გურამ გირგვლიანი: "მე, ჩემმა ოჯახმა და ქართველმა ხალხმა გავიმარჯვეთ!" - კვირის პალიტრა

გურამ გირგვლიანი: "მე, ჩემმა ოჯახმა და ქართველმა ხალხმა გავიმარჯვეთ!"

"როდის იყო  გამართლებულ მხარეს სასამართლო ფინანსურ სანქციას უწესებდა?!"

ხელისუფლება ხავსს ეჭიდება?

როდის დაიწყება საქმის ხელახალი გამოძიება?

სამართალი აღსრულდა! ევროპულმა სასამართლომ განაჩენი საქმეზე: "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ", რა თქმა უნდა, გირგვლიანის სასარგებლოდ გამოიტანა.

KvirisPalitra.Geახლა კი დროა, შავს - შავი და თეთრს თეთრი დაერქვას. თუმცა, მთავარი კითხვა, დაიწყება თუ არა საქმის ხელახალი გამოძიება, უპასუხოდ რჩება, - აცხადებს დაზარალებული მხარე. ხელისუფლება აცხადებს, რომ საქმის ხელახალი გამოძიება არ დაიწყება, გირგვლიანის ოჯახის წევრები და ადვოკატები კი დარწმუნებული არიან, რომ ადრე თუ გვიან სანდრო გირგვლიანის საქმეს მაინც გამოიძიებენ და არა მხოლოდ პრეზიდენტისგან შეწყალებული დამნაშავეები დაუბრუნდებიან ციხეს, არამედ დაისჯებიან მკვლელობის დამკვეთებიც.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, განაჩენში ემოციურ ფრაზებსაც კი ამოიკითხავთ. მაგალითად, ასეთს: "სასამართლო გაოგნებულია (თჰე ჩოურტ წას პარტიცულარყ სტრუცკ), შეძრწუნებულია, გაკვირვებულია, აღშფოთებულია" და ა.შ. ამ ფრაგმენტებს, რომელთაც განაჩენიდან  წარმოგიდგენთ, ეყრდნობიან დაზარალებული ოჯახის წევრები და ადვოკატები:

ფრაგმენტები ევროსასამართლოს განაჩენიდან

"აუტოფსიის დასკვნა და სხვა დამამტკიცებელი საბუთები ცხადყოფს, რომ გარდაცვალებამდე სანდრო გაროზგეს ტანს ზემოთ და მან მიიღო მრავალრიცხოვანი ჭრილობა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ბასრი წვეტიანი ობიექტით, სავარაუდოდ, დანით. პროკურატურამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადგინეს, რომ სიკვდილი გამოიწვია ოთხი მაღალჩინოსნის ქმედებამ. ერთადერთი დასკვნა ამ ორი ლოგიკური ფაქტიდან არის ის, რომ დამნაშავეებმა ჯერ გაროზგეს სანდრო გირგვლიანი ოქროყანის სასაფლაოზე, რაც უკვე მიუთითებს მის მიმართ არაადეკვატურ დამოკიდებულებაზე და იმაზეც, რომ შემდგომ ამ ჯგუფიდან, სულ მცირე, ერთ-ერთმა დაიწყო დაუზუსტებელი ბასრი იარაღით მისთვის ჭრილობების მიყენება...

მათ შორის - მძიმე ჭრილობებს ყელის არეში (ერთ-ერთი ფატალური იარა კი მიყენებული ჰქონდა ხახის არეში), ამის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ, რომ სანდრო გირგვლიანს განსაკუთრებით სასტიკად, არაადამიანურად მოექცნენ და დამნაშავეებს მისი სიცოცხლის ხელყოფა სურდათ.

სასამართლო ასევე შეძრულია იმით, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო ნათელი მოეფინა იმ გარემოებებისთვის, რომ სანდრო გირგვლიანს მიღებული ჰქონდა მრავალრიცხოვანი ჭრილობები სხეულზე, განსაკუთრებით ისინი, რაც აღბეჭდილი იყო ყელის არეში.

...პროკურატურამ არც კი შეიწუხა თავი  გამოეძია და აეხსნა ამ საქმესთან დაკავშირებული ფაქტები, თუ რომელი ბასრი იარაღით იყო ჭრილობები მიყენებული და ამ ოთხი ბრალდებული პირიდან უშუალოდ რომლის მიერ.

...ნაცვლად ამისა და მიუხედავად სერიოზული მინიშნებებისა, გამოძიებამ უბრალოდ მიიღო ახსნა-განმარტება ბრალდებულებისგან, რომ მათ არ გამოუყენებიათ ბასრი იარაღი და რომ სანდრო გირგვლიანი, სავარაუდოდ, ამ ჭრილობებს მავთულიან ღობეზე გადაძრომისას ან ეკლიან ბუჩქებში ჩავარდნის შემთხვევაში მიიღებდა...

სასამართლო  აღშფოთებულია იმ გარემოებით, რომ მკვლელებს მიუსაჯეს მხოლოდ 7-8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც კიდევ ერთხელ ამძიმებს ქართული მხარის არაადეკვატურობის ალბათობას, რადგან დანაშაული ჩაიდინეს სახელმწიფო ჩინოვნიკებმა და შესაბამისად, სადამსჯელო მეთოდი უნდა ყოფილიყო დამძიმებული.

სასამართლო ასევე გაუგებრად მიიჩნევს იმას, რომ გამოძიებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა დათა ახალაიას ძმა, რომელმაც ვერ უზრუნველყო, რომ ოთხივე ბრალდებული ცალ-ცალკე საკანში მჯდარიყო...

...სასამართლო აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ 2008 წლის 24 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა სახელმწიფო ჩინოვნიკები და გაუნახევრა მათ სასჯელი. ხოლო კიდევ უფრო  შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ 2009 წლის 5 სექტემბერს ისინი გაათავისუფლეს... სასამართლოს აზრით, საქართველოს მთავრობას სურდა, ქართველი საზოგადოება კმაყოფილი დარჩენილიყო იმით, რომ ასეთი მძიმე დანაშაულისთვის სამი წელიწადი და ექვსი თვე საკმარისი სასჯელი იქნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის, რომლებმაც გაურკვეველ მიზეზთა გამო მოკლეს უდანაშაულო ადამიანი".

სტრასბურგის სასამართლოს ამ დასკვნის ფრაგმენტებზე კომენტარი არ გააკეთა ხელისუფლებამ და ინტერპრეტაციისთვის განაჩენის ეს ამონარიდი გამოიყენა: "სასამართლო იზიარებს რა სახელმწიფოს მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, ანიჭებს განსაკუთრებულ  მნიშვნელობას იმ ფაქტს, რომ თუკი სანდრო გირგვლიანი გარდაიცვალა სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელით, მაშინ დამნაშავეები არ მოქმედებდნენ სახელმწიფო უფლებამოსილების გამოყენებით. კერძოდ, დანაშაული მოხდა პიროვნულ მოტივებზე დაყრდნობით. მეგობრის დაბადების დღისთვის  გამართული წვეულების შემდგომ."

გირგვლიანის ადვოკატის განმარტებით, ეს ფრაგმენტი მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ სახელმწიფოს არგუმენტები მარტო დანაშაულის მოტივის ნაწილშია გაზიარებული, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოება, რომელიც ევროპული კონვენციით არის გარანტირებული, არ შეიძლებოდა ყოფილიყო სახელმწიფოსთვის მამოძრავებელი მოტივი.

ხელისუფლებისთვის "ხავსის" ფუნქციას განაჩენის შემდეგი ფრაგმენტიც ასრულებს: "საზოგადოდ სახელმწიფოსგან მოელიან მაღალპროფესიულ სტანდარტებთან თანხვედრას, რაც უკავშირდება მთლიანად სამართალდამცავ სისტემას. წინამდებარე საქმეში წარმოდგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ კერძო ქმედებანი, განხორციელებული გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძისა და ავთანდილ აფციაურის მიერ, უნდა მიეწეროს საქართველოს რესპუბლიკას, რითაც უკვე სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე ეკისრება პასუხისმგებლობა".

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა განმარტა, რომ სახელმწიფო მზადაა გადაიხადოს 50 ათასი ევრო დაზარალებულის სასარგებლოდ, რასაც მას სტრასბურგის სასამართლო აკისრებს, ხოლო გამოძიების ხელახლა ჩატარებას არ აპირებს. მისი ეს განცხადება კი ინტერნეტფორუმებსა და სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით არაადეკვატურად შეფასდა, უფრო მეტიც, ბურჯალიანს უცხოპლანეტელიც კი უწოდეს.

შალვა შავგულიძე: - განაჩენში ცხადად არის ნათქვამი, რომ სასამართლო შეშფოთებულია იმ ქმედებებით, რომელიც ხელისუფლების სხვადასხვა შტომ ჩაიდინა, რათა ამ საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ ჩატარდეს ხელახალი გამოძიება. ჩვენ ვითხოვდით კონვენციის ოთხი მუხლით დარღვევების აღიარებას: მეორე მუხლით, სიცოცხლის უფლების დარღვევას, მე-3-ით - წამების აკრძალვას, მე-6 და მე-13 მუხლებით  გათვალისწინებული დაცვის ეფექტიანი ზომების არარსებობას.

განაჩენში ნათქვამია, რომ სასამართლო აღიარებს ამ მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევებს, ე.ი. იზიარებს ჩვენს პოზიციებს, მაგრამ პროცედურულ ნაწილში ყველა ზემოთ ხსენებულ დარღვევას აფასებს სიცოცხლის უფლების  დარღვევად. ასე რომ, იმას, რაც ბურჯალიანმა განაცხადა, და მით უმეტეს, იმას, რაც წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში, ვერ ნახავთ განჩინებაში. მეტი რაღა უნდა დაეწერათ? ნათლად არის მითითებული, რომ შსს თავადაც გახდა სიცოცხლის უფლების დარღვევის თანამონაწილე იმით, რომ გამოძიების გაგრძელება დაავალა დათა ახალაიას, რომლის მოადგილეც მონაწილეობდა მკვლელობაში. განაჩენში მითითებულია ისიც, რომ პრეზიდენტიც გახდა  დანაშაულის თანამონაწილე იმით, რომ ხელი მოაწერა მკვლელების შეწყალებას, რაც სასამართლომ ყოვლად დაუშვებლად მიიჩნია.

- გაუგებრობას ხომ არ იწვევს მტკიცებულებების საკმარისად უქონლობა იმ ნაწილში, რომ მკვლელობის შემკვეთები "შარდენ ბარში" გურამ დონაძის დაქირავებულ მაგიდასთან მსხდომი პირები იყვნენ?

- სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე, "პროკურატურამ არ დაჰკითხა ის პირები, რომლებთანაც ინციდენტის ღამეს კავშირში იყვნენ ოთხივე ბრალდებული და შს მინისტრის მეუღლე". ის ასევე ადასტურებს, რომ სანდრო გირგვლიანს აშკარად უსიამოვნება ჰქონდა "შარდენ-ბარში" გურამ დონაძის დაქირავებულ მაგიდასთან მსხდომ პერსონებთან, რომლებიც იყვნენ შსს-ს  მაღალჩინოსნები, ერთ-ერთი კი შს მინისტრის მეუღლე.

ასევე, ხელისუფლებამ არ მიაწოდა სასამართლოს იმ ვიდეოფირის სრული ჩანაწერი (რომელიც პატარკაციშვილის სახლთან დამონტაჟებული ვიდეოკამერებით იყო გადაღებული) და გაუგზავნა მხოლოდ 68-წამიანი მონაკვეთი. განაჩენში მითითებულია, რომ ხელისუფლების წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი არის არასრულფასოვანი და გაყალბებული, რადგან წერილობითი ჩვენებები და ვიდეომასალები არ ემთხვეოდა ერთმანეთს (მაგალითად, ბუხაიძის ჩვენება, რომ დამნაშავეებში ამოიცნო მელნიკოვი, არ ასახულა ჩანაწერში).

აქედან გამომდინარე, ბევრი ის დეტალი, რომლებიც ახლა ბუნდოვანია, ხელახალი გამოძიების დროს გამოჩნდება. ჯერჯერობით კი ისიც დაუდგენელია, თუ რამდენი პირი სცემდა, აწამებდა და სასიკვდილო ჭრილობებს აყენებდა სანდროს. სტრასბურგის სასამართლომ კი იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სათანადოდ არ ითანამშრომლა მასთან, ის ევროპული კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევაშიც დაადანაშაულა.

გურამ გირგვლიანი, სანდროს მამა: "მინდა საქართველოს მოსახლეობას ვუთხრა, ჩვენ ნამდვილად გავიმარჯვეთ სტრასბურგში! ეს არის პირადად ჩემი და ჩემის ოჯახის, ასევე იმ ქართველი ხალხის გამარჯვება, ვინც ამ ბრძოლაში გვგულშემატკივრობდა. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, საქმეს  თავიდან გამოიძიებენ და არა მხოლოდ დამნაშავეები დაუბრუნდებიან ციხეებს, რომლებიც პრეზიდენტის სამარცხვინო შეწყალების გამო გაათავისუფლეს, არამედ დაისჯებიან დანაშაულის შემკვეთებიც. ბურჯალიანმა უსირცხვილოდ იცრუა.

ფაქტობრივად, თქვა, რომ სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფო გაამართლა. ეს ხალხისთვის თვალში  ნაცრის შეყრაა. როდის იყო გამართლებულ მხარეს სასამართლო ფინანსურ სანქციას უწესებდა?! ამას ხომ ჩვენთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ უბედურებით მოყენებულ ზარალს ვერავითარი თანხა ვერ ამინაზღაურებს.

P.S. ფაქტია, ხელისუფლება არ არის შეშფოთებული, ისევე როგორც ევროპელი მოსამართლეები. როგორც ჩანს, ფრაზები - სტრასბურგის სასამართლო "შეშფოთებულია", "გაოგნებულია" და ა.შ., შუბლის ძარღვს დიდად არავის უტოკებს.

www.kvirispalitra.ge

"კვირის პალიტრის" საიტზე მკითხველი სამართლის აღსრულებას ითხოვს. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

სალომე: ღმერთმა აცხონოს ირინასა და სანდროს სულები. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ! მჯერა, იქ მაინც გაიხარებს ირინას სული!

მარიკა: არც ერთ მიტინგზე არ ვყოფილვარ. ერთადერთი, როცა ქალბატონმა ირინამ ითხოვა, დედებო, გვერდით დამიდექითო, გავიქეცი სასამართლოსთან, დავტოვე 3 პატარა შვილი, მეგონა, რამეში დავეხმარებოდი...

ლია: ეს საუკუნის ტრაგედიაა!

GUNCI: ცრემლები მომდის, რა უკუღმა დაატრიალეს ხელისუფლების ჩინოვნიკებმა ამ ოჯახის ბორბალი. არავის უნდა შერჩეს ასეთი უმოწყალობა, თორემ ერი, რომელიც ამ დანაშაულს დაივიწყებს, ვერ წამოდგება. ეს ამბავი მუდამ შავი ასოებით გაჰყვება ამ ხელისუფლებას ისტორიის პირველ გვერდზე მათი მოღვაწეობისა.

არიოპაგელი: ქალბატონი ირინას დაწყებული ბრძოლა უნდა დასრულდეს გამარჯვებით ამ ბოროტებაზე. ასეთი საშინელი დანაშაული, რომელიც სახელმწიფოს მთელმა აპარატმა ამ ერთი ოჯახის მიმართ ჩაიდინა, გაუგონარი ბოროტებაა...

მთიული: სამართალი აღსრულდება!!!

ყოველი კაცი, მოსილი ძალაუფლებით, ბოროტად იყენებს მას!

მონტესკიე