"თეო ჩხუბის დროს, დანით მოკლეს" - ვინ იყო თურქეთში მოკლული ქართველი ქალი და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი - კვირის პალიტრა

"თეო ჩხუბის დროს, დანით მოკლეს" - ვინ იყო თურქეთში მოკლული ქართველი ქალი და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, კერძოდ, ბაღლიჯაარის უბანში, წუხელ ქართველი ქალი მოკლეს. თეონა თუაშვილი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძიმედ დაიჭრა მისი პაკისტანელი მეუღლე, რომელიც უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. მის გადარჩენას ექიმები ცდილობენ.

როგორც თურქეთში მცხოვრები ქალბატონი გვიყვება, ინციდენტი ცოლ-ქმრის საცხოვრებელ ბინაში მოხდა. ისინი 4 - სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდნენ, მათთან სწორედ ამ ბინაში მივიდა პაკისტანის 4 მოქალაქე, რა დროსაც მოხდა კონფლიქტი.

"თეო ჩხუბის დროს, დანით მოკლეს. მას ექსპერტიზა უტარდება. ამბობენ, რომ დაზიანება ყელის არეში მიაყენეს. დამნაშავეებმა დანაშაულის ადგილიდან მიმალვა შეძლეს.

სამართალდამცავები და კრიმინალისტები დიდხანს მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე. მკვლელობის მიზეზი არ ვიცით, გოგოებმა რომ დადეს ეს ინფორმაცია, გავოგნდი, განადგურებულები ვართ. ქმარი თუ გადარჩა, ის იტყვის ყველაფერს. შოკირებულები ვართ, რატომ უნდა მოეკლათ ეს სიცოცხლით სავსე გოგო ნამდვილად არ ვიცი. სახლში ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა ცოლ - ქმარს",- გვითხრა თეონას ახლობელმა გოგონამ, რომელიც ამჟამად სტამბულშია.