ადვოკატი ხვალინდელ პროცესზე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, პროკურატურის შუამდგომლობა კი უცნობია
ადვოკატი ხვალინდელ პროცესზე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, პროკურატურის შუამდგომლობა კი უცნობია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ, 8 აპრილს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. ხვალინდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს. ამ დრომდე უცნობია, თუ რა პოზიცია ექნება სახელმწიფო ბრალდებას და რა შუამდგომლობას დააყენებს ის სასამართლოში. ამ დრომდე, პროკურატურაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, ის დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების
გარეშე დატოვებას მოითხოვს. როგორც ადვოკატი აცხადებს, პატიმრობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან მელიას მხრიდან მიმალვის, ან ახალი დანაშაულის ჩადენის არავითარი რისკი არ არსებობს.

კონდახიშვილის თქმითვე, სამართლებრივად, მოსამართლეს ერთადერთი შანსი აქვს, რომ მან ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლოს, თუმცა, ამის მოლოდინი დაცვის მხარეს არ აქვს. როგორც ადვოკატი
განმარტავს, ნიკა მელიას საქმე პოლიტიკურია და ის სამათლებრივი სივრციდანაა გასული. კონდახიშვილის თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დირექტივას მიიღებს მოსამართლე.

დაესწრება თუ არა ნიკა მელია საკუთარ პროცესს, ეს ხვალ გახდება ცნობილი, ვინაიდან ის სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია. ადვოკატმა სასამართლოს ნიკა მელიას სხდომათა დარბაზში დაბრუნების შუამდგომლობით უკვე მიმართა, რათა მან სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა და საკუთარ საქმეში ჩართვა შეძლოს.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინ მიმართა. უწყებას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ, 88 ხმით მოუხსნა.

ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები