პირველი ჩოგანის საქმე
22-03-2021
პირველი ჩოგანის საქმე
"ბავშვი საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით უნდა დაიკითხოს დახურულ სასამართლო სხდომაზე. როდის დაიკითხება, ამას ბრალდების მხარე განსაზღვრავს ბავშვის კანონიერ წარმომადგენელთან და ჩვენთან შეთანხმებით"

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის არსებითი განხილვა მოწმეების დაკითხვით გრძელდება. მას ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობაში ადანაშაულებს. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს, 24 მაისს კი 100.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. წყვილს სასამართლოში სამოქალაქო დავაც აქვს - ყოფილი მეუღლე ბასილაშვილისაგან თანასაკუთრებაში შეძენილი ქონების
ნახევარს ითხოვს. მათ ერთადერთი ვაჟი, ლუკასი ჰყავთ, რომელიც დედასთან იზრდება. ნელი დოროყაშვილის ინტერესებს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის".

გასულ კვირას ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა. დაჯილდოების ცერემონიალზე მან ქართულად მიმართა შვილს: "ლუკას, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, მიყვარხარ და
მენატრები. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს საქართველოში, დიდი მადლობა გვერდით დგომისთვის".ამას მოჰყვა ქალთა უფლებადამცველების კომენტარები სოციალურ ქსელში. "საფარის" ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ დაწერა: "ესეც თქვენი სანაქებო კაცი, შვილს (და არა ცოლს, ცოლს უკვე წაართვა) სახლს ართმევს სასამართლოთი და წელიწადნახევარია ალიმენტს არ უხდის ბავშვს. ასევე, სასამართლოთი აქვს აკრძალული შვილთან მიახლოვება - ნეტა რატომ?"

სტატუსები მიუძღვნეს მის გამოსვლას დოროყაშვილის ადვოკატებმაც. "ამას არ დავწერდი ნამდვილად, რომ არა ბასილაშვილის ეპატაჟური სიტყვა შვილის შესახებ. მას შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით", - დაწერა ადვოკატმა ანა აბაშიძემ.

ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ უფლებადამცველები ტურნირიდან ბასილაშვილის მოხსნასაც კი ცდილობდნენ, რასაც დოროყაშვილის ადვოკატები კატეგორიულად უარყოფენ. 19 მარტს ბასილაშვილის სასამართლო სხდომა დისტანციურად ჩატარდა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ყველა მხარეს­ მოუწოდა, თავი შეიკავონ პარალელური მართლმსაჯულებისგან და თავიანთი პოზიცია სასამართლოში გამოხატონ. როგორც გაირკვა, დაზარალებულის ინტერესების დამცველმა წერილობით მიმართა სასამართლოს და საქმის დაჩქარებულად განხილვა მოითხოვა, რადგან ხდება დაზარალებულის დისკრედიტაცია და ილახება მისი ინტერესები. საპასუხოდ მოსამართლემ განმარტა, რომ საქმე განიხილება კანონით გათვალისწინებულ ვადაში, თუკი მხარეები მონაწილეობას მიიღებენ მტკიცებულებების გამოკვლევაში და დასძინა, რომ გასათვალისწინებელია სასამართლოს გრაფიკი და პანდემიური ვითარებაც. ცნობილია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაიკითხება ნიკოლოზ ბასილაშვილის არასრულწლოვანი შვილიც, თუმცა ამ დროს სასამართლო სხდომები დაიხურება.

19 მარტის სხდომაზე სასამართლოს ჩვენება მისცა ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილმა. ეკა ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ ის შეესწრო 2017 წელს ფაქტს, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა მოწმემ განმარტა, რომ არ დაუნახავს და არაფერი გაუგია ფიზიკური ძალადობის შესახებ.

"არც ერთ დოკუმენტში არ წერია, რომ ნიკა მოძალადეა..."

ბრალდებულის ადვოკატის, ირმა ჭკადუას­ განცხადებით, 19 მარტს, სასამართლო პროცესზე, ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილმა განაცხადა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ნელი დოროყაშვილზე არასდროს უძალადია.

- დაიკითხა ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილი. მოწმემ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ის არასდროს გამხდარა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილზე ძალადობის შემსწრე და ეს არ სმენია არც ნელი დოროყაშვილისგან, არც მისი ოჯახის რომელიმე წევრისაგან... ნეკა დოროყაშვილის ადვოკატები ყოველთვის ამტკიცებდნენ, რომ ამ ისტორიაში ფინანსები არაფერ შუაში იყო, მაგრამ მათი კომენტარებით გამოჩნდა, რა არის ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვამბობ - ტყუილია, რომ საკუთარ შვილს ნიკა სახლს ართმევს.

სახლი, რომელშიც ცხოვრობენ, ნიკოლოზ ბასილაშვილის შეძენილია, საკუთარი ხელით აქვს გაკეთებული რემონტი. ყოფილ ცოლს ჰყავს ავტომანქანა, მისცა კომერციული ფართი,­ საიდანაც ყოველთვიურად აქვს სოლიდური შემოსავალი. რაც შეეხება მეორე სახლს, რომელსაც ახლა დოროყაშვილი ითხოვს, ის ბასილაშვილს მისთვის საჩუქრად უნდა გადაეცა, მაგრამ გარკვეული პირობების შეუსრულებლობის გამო ეს საკითხი შეჩერებულია.

ეს დღეები მუდმივად ისმოდა ნიკას საწინააღმდეგო მოწოდებები. მას ამაზე კომენტარი არ სურდა, მაგრამ კამპანია, რომელიც მის ისტორიულ გამარჯვებას მოჰყვა, ისეთი შეურაცხმყოფელი გახდა, იძულებული გავხდით, ჩვენც გაგვეკეთებინა განცხადება. ჩვენი ოპონენტები მას მოიხსენიებენ მოძალადედ, რაც ადასტურებს, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს უფლებადამცველებს უწოდებენ, არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას. სამწუხაროდ, ამას ეს არასამთავრობო ორგანიზაციები საგრანტო პროგრამების მისაღებად იყენებენ…- ვინც ცდილობს, იმიჯი შეულახოს ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ქვეყანას, მერწმუნეთ, თავად დარჩება გაწბილებული. არც ერთ დოკუმენტში არ წერია, რომ ბასილაშვილი არის მოძალადე.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ქართული­ არასამთავრობო ორგანიზაციები დოჰას ტურნირიდან ნიკოლოზ ბასილაშვილის მოხსნას მოითხოვდნენ, დოროყაშვილის დაცვის­ მხარე კი აცხადებს, რომ ეს სიცრუეა. მართლაც არსებობს ასეთი დოკუმენტი? ვინ ითხოვდა ნიკას ტურნირიდან მოხსნას?
- რაც უკვე ვთქვი, იმაზე მეტს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გეტყვით. ადვოკატებს გვაქვს უფლება, ყველაფერი არ გავამხილოთ. მე რაც მინდოდა და რაც დადასტურებულია, ის ვთქვი.

"მოწმემ თქვა, როგორ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ნელის"

თამარ გაბოძე, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი:

- როგორც ჩანს, საზოგადოებას­ ისევ არასწორ ინფორმაციას აწვდიან. სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო მოწმეების დაკითხვით. დაიკითხა დაზარალებულის ბიძაშვილი, რომელმაც დეტალურად გაიხსენა, როგორ გახდა ნელი დოროყაშვილის მიმართ ბრალდებულის ფსიქოლოგიური ძალადობის თვითმხილველი... არსებობს ძალადობის რამდენიმე ფორმა, რომლებიც სისხლის სამართლის კანონით ისჯება. ბრალდებულს ბრალი წარდგენილი აქვს ოჯახში როგორც ფიზიკური,­ ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის ხუთ ეპიზოდში.­ დიახ, მოწმემ თქვა, რომ არ შესწრებია ფიზიკურ ძალადობას, თუმცა გაიხსენა, როგორ მიაყენა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა ყოფილ მეუღლეს... რადგან მოწმე იყო სხვა ოთახში, ფიზიკური ძალადობა რომც მომხდარიყო, იგი ამას ვერ დაინახავდა, თუმცა მან დაადასტურა, რომ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეს უყვიროდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

- ითქვა, რომ პროცესზე დაიკითხება მათი არასრულწლოვანი შვილი. თქვენ თანახმა ხართ? აქამდე არ მიიჩნევდით საჭიროდ ბავშვის ხშირად დაკითხვას. როგორც ვიცით,­ ის მხოლოდ ერთხელ დაკითხეს.
- ბავშვი საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით უნდა დაიკითხოს დახურულ სასამართლო სხდომაზე. როდის დაიკითხება, ამას ბრალდების მხარე განსაზღვრავს ბავშვის კანონიერ წარმომადგენელთან და ჩვენთან შეთანხმებით.

- ნელი დოროყაშვილი არ ესწრება პროცესებს. მას როდის დაკითხავენ?
- ნელი არ მონაწილეობს სასამართლო პროცესებში მანამდე, ვიდრე არ დაკითხავენ. სისხლის სამართლოს საპროცესო ნორმების შესაბამისად, მოწმეს დაკითხვამდე უფლება არ აქვს სასამართლო პროცესებში მიიღოს მონაწილეობა. ჯერჯერობით არ ვიცით, მას როდის დაკითხავენ.

- მოსამართლემ მხარეებს მოგიწოდათ, პარალელურ მართლმსაჯულებას თავი აარიდოთ...­
- ჩვენი ბრძოლა არის სამართლ­ებრივი­ და, ბუნებრივია, ეს უნდა გაგრძელდეს სასამართლო დარბაზში, თუმცა იძულებული გავხდით, ცრუ ბრალდებებისთვის პასუხი გაგვეცა. ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, რომ დიდი ინტერესის გამო საზოგადოებას ამ საქმესთან დაკავშირებით უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია. მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე ორივე მხარეს იბრძვის საკუთარი ინტერესებისთვის. თითოეული ადვოკატი ვალდებულია იმოქმედოს კლიენტის ინტერესების შესაბამისად, თუმცა არსებობს ზღვარი, რომელიც ადვოკატმა არ უნდა დაარღვიოს.

ჩვენ ველით, რომ მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს ბასილაშვილის გამამტყუნებელ განაჩენს. რომ არ ყოფილიყო ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, მას არც ბრალს წაუყენებდნენ და არც გირაოს დააკისრებდნენ. არსებითი განხილვის დროს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება, საქმეში კი, როგორც მოგახსენეთ, გაცილებით მეტი მტკიცებულება არსებობს, რომლებიც ადასტურებს, რომ ნელი დოროყაშვილი ყოფილი მეუღლისგან წლების განმავლობაში განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.

მოწმის ჩვენებიდან

(სტილი დაცულია). "ვსაუბრობ ერთ კონკრეტულ ფაქტზე. ნიკა სამჯერ თუ მეყოლება ნანახი. მათი ურთიერთობის დეტალებში კარგად არ ვარ გარკვეული. სულ მეგონა, რომ შეხმატკბილებული წყვილი იყო. ნეკა მის პრობლემებზე ჩვენთან არ საუბრობდა. მწირი ინფორმაცია მაქვს ბოლო პერიოდში დაძაბულობის შესახებ. ბავშვი ორ წლამდე იქნებოდა, 2017 წლის პერიოდზეა საუბარი, ნიკოლოზი იყო საქართველოში, მათთან გავედი სტუმრად სახლში. ბავშვის დაძინების დრო რომ მოვიდა და ნეკამ შეიყვანა ოთახში, ბავშვი ჭირვეულობდა და არ იძინებდა. ჩვენ მისაღებ ოთახში ვიყავით, მე, ნიკას ძმა და კიდევ ახლობელი, ვხმაურობდით. ნეკამ დაუძახა ნიკას და შეიყვანა ოთახში, მერე ნიკამ გვითხრა, რომ ჩუმად ვყოფილიყავით, ან გადაგვენაცვლა სამზარეულოში, ქვემოთ ჩავსულიყავით. ამის შემდეგ სტუმრების ნაწილი წავიდა. ნიკა შევიდა ოთახში და ამ თემაზე დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბავშვი მიჩუმებული­ იყო ამ დროს უკვე და ისევ ატირდა. ნეკა ნიკას უხსნიდა, რომ მისი მიზანი არ იყო სტუმრების გაყრა. ნიკა ეუბნებოდა, რომ ნეკამ აიძულა სტუმრებს წასვლა. მეც სტუმარი ვიყავი, მაგრამ პირად შეურაცხყოფად ეს არ მიმიღია.

ნიკა ძალიან გაღიზიანდა, რომ მისი სტუმრები წავიდნენ სახლიდან. არ ჩავერეოდი, თუმცა შევედი და ბავშვი გამოვიყვანე ოთახიდან. ოთახის კარი გამოვხურე. ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. ბავშვი სხვა ოთახში შევიყვანე და ვაწყნარებდი. ისმოდა ყვირილის ხმა. ამ ყველაფრის მერე ნიკა წავიდა სახლიდან, ნეკა შემოვიდა ჩემს ოთახში, აკანკალებული იყო, მანამდე თმა შეკრული ჰქონდა, ოთახში კი გაშლილი და მოუწესრიგებელი თმით შემოვიდა და მითხრა, რომ მშობლების სახლში წავსულიყავით. ვთხოვე, რომ მასთან დავრჩებოდი. დავითანხმე დარჩენაზე. მახსოვს, ამბობდა, რომ მობრუნდეს, რა იქნებაო. მე თავში აზრად არ მომივიდოდა ძალადობა. იმ დღეს ჩემთვის არაფერი უთქვამს ნეკას.­ ერთადერთი ვკითხე, ხშირად არის თუ არა მსგავსი ფაქტი. არ მიპასუხა იმ მომენტში. წამოვედი მეორე დღეს და საღამოს რომ დავურეკე, მითხრა, რომ ბოდიში მოვუხადეო. გამიკვირდა და ვუთხარი კიდეც. ეს არის ის ერთადერთი დღე, რასაც შევესწარი"."

მოწმეს მხარეებმა კითხვები დაუსვეს და დაინტერესდნენ, ხომ არ მომხდარა ფიზიკური ძალადობა, მან განმარტა, რომ ფიზიკური ძალადობის ხმა არ გაუგია და ამას ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს. 19 მარტს ტექნიკური ხარვეზის გამო პროცესის გაგრძელება ვერ მოხერხდა, ამიტომ მხოლოდ ერთი მოწმე დაიკითხა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები