"ქართულ-ჩეჩნურ გარჩევებში იარაღი "ალაპარაკდა": არის მსხვერპლი" - რას წერს თურქული პრესა სტამბოლში მომხდარზე - კვირის პალიტრა

"ქართულ-ჩეჩნურ გარჩევებში იარაღი "ალაპარაკდა": არის მსხვერპლი" - რას წერს თურქული პრესა სტამბოლში მომხდარზე

თურქული პრესა სტამბოლში 31 მარტს მომხდარ სისხლიან შეტაკებაზე წერს, რომელიც, თურმე, ქართველ და ჩეჩენ კრიმინალებს შორის მომხდარა.

გაზეთი "ჰურიეთი" (Hurriyet) აქვეყნებს მასალას საკმაოდ შთამბეჭდავი სათაურით - "ქართულ-ჩეჩნურ გარჩევებში იარაღი "ალაპარაკდა": არიან მოკლულები და დაჭრილი".

"სტამბოლის ბაშაქშეხირის რაიონში ადამიანთა ორ შეიარაღებულ ჯგუფს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად ორი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაიჭრა. პოლიციამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.

შეტაკება დაახლოებით 17 საათსა და 30 წუთზე მოხდა რეჯებ იაზიჩოღლუს ქუჩაზე. ოთხი ადამიანი რესტორნის წინ იდგა, მათ კიდევ სამი მიუახლოვდა და ჩხუბი დაიწყო, რომლის დროსაც ცეცხლსასროლი იარაღი იქნა გამოყენებული. შეტაკებამ მსხვერპლი გამოიწვია. თავდამსხმელები მიიმალნენ. მოქალაქეებმა, რომლებმაც სროლის ხმა გაიგონეს, პოლიციას და სასწრაფო დახმარებას დაურეკეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა ექიმებმა ორი ადამიანის სიკვდილი დააფიქსირეს, ერთი, მძიმედ დაჭრილი კი, საავადმყოფოში წაიყვანეს.

კრიმინალური გარჩევები ჩეჩნებსა და ქართველებს შორის

პოლიციის მიერ გავრცელებული წინასწარი ცნობით, შეიარაღებული შეტაკება ჩეჩენი და ქართველი ეროვნების კრიმინალებს შორის მოხდა, რომელიც, სავარაუდოდ, ფულადი ვალების გადახდასთანაა დაკავშირებული. ბოროტმოქმედები შემთხვევის ადგილიდან ავტომანქანით გაიქცნენ. ამჟამად მიმდინარეობს დაღუპულებისა და დაჭრილის ვინაობის დაზუსტება, აგრეთვე, გაქცეულთა ძებნა. ერთ-ერთი თვითმხილველის - იგით უჩარის თქმით, იგი შემთხვევით შეესწრო მათ საუბარს, ლაპარაკი ფულს ეხებოდა.

ინციდენტი მობილური ტელეფონითაც გადაიღეს

სროლები მობილური ტელეფონის ვიდეოკამერითაც დაფიქსირდა: ერთ-ერთმა მოქალაქემ შეტაკების გადაღება მოახერხა. ვიდეოში ჩანს, რომ პიროვნება პისტოლეტს იღებს და ისვრის, ორი მიწაზე ეცემა... მესამე პიროვნება დაცემულთან მიდის და უცხო ენაზე გაჰყვირის. დანარჩენები მირბიან და თან ისინიც ისვრიან. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ