"ამბობენ, მოკლული ბადუაშვილში შეეშალათო, მალხაზს ეცოდინება ვინ ჰყავს გადამტერებული და რატომ დასდევენ მოსაკლავად" - კვირის პალიტრა

"ამბობენ, მოკლული ბადუაშვილში შეეშალათო, მალხაზს ეცოდინება ვინ ჰყავს გადამტერებული და რატომ დასდევენ მოსაკლავად"

25 მარტს, დილის 8 საათზე, გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში მაცხოვრებლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს. იმ დილით ჩუმლაყში მცხოვრები მალხაზ ბადუაშვილი და მასთან დასავლეთ საქართველოდან სამუშაოდ ჩასული ბიჭები სამუშაოდ მიდიოდნენ, როცა ბადუაშვილის კუთვნილ "მერსედერსის" მარკის ავტომობილს თავდამსხმელებმა მოულოდნელად ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნეს და მანქანაში მყოფი ოთხივე ადამიანი დაჭრეს. როგორც ირკვევა, იმ დროს საჭესთან 41 წლის იმედა ჩიქობავა იჯდა. მართალია, იგი მძიმედ იყო დაჭრილი, მაგრამ მანქანის მართვა განაგრძო, სამშვიდობოს გავიდა და ცოტა მოშორებით გაჩერდა. დაჭრილებმა, თურმე, თავად დარეკეს 112-ში და დახმარება ითხოვეს. სასწრაფოს ბრიგადა შემთხვევის ადგილზე მივიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საჭესთან მყოფი იმედა ჩიქობავა უკვე გარდაცვლილი დახვდათ, მას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.

სიკვდილს სასწაულად გადაურჩა მანქანაში მყოფი 3 ადამიანი, დაჭრილები სასწრაფოდ გურჯაანის კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო და გადაუდებელი ოპერაცია იქვე ჩაუტარდა. კიდევ ერთი დაჭრილი, 30 წლის მუხრან მესხია სასწრაფოს ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. მას ცეცხლსასროლი იარაღით ერთი გამავალი ჭრილობა მხარში აქვს მიყენებული და, ასევე, თვალი აქვს დაზიანებული. მესხიას გონება არ დაუკარგავს. ამბობს, რომ მომხდარი ტრაგედიის მიზეზი მისთვის უცნობია. არც ის იცის, თუ ვინ და რატომ ესროლა მათ. "არაფერი მახსოვს და არ ვიცი, ვინ გვესროლა, რატომ გვესროლა ან საიდან ისროდნენ. დილით, ჩვეულებრივ, სამუშაოდ მივდიოდით მანქანით, როცა უცებ სროლა ატყდა",- ამბობს მუხრან მესხია.

სამეგრელოდან კახეთში ჩასული ბიჭები მალხაზ ბადუაშვილის ატმის ბაღში მუშაობდნენ. ისინი, თურმე, სამი თვეა, იქ ფიზიკურად შრომობენ.

როგორც ამბობენ, მომხდარი, სავარაუდოდ, შურისძიებას უკავშირდებდა და თავდამსხმელების სამიზნე ჩუმლაყელი მალხაზ ბადუაშვილი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი მკვლელობისა და სამი პირის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

"დაკავებულია 2 პირი: 1965 წელს დაბადებული ა.ტ. და 1980 წელს დაბადებული ჯ.ტ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 მარტს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩუმლაყის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1979 წელს დაბადებული მ.ბ.-ს კუთვნილი ავტომობილის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი 1979 წელს დაბადებული ი.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1990 წელს დაბადებულმა მ.მ.-მ, 1972 წელს დაბადებულმა ზ.ბ.-მ და თავად ავტომობილის მფლობელმა - მ.ბ.-მჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს. სამივე დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

სამართალდამცველებმა, დაკავებული ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, კალაშნიკოვის სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის და სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ეს იყოს მასზე ანგარისწორება და 12 წლის წინ ჩადენილ მკვლელობას უკავშირდებოდეს. მათი თქმით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მალხაზ ბადუაშვილი წლების წინ თანასოფლელის განზრახ მკვლელობაში იყო ბრალდებული და ის მაშინ დააკავეს კიდეც. ეს დანაშაული სოფელში ყველას ახსოვს.

"12 წლის წინ ბადუაშვილმა მოკლა თანასოფლელი ახალგაზრდა ბიჭი, მათ შორის იყო დაპირისპირება. ამ დანაშაულისთვის მაშინ, როგორც ვიცი, გაასამართლეს, სასჯელიც მიესაჯა და ციხეშიც იჯდა რამდენიმე წელი, მერე, როგორც ამბობენ, მის სასჯელს ამნისტიაც შეეხო, მოიხადა დარჩენილი სასჯელი და კარგა ხანია, ციხიდან გამოსულია. როგორც ჩანს, ახლა მის წარსულს უკავშირდება მომხდარი. სხვა ახსნა ვერ მომიძებნია, აბა, მუშები ვის და რატომ უნდა მოეკლა? ფიზიკურად შრომობდნენ ეს ბიჭები, დილაადრიან მიდიოდნენ და გვიან მოდიოდნენ. ის მანქანა მალხაზს ეკუთვნის, მაგრამ საჭესთან, თურმე, ის ბიჭი დაუსვამს, რომელიც მუშად მუშაობდა, თვითონ ელოდებოდა, ეტყობა, საფრთხეს და იმიტომ დასვა სხვა, თუ უბრალოდ დასვა, ეს არ ვიცი. რატომ ესროლეს მათ, ეს ყველაზე კარგად მალხაზს ეცოდინება, მან ხომ იცის ვინ ჰყავს გადამტერებული და რატომ დასდევენ მოსაკლავად. ერთი წლის წინათაც დაესხნენ თავს მალხაზ ბადუაშვილს, როგორც ვიცი, მაშინაც ავტომატიდან ესროლეს, დაჭრილი საავადმყოფოში იწვა და მაშინაც გადაურჩა სიკვდილს. როგორც ვიცი, ის დანაშაული გახსნილი არ არის. ხომ ეცოდინება, მაშინ რატომ ესროლეს და ვის უნდა მისი მოკვლა?"- ამბობს ადგილობრივი.

კიდევ ერთი ინფორმაციით, ბადუაშვილი ზაფხულში იარაღის უკანონო ტარებისთვის იყო დაკავებული, თუმცა თელავის რაიონულმა სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და გაათავისუფლა ციხიდან. ის რომ შეიარაღებული დადიოდა, ესეც აჩენს კითხვებს. როგორც ჩანს, საფრთხეს ელოდა. არ არის გამორიცხული, სწორედ ამიტომაც არ იჯდა თავად საჭესთან. თავდამსხმელების სამიზნე საჭესთან მყოფი პირი იყო, ბევრი ტყვია სწორედ იმ მიმართულებით აქვს მანქანას მოხვედრილი, ამიტომ ყველაზე აქტიურად სოფელში ეს ვერსია განიხილება, რომ მოკლული ბადუაშვილში შეეშალათ და რომ სწორედ ამ უკანასკნელის მკვლელობა იყო განზრახული. ისიც ცნობილია, რომ თავდამსხმელები ჩასაფრებულები იყვნენ. მათ მიმდებარე ტერიტორიაც კარგად ჰქონდათ შესწავლილი და გზის პირას, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლს აფარებდნენ თავს. სწორედ იქ ელოდებოდნენ მანქანის გამოჩენას. როცა მანქანამ იქ ჩაიარა, მაშინ ატყდა ავტომატიდან სროლა. ფაქტია ისიც, რომ ამ უმძიმესი დანაშაულის შემდეგ დამნაშავემ მიმალვა შეძლო. პოლიციის მისვლამდე მან გაქცევა მოახერხა, ვარაუდობენ, რომ მანქანა ელოდებოდა მოშორებით თავდამსხმელს და გაიქცა. შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ადგილობრივების თქმით, ის სახლი, სადაც დამნაშავეები იყვნენ ჩასაფრებულებული, დიდი ხანია, დაკეტილია და იქ არავინ ცხოვრობს. ამოღებულია ქუჩაში მიმოფანტული ავტომატის ტყვიები, რომელიც საქმეს ნივთმტკიცებად დაერთო.

მოკლული იმედა ჩიქობავა სენაკის სოფელ გეჯეთიდან იყო. სოფელში ასაკოვან დედასთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. იმედამ რამდენიმე წელია, ცოლი შეირთო, მაგრამ შვილი არ ჰყავდა. ოჯახს ეკონომიკურად უჭირს და ამიტომ გადაწყვიტა სამუშაოდ კახეთში წასვლა. თავის სოფელში მოკლულს დადებითად ახასიათებენ, ამბობენ, რომ უკონფლიქტო ადამიანი იყო და ამიტომ ვერ აუხსნიათ მომხდარი. "იმედა სოფელში წუხელ გვიან ღამით ჩამოასვენეს. სამუშაოდ იყო წასული, რამდენიმე თვეა. სახლში ჰყავს დედა და მეუღლე, იმედას მეორე ძმა, ირაკლი, ოჯახთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს. რაღაც პერიოდი იმედა ზუგდიდში ცხოვრობდა და იქ მუშაობდა, მეუღლე ჰყავს იქაური. მერე დაბრუნდა გეჯეთში. ფიზიკურად შრომობდა კახეთში და იქ რა მოხდა, არ ვიცით. ცუდს ვერაფერს გეტყვით, კარგი ახალგაზრდა იყო", - ამბობს ჩვენთან საუბარში ლევან კუპრეიშვილი, მერის წარმომადგენელი სოფელ გეჯეთში. არც მოკლული ახალგაზრდის მეუღლეს და დედას აქვთ ინფორმაცია მომხდარზე. მთელი სოფელი განიცდის ამ ამბავს და ყველა დამნაშვის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ისინი საქმის გამოძიებას ელოდებიან.

(სპეციალურად საიტისთვის)