გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს ამნისტია შეეხო - კვირის პალიტრა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს ამნისტია შეეხო

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობისა და სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანების ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის: ირაკლი წაქაძის, საბა გოგშელიძისა და საბა ჩხარტიშვილს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. სამივე პირს ამნისტია შეეხო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების ეპიზოდში დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანის სიტყვიერ თანხმობას ელოდებოდნენ, ჩიქოვანის თანხმობის შემდეგ კი მოსამართლემ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ერთ-ერთი ბრალდებულის საბა გოგშელიძის ადვოკატის არჩილ დეკანოზიშვილის ინფორმაციით, სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა გირაოს თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

,,სისხლის სამართლებრივი დევნა სამივე ბრალდებულზე შეწყვეტილია. დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოკითხული იქნა დაზარალებული ვახტანგ ჩიქოვანი რომელმაც დაადასტურა, რომ მას ყოფილი სამი ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა, გამოყენებულიყო ამნისტია. ასევე დაყენებული იყო საკითხი გირაოსთან დაკავშირებით, სამივე პირი გირაოთი იყო გამოშვებული და მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, რომლითაც ყოფილ ბრალდებულებს გირაოს თანხა დაუბრუნდებათ", - აღნიშნა არჩილ დეკანოზიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო სხდომაზე სამივე ბრალდებული სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. ძალადობასა და სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ბრალდებულებმა ციხე მას შემდეგ დატოვეს, რაც დანაშაული აღიარეს.