სავარაუდოდ, შეცდომით მოკლეს კახეთში სეზონური სამუშაოსთვის ჩასული ახალგაზრდა კაცი - ვინ არის გარდაცვლილი და რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი? - კვირის პალიტრა

სავარაუდოდ, შეცდომით მოკლეს კახეთში სეზონური სამუშაოსთვის ჩასული ახალგაზრდა კაცი - ვინ არის გარდაცვლილი და რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი?

კახეთში, სოფელ ჩუმლაყის მახლობლად, 42 წლის მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს. დაჭრილია მანქანაში მჯდომი კიდევ სამი მამაკაცი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვლელის სამიზნე სხვა ადამიანი, კერძოდ, მალხაზ ბადუაშვილი იყო, რომელიც ასევე ავტომობილში იმყოფებოდა. გარდაცვლილი 1979 წელს დაბადებული, სენაკელი იმედა ჩიქობავაა, რომელიც, სავარაუდოდ, შეცდომით მოკლეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის მართავდა ბადუაშვილის მანქანას და ამიტომაც მიიჩნიეს სამიზნედ.

იმედა ჩიქობავა, ზუგდიდელ მუხარ მესხიასთან ერთად, კახეთში სეზონური სამუშაობისთვის იყო ჩასული, ისინი ბადუაშვილის მანქანით, კიდევ ერთ მუშასთან - ადგილობრივ ზურა ბერულაშვილთან ერთად, სოფელ ჩუმლაყში ატმის ბაღში სამუშაოდ მიდიოდნენ.

სავარაუდოდ, მომხდარის სისხლიანი გარჩევა წლების წინ მომხდარ მკვლელობას უკავშირდება, რის ბრალდებითაც ბადუაშვილი გაასამართლეს. მან სასჯელი უკვე მოიხადა. მოკლედ, მომხდარის მოტივი, დიდი ალბათობით, შურისძიებაა. როგორც ადგილობრივებმა ambebi.ge-ს უთხრეს, ბადუაშვილი კრიმინალურ ავტორიტეტად მიიჩნევა, აღსანიშნავია, რომ გასული წლის ზაფხულში ბადუაშვილი იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს, თუმცა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ თამარ კაპანაძემ მას აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და გაათავისუფლა.

ბადუაშვილის ოჯახი რაიმე სახის კონფლიქტს გამორიცხავს. დაჭრილის მამის თქმით, მის შვილს ბოლო ხანს არავინ ემუქრებოდა.

ერთ-ერთი დაჭრილი მუხრან მესხია ზუგდიდიდანაა, მას დაზიანება თვალის არეში აქვს, ამიტომაც ის სამკურნალოდ თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადმოჰყავთ. საავადმყოფოდან გამოყვანისას, მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარიც გააკეთა.

"არ ვიცი, რა მოხდა, გავიგონე გასროლის ხმა და მეტი არაფერი მახსოვს", - განაცხადა მესხიამ.

გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალის" კლინიკაში რჩებიან მალხაზ ბადუაშვილი და ზურა ბერულაშვილი, რომელსაც დაზიანება ფეხის არეში აქვს. მას ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109 მუხლებით დაიწყო. დანაშულის ადგილიდან ამოღებულია ნივთმტკიცებად 14 მასრა.

ambebi.ge