე და მე ვარ შენზე პასუხისმგებელიო. ახლა ვაანალიზებ, რომ გზაში არავისთვის დაურეკავს, სასტუმრო ან ბინა რომ სჭირდებოდა, სადღაც ხომ უნდა დავბინავებულიყავით? არც არავის დაურეკავს, შეხვედრა გადაიდოო, ამიტომ ეჭვი მაქვს, რომ ბინა წინასწარ ჰქონდა დაქირავებული, მე კი ბოთესავით ბრმად მივყევი. მივედით ბინაში. სადღაც დარეკა, მოვიდა ვიღაც ქალი და გადმოგვცა გასაღები. გოგიმ მითხრა, შენ ადი, მე და ლევანი პროდუქტებს ამოვიტანთო. ხშირად მიწევდა მათთან მუშაობა, ყოფილა შემთხვევა, ბინა აგვიღია ან სასტუმროში დავბინავებულვართ, მაგრამ სხვადასხვა ოთახში დაგვიძინია. აზრად არ მომსვლია, სამი კაცისთვის ერთოთახიანი ბინა თუ იქნებოდა და როცა ვნახე, არ მომეწონა. მაღაზიიდან გოგი მარტო ამოვიდა და მითხრა, ლევანი წავიდაო. დავსხედით, ვისაუბრეთ.

მერე ვუთხარი, გულის ოპერაცია გაქვს გაკეთებული და ტახტზე დაიძინე, მე დივანზე დავწვები-მეთქი. შემეწინააღმდეგა, ტახტზე შენ დაწექი, ნუ გეშინია, არ მოგეკარებიო. მერე სამზარეულოში გავიდა და პლანი მოწია, საუბარში კი ერთი ბოთლი კონიაკი მარტომ დალია და დათვრა. 15 წუთის მერე მომიახლოვდა და მოფერება დამიწყო, ვუსაყვედურე... მითხრა, კაი, ახლა, რა იყოო. მერე მეორედ სცადა... კიდევ მოვიშორე. ვუთხარი, ეს როგორ უნდა მაკადრო, ამდენი წლის მეგობრობა გვაკავშირებს-მეთქი. მესამედ უკვე შეტევაზე გადმოვიდა, ყველაფერი სცადა, გაჩერებას ვახერხებდი და ვფიქრობდი, 5 საათამდე როგორმე გამაძლებინა, რომ გავიქცე აქედან-მეთქი. ყველაფერი გავაკეთე, რომ მისი შემოტევები ამეტანა. ბოლოს საშველი რომ აღარ იყო, საპირფარეშოში ჩავიკეტე. მიძახდა, რა იყო, გამოდი, არ მოგეკარები, რა გაგიხდა ერთი კოცნაო. ამასობაში პატრულში დავრეკე.

როცა მივხვდი, რომ ჩათვლიმა, ამ დროს დამირეკეს პოლიციელებმა და სადარბაზო მკითხეს. ბოტასების და ჩანთის აღება მოვასწარი, ფეხშიშველი გამოვიქეცი და სადარბაზოში ჩავიცვი. რომ მცოდნოდა, ჩაეძინებოდა, როგორმე შევიკავებდი თავს. ერთი შვილი მყავს და იმის თავს გეფიცებით, არ მინდოდა ასე გაგრძელებულიყო, მაგრამ იმდენად შეშინებული და შეურაცხყოფილი ვიყავი, სხვა გზა არ დამიტოვა.

- მეორე მხარე თქვენს პროვოკაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ მიგზავნილი ხართ...

- გოგისგან მეც ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი რამ რომ გამეგო. ყველაფერს ფარდა აეხდება. სილურჯეები ჯაჯგურისგან მაქვს, წულაია მოფერებას და კოცნას ცდილობდა და ხელებს მიჭერდა, მბოჭავდა, ზურგის არეშიც მაქვს დაზიანებები, მკლავებზეც და კისერზეც.

18 წლის ქალიშვილი მყავს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტი. მეუღლე არ მყავს და უქმრო ქალებზე ხომ კაცებს ისეთი წარმოდგენა აქვთ, რომ მათთან ყველაფერი შეიძლება. ბატონი გოგი ცნობილი პიროვნებაა, ამიტომ მას ყველაფერი უნდა ეკადრა, მე კი ყველაფერი გადამეყლაპა? თუ შემგზავნეს, გოგი წულაია რომელი პოლიტიკოსია ამ ეტაპზე? რა სისულელეა... მე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ვარ და დევი ჭანკოტაძის საარჩევნო შტაბშიც ვიყავი, მაგრამ ეს ამ საქმესთან რა კავშირშია?!

მისი საქციელიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, მას მსგავსი შემთხვევები სხვასთანაც ჰქონოდა, მაგრამ შერჩა. სანამ აგრესიაზე გადმოვიდოდა, პარტიაზე მელაპარაკებოდა, მითხრა, სიაში პირველ ნომრად ჩაგსვამო. რატომ უნდა ჩამსვა სიაში პირველი, როცა შენ აკეთებ ყველაფერს? ალბათ, ამას იმიტომ მთავაზობდა, მარტივად რომ დავთანხმებულიყავი...

"საკითხავია, იმ ქალის დაზიანებები იმდღევანდელია თუ არა"

ვალერი გელბახიანი, გოგი წულაიას ადვოკატი:

- აღნიშნული მუხლი არათუ უსაფუძვლო, უკანონოა, იმიტომ, რომ საქმეზე არ არის დართული არც ერთი მტკიცებულება, არც ექსპერტიზის დასკვნა, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზეა აგებული. ეს არის წინასწარ შექმნილი ბრალდება, რომლის მტკიცებულება ბრალდებას მოპოვებული არა აქვს.

- თვითონ ბატონი გოგი რას ამბობს?

- ამბობს, რომ სექსუალურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მათ შორის წლების განმავლობაში არსებობდა მეგობრული ურთიერთობა. რაღაც საკითხზე შეკამათდნენ, ამას მოჰყვა კონფლიქტი, რის გამოც განაწყენებულმა ქალმა პატრულში დარეკა.

პატრული რომ მოვიდა, წულაიას ეძინა, გააღვიძეს და დააკავეს, ეს არის მთელი ისტორია. ბატონ გოგის 6 თვის წინ შუნტირება აქვს გაკეთებული და ლაპარაკი იმაზე, რომ ძალით უნდოდა სქესობრივი კავშირის დამყარება გულმტკივან ადამიანს, ლოგიკას მოკლებულია. გოგის არც ფიზიკურად უძალადია. საკითხავია, იმ ქალის დაზიანებები იმდღევანდელია თუ არა. ის ქალი იტყუება, ალკოტესტით დადასტურდა, რომ გოგი წულაია ფხიზელი იყო, მას სასმელი აკრძალული აქვს...

სილურჯეებზე რომ ლაპარაკობს, ნახა ვინმემ ექსპერტიზის დასკვნა? არც გამოძიებას აქვს დადგენილი, რომ ეს დაზიანებები მაინცდამაინც იმ დღისაა და ბრალდებულმა მიაყენა. წულაია ამბობს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, პროვოცირებული, რათა ის ციხეში ჩაესვათ. საქმეში არსებობს ვიდეოფაილები, სადაც ჩანს, რომ საშაყირო ფაილია, როგორ ეღადავებიან ისინი ერთმანეთს და სადაც გოგი ეუბნება, შენთან სექსის არანაირი სურვილი არ მაქვსო და მეტი რა უნდა ეწეროს?

- ქალმა ჩაიწერა ის ფაილები?

- დიახ, ფარულად იწერდა და დათვალიერების ოქმში გადმოტანილია მისი სრული სტენოგრამა, სადაც იკითხება, რომ წულაიას სექსუალური მოტივი ან მიზანი არ ჰქონია.

წულაია ქალს ბოდიშს ძალადობის გამო კი არა, კოცნის გამო უხდის. მან ლოყაზე აკოცა ქალს და ამის გამოა დაჭერილი. აშკარაა, პოლიტიკური მსხვერპლია.

- რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ პოლიტიკური მსხვერპლია?

- დიახ, წულაია არის პოლიტიკური მსხვერპლი იმ განცხადებებისა, რომელიც მან გააკეთა ივანიშვილის ოჯახის წევრის შესახებ. ბატონ გოგის უმძიმესი ოპერაცია აქვს გაკეთებული, არის პრეპარატებზე და მისთვის ალკოჰოლიც, სექსიც და ბევრი მოძრაობაც აკრძალულია. სექსუალური ძალადობა გამორიცხულია, იმიტომ, რომ მას ეს არ შეეძლო და ამის დასადასტურებლად ექსპერტიზის ჩატარებასაც ითხოვს.

გოგი ძალიან აქტიური და აგრესიული პათეტიკის მატარებელი ოპოზიციონერია, რომელიც გამოირჩეოდა ამ ხელისუფლების ფაქტობრივი მმართველის მძიმე შეფასებებით, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ რომელიღაცა სტრუქტურამ იმუშავა...

- მის მსხვერპლზე რა იცით?

- ჩვენ გადავხედეთ "მსხვერპლის" საქმიანობას და აღმოჩნდა, რომ ის თანამშრომლობს ქუთაისის მერიასთან, ასევე თავდაცვის სამინისტროსთანაც, რომლებიც მას ტენდერებში ამარჯვებინებდნენ. მის სახელს უკავშირდება წარსულში კრიმინალური საქმიანობაც, რომელიც ანალოგიური ტიპის დანაშაულებში ამხელს. არსებობს ჩანაწერები და უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ.

"ნაციონალების" კოორდინატორი იყოო, რომ ამბობენ, იმდენი ვინმეა იქ ჩანერგილი, ამას ვინ დათვლის? ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი და როცა დავიშალეთ, აღმოჩნდა, რომ 15% შემოგზავნილი ყოფილა.