"სხოდკაზე" მომხდარი დაპირისპირების ამბავი კალაშოვამდეც მივიდა" - როგორ დასრულდა ქართველი "კანონიერი ქურდების" შეკრება საბერძნეთში - კვირის პალიტრა

"სხოდკაზე" მომხდარი დაპირისპირების ამბავი კალაშოვამდეც მივიდა" - როგორ დასრულდა ქართველი "კანონიერი ქურდების" შეკრება საბერძნეთში

საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტები" ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც ჩანს, გაზაფხულის დადგომასთან ერთად კრიმინალური სამყაროს ქართველმა წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, ერთმანეთში არსებული დიდი ხნის "წყენა" მოეგვარებინათ, თუმცა, საბოლოოდ, პრობლემა უფრო გააღრმავეს.

"სხოდკაზე", რომელსაც ქართველი "კანონიერი ქურდი" ზაზა ამბროლაძე ხელმძღვანელობდა, 46 წლის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის - ზვიად პაპიაშვილის საკითხი განიხილებოდა. როგორც ცნობილია, 2008 წელს თბილისის #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პაპიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ახლა კი საბერძნეთში მას ნიკოლოზ შალიბაშვილიც დაუპირისპირდა.

სააგენტოს წყაროს მიხედვით, ფიზიკური დაპირისპირების ამბავი კალაშოვამდეც მივიდა. შაქრო კალაშოვმა შალიბაშვილს დაუჭირა მხარი და თქვა, რომ "ის ხელს ტყუილად არ დაარტყამდა".

როგორც ცნობილია, ამ შეკრებამდე პაპიაშვილს "კრიმინალურმა ავტორიტეტმა" მერაბ ჯანგველაძემ უთხრა, რომ ეს საკითხი აუცილებლად მშვიდობიანად მოეგვარებინა იმ "კანონიერ ქურდებთან", ვისაც თბილისში დაუპირისპირდა, რადგან საბერძნეთში მცხოვრები ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტები" მას, როგორც ქურდს, არ აღიარებენ. თუმცა პაპიაშვილმა უარი განაცხადა და თქვა, რომ ან ის დარჩებოდა ქურდად, ან - მისი მოწინააღმდეგეები.

როგორც ჩანს, პაპიაშვილი საკმაოდ რთულ სიტუაციაშია და დროთა განმავლობაში მისი მხარდამჭერი "კანონიერი ქურდების" რიცხვიც მცირდება... (წყარო)

მოამზადა ნიკა გულუამ