"ოჯახი ითხოვს გაირკვეს, რა ინვენტარიზაცია აქვს კლინიკა "იმედს" და დროულად აღმოუჩინეს თუ არა დახმარება მეგი ბაქრაძეს" - კვირის პალიტრა

"ოჯახი ითხოვს გაირკვეს, რა ინვენტარიზაცია აქვს კლინიკა "იმედს" და დროულად აღმოუჩინეს თუ არა დახმარება მეგი ბაქრაძეს"

"ვაყენებთ შუამდგომლობას სისხლის სამართლის საქმეში, კლინიკა "იმედის" ინვენტარის დათვალიერების თაობაზე, თუ რა ინვენტარს ფლობს კლინიკა", - ამის შესახებ 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ნინო ამაღლობელმა განაცხადა.

როგორც ოჯახის ადვოკატი აცხადებს, მათ აინტერესებთ დროულად აღმოუჩინეს თუ არა დახმარება მეგი ბაქრაძეს. ამასთან, ჰქონდა თუ არა კლინიკა "იმედს" შესაბამისი ინვენტარიზაცია, რაც საჭიროა პოსტვაქცინაციის პერიოდში.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვერ მოვიპოვეთ დოკუმენტაციები, სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც თავდაპირველად არასრულყოფილი სახით გადმოგვეცა.

ახალციხეში ჩვენი წასვლის თვითმიზანი იყო ის, რომ გამოგვეკვლია მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინაციამდე, მანამდე არსებული სამედიცინო დოკუმენტაციით.

ვაყენებთ შუამდგომლობას სისხლის სამართლის საქმეში, კლინიკა "იმედის" ინვენტარის დათვალიერების თაობაზე, თუ რა ინვენტარს ფლობს კლინიკა "იმედი".

ჩვენ გვაქვს კითხვა, უშუალოდ მეგი ბაქრაძეს, ვაქცინაციის შემდეგ, გაეწია თუ არა დროული სამედიცინო დახმარება. ჰქონდა თუ არა, კლინიკა "იმედს" შესაბამისი ინვენტარი პოსტვაქცინაციის პერიოდში, გართულების შემთხვევაში, რომ აღმოეჩინათ დროული სამედიცინო დახმარება", - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მეგი ბაქრაძე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-მ 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.