"მამიდასთან ერთად ცხოვრობდნენ, მშობლები გარდაცვლილი ჰყავთ" - ვინ არიან წყალტუბოს რაიონში მოკლული ძმები - კვირის პალიტრა

"მამიდასთან ერთად ცხოვრობდნენ, მშობლები გარდაცვლილი ჰყავთ" - ვინ არიან წყალტუბოს რაიონში მოკლული ძმები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ძმები ავთანდილ და ალექსანდრე მამრიკიშვილები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე მათივე ბიძაშვილი, ღუტუშა მამრიკიშვილია. მომხდარის შემდეგ, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის მალევე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობა ედება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად, თავის ნათესავ ძმებს - 1984 წელს დაბადებულ ა.მ.-სა და 1985 წელს დაბადებულ ა.მ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ღ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ჩვენ ვესაუბრეთ გამგებლის წარმომადგენელს სოფელ რიონში, გიორგი ელბაქიძეს: - მოკლულები 35 და 36 წლის ბიჭები არიან. მკვლელობაში ბრალდებული მათი ბიძაშვილი ღუტუშა მამრიკიშვილია, დაახლოებით 30 წლამდე ასაკისაა. მკვლელი ნასვამი ყოფილა. როგორც ვიცი, დაოჯახებულია, ორი პატარა შვილი ჰყავს. მოკლული ძმები დაოჯახებულები არ არიან, მამიდასთან ერთად ცხოვრობდნენ, მშობლები გარდაცვლილი ჰყავთ. მომხდარის რეალური მიზეზი არ ვიცით. ბიჭები ეზოში მუშაობდნენ, თურმე ერთი ძმა ეზოს გარეთ ყოფილა მეორე ეზოში იყო და ორივეს ესროლა.

- კონფლიქტურები არიან? - არასოდეს ყოფილან კონფლიქტურები, მშრომელი ბიჭები იყვნენ. მკვლელობაში ბრალდებულიც  მუშაობდა. ჩვენს სოფელში წყალი შემოჰყავთ და რამდენიმე ხნის წინ დამიკავშირდა, თუ შეიძლება ორი სიტყვა შემაწიე, რომ მუშაობა დავიწყოო, ვესაუბრე კიდეც, ვისაც ეს საკითხი ეხებოდა და დაიწყო კიდეც იქ მუშაობა. მერე, როგორც გავიგე, ფეხი უტკენია და თავი დაანება.

მოკლულები ორივე ადგილზე გარდაიცვლანენ, ერთს გულმკერდის არეში აქვს მოხვედრილი, მეორეს ფეხში აქვს ჭრილობა და მთავარი არტერია აქვს დაზიანებული. სოფელი დასახლებული არ არის, მაგრამ ამ ბიჭების სახლები ერთმანეთისგან მაქსიმუმ 100 მეტრში ცხოვრობენ.

ღუტუშას მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა საზღვარგარეთ არის. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ძალიან ნასვამი ყოფილა. რა მოხდა, არ ვიცით, სოფელში ფიზიკურად შრომობდნენ. მომხდარით ყველანი შეძრულნი ვართ.

(სპეციალურად საიტისთვის)