"ოთხსაათიანი დაკითხვისას კითხვები ჩემს გატაცებას შეეხებოდა, კვირიკაშვილის ნებართვის გარეშე 4 განსხვავებული უწყება ერთად მსგავს დანაშაულს ვერ ჩაიდენდა" - კვირის პალიტრა

"ოთხსაათიანი დაკითხვისას კითხვები ჩემს გატაცებას შეეხებოდა, კვირიკაშვილის ნებართვის გარეშე 4 განსხვავებული უწყება ერთად მსგავს დანაშაულს ვერ ჩაიდენდა"

"გიორგი კვირიკაშვილმა ჩემი გატაცების შესახებ იცოდა, მისი ნებართვის გარეშე ოთხი განსხვავებული უწყება ერთად მსგავს დანაშაულს ვერ ჩაიდენდა, თუ კვირიკაშვილი ამას უარყოფს ესე იგი, ის არც ყოფილა პრემიერი", - ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ გენერალურ პროკურატიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან მის გატაცებაში მონაწილე კონკრეტული სახელების დასახელება არ შეუძლია, თუმცა გამოძიებასთან ის უწყებები დაასახელა, რომელიც ამ საქმეში იყო ჩართული.

"4 საათიანი დაკითხვის დროს ძირითადი კითხვები, რომელიც საგამოძიებო უწყების მხრიდან იყო დასმული შეეხებოდა ჩემს გატაცებას, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა მასში, რამდენი ხნით ვმგზავრობდით და სხვა. მე მივაწოდე ინფორმაცია ყველა იმ პირზე, ვინც მონაწილეობდა ამ სპეცოპერაციაში აზერბაიჯანული მხრიდან. რაც შეეხება ქართულ მხარეს, კონკრეტული სახელების დასახელება არ შემიძლია, მე მხოლოდ იმ უწყებებზე შემიძლია საუბარი, ვინც იყო ჩართული ჩემს გატაცებაში. ეს არის მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო, კრიმინალური პოლიცია და სასაზღვრო სამსახური. კვირიკაშვილმა ჩემი გატაცების შესახებ იცოდა, მისი ნებართვის გარეშე ოთხი განსხვავებული უწყება ერთად მსგავს დანაშაულს ვერ ჩაიდენდა. თუ კვირიკაშვილი ამას უარყოფს, ესე იგი, ის არც ყოფილა პრემიერი. ვფიქრობ, რომ ეს დაკითხვა მხოლოდ იურიდიული პროცედურაა, რადგან საქმე პოლიტიკურია და არ მაქვს იმედი, რომ პროკურატურა გამოიძიებს", - აღნიშნა აფგან მუხთარლიმ.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი თბილისში, 7 აპრილს დაბრუნდა. მის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს.