"კრიმინალური სამყარო" მესამე "ქურდული ომის" მოლოდინში? - რა დგას პატიმრების ბუნტსა და მარტის ბოლოს მომხდარი ამბების უკან? - კვირის პალიტრა

"კრიმინალური სამყარო" მესამე "ქურდული ომის" მოლოდინში? - რა დგას პატიმრების ბუნტსა და მარტის ბოლოს მომხდარი ამბების უკან?

თუ ვინმე დააპირებს "კრიმინალურ სამყაროში" მომხდარი ამბების აღწერას, მარტის თვის ბოლოს მომხდარ ამბებს აუცილებლად შეიტანს - ვკითხულობთ საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" პუბლიკაციის დასაწყისში. როგორც ამბობენ, რუსეთში სამართალდამცავ სისტემაში მომხდარმა ცვლილებებმა ბევრი ადამიანი მიიყვანა იმ აზრამდე, რომ სისტემამ "ქურდულ სამყაროს" და მის წარმომადგენლებს მესამე "ქურდული ომი" გამოუცხადა.

რუსეთში ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობენ "კრიმინალური სამყაროს" წარმომადგენლები დააკავონ და ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, მათ არც თუ ისე კომფორტული ვითარება შეუქმნან. სიტუაცია ყველაზე მეტად მაშინ გამწვავდა, როცა რუსეთის შს სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სამართალდამცავი ანატოლი იაკუნინი მოულოდნელად პენიტენციურ სისტემაში გადაიყვანეს.

ვინც კარგად იცნობდა იაკუნინს, თავიდანვე მიხვდა, რომ ამით სისტემამ კრიმინალებს ომი გამოუცხადა. იაკუნინი "ქურდული სამყაროს" ერთ-ერთ შეურიგებელ მტრად ითვლება. არავინ იცის ეს პირადი სიძულვილია თუ საქმის სიყვარული, თუმცა, იაკუნინს სძულს "ქურდული სამყარო" და მისი წევრებიც და ყველაფერს აკეთებს მათ "მოსარჯულებლად". ამის გასაკეთებლად საკუთარი ტაქტიკაც კი აქვს შემუშავებული.

როგორც ამბობენ, ხშირად ომის წამოწყებას რაღაც მწვავე მიზეზი აქვს. და სწორედ ამ "ბოლო წვეთად" იქცა 40 წლის აზერბაიჯანელი "კანონიერი ქურდის" ალიკ ჰეიდაროვის დაბადების დღეზე მომხდარი ამბავი.

"პრაიმ კრაიმის" გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, აზერბაიჯანული კლანის თუ სხვათა წარმომადგენლებმა საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა "მონათლეს ქურდად" და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტებისთვის" გაეწიათ კონკურენცია და არაფერში ჩამორჩენოდნენ, მათ შორის არც რაოდენობაში. ამბობენ, სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი ჰეიდაროვის შემთხვევაშიც. ძალაუფლებით გათამამებულმა ალიკმა გადაწყვიტა 40 წლის იუბილე ერთ-ერთ რესტორანში პომპეზურად აღენიშნა. როგორც "პრაიმ კრაიმის" რედაქტორი ვიქტორია გეფტერი წერს:

"კრიმინალური ავტორიტეტები 90-იან წლებშიც კი არ აძლევდნენ თავს იმის უფლებას, რასაც ახლა ზოგიერთი მოსკოვში მცხოვრები კრიმინალური სამყაროს წევრი აკეთებს, რომელთაც სამართალდამცავ სტრუქტურებში მფარველი ჰყავთ".

"წითურმა ალიკმა" დაბადების დღეზე ფლეშმობი მოიწყო. უეცრად სტუმრებთან "ომონის" ფორმაში გადაცმული მამაკაცები შემოვარდნენ და მაშინ, როცა ყველას ეგონა სპეცოპერაცია ტარდებოდა, ალიკი, რომელიც მაგიდის თავში იჯდა, წამოდგა, მრისხანედ გადახედა ყველას, "ომონის" წარმომადგენლებმა კი ჰაიდაროვის წინაშე მუხლი მოიყარეს. როგორც ამბობენ, ეს არ იკმარა აზერბაიჯანელმა და მათ გენიტალიებიც აჩვენა. დაბადების დღეზე მომხდარი კი კამერით გადაიღეს.

საინტერესო და უცნაური საქციელებით გამოირჩეოდა უკვე გარდაცვლილი, ქართული წარმომავლობის აზერბაიჯანელი "კანონიერი ქურდი" ნადირ სალიფოვი. გამოცემის თქმით, მას ინტერნეტ სივრცეში გარჩევების წარმოება მოსწონდა და ხშირად კავკასიური წარმომავლობის ხალხს მიუთითებდა, რომ ის იყო "მთავარი პიროვნება".

გავრცელებული ინფორმაციით, მას დაპირისპირება ჩეჩნებთანაც მოუვიდა, ისინი სიტყვის მრავალფეროვნებით ვერ გამოირჩეოდნენ, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მათ შეუკვეთეს სალიფოვის მკვლელობა. საქმე "გულის" დაცვის წევრს დაავალეს, რომელმაც სასტუმროს ოთახში სწორედ მაშინ ესროლა სალიფოვს, როცა ის სოციალურ ქსელში ვიღაცას ემუქრებოდა.

რაც შეეხება "წითურ ალიკს", ამბობენ რომ გენიტალიების სახალხლოდ ჩვენებამდე მას საქმე საკმაოდ კარგად მისდიოდა, თუმცა ასეთმა საქციელმა და გამბედაოდამ მის ირგვლივ ყველა დააფიქრა, ხომ არ ყავს ალიკს მფარველი სამართალდამცავ უწყებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, სწორედ ეს ვიდეო გახდა ახალი ომის დაწყების მიზეზი. პენიტენციურ სისტემებში დაიწყო რეორგანიზაცია და სასჯელაღსრულების დაწესებულების რამდენიმე ხელმძღვანელმა თანამდებობაც კი დატოვა. რეორგანიზაციის შემდეგ რამდენიმე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეიცვალა პატიმრებთან მოპყრობის წესებიც. მათ საკმაოდ მკაცრად ექცევიან და ფიზიკურადაც უსწორდებიან.

სწორედ ამ ცვლილებების შემდეგ დააკავეს 61 წლის ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტი" "პანჩო" - დავით პანჩვიძე, იგივე გიორგი ყიფიანი. როგორც ცნობილია, ის ნარკოტიკული ნივითიერებების შენახვის ბრალდებით დააკავეს.

არსებობს ვერსია, რომ სწორედ "პანჩო" და კიდევ რამდენიმე სხვა "კრიმინალური ავტორიტეტი" შეითავსებენ "ფოსტალიონის" როლს და ისინი აუხსნიან პატიმრებს, რომ სისტემას თუ წინააღმდეგობას გაუწევენ, მკაცრად დაისჯებიან. როგორც ჩანს, იაკუნინი არ ღალატობს თავის სტრატეგიას, რომელიც ხროვის მთავარი "მგლების" დაქვემდებარებას და ასე მთელი დაჯგუფების კონტროლს გულისხმობს.

"გასულ წელს ისეთი "ქურდული სამყაროს" დასასრული დაიწყო, რომელსაც ჩვენ აქამდე ვიცნობდით. ამ წელს კი სავარაუდოდ, კრიმინალთან ბრძოლა მძლავრად გაჩაღდება, ამას ხელს უწყობს ახალმიღებული კანონიც, რომელიც "ქურდული სამყაროს" მაღალი იერარქიის წევრს თავისუფლების აღკვეთით ემუქრება", - წერს სააგენტო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ კანონის ფარგლებში დააკავეს ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტი" დავით გერლიანიც.

"ქურდული სამყაროს" დაპირისპირებები

"ქურდულ სამყაროში" სულ რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება, თუმცა ეს ახალი "ომი" რომელიც სამართალდამცავებსა და "კრიმინალური სამყაროს" წევრებს შორის იწყება, სრულიად განსხვავებულია.

პირველი ყველაზე სისხლიანი დაპირსპირება "ქურდულ სამყაროში" 1940-იანი წლების მეორე ნახევარში მოხდა, როცა ორ ჯგუფად გაყოფილი "ქურდები" ერთმანეთს სასტიკად უსწორდებოდნენ. ერთი ჯგუფის წარმომადგენლები ფრონტზეც იბრძოდნენ, ეს მათ კრიმინალურ საქმიანობაში ხელს არ უშლიდა, ერთ-ერთი მათგანი საბჭოთა კავშირის გმირიც კი გახდა, "ქურდების" მეორე ნაწილი კი ამ "გაგებას" ეწინააღმდეგებოდა.

მეორე "ომი" კი 1950-იან წლებში მოხდა და როგორც ამბობენ, ნიკიტა ხრუშჩოვის პროვოცირებული იყო. მან საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ე.წ. კანონიერი ქურდი ერთ საპყრობილეში მოათავსა და "კრიმინალური ავტორიტეტები" ერთმანეთს დააპირისპირა.

მესამე "ქურდული დაპირისპირება" 90-იანებში დაიწყო, მაშინ როცა "ქურდული კოდექსი" მკვეთრად გაუფასურდა და სწორედ ამ პერიოდში ქრებოდა ზღვარი "პროფესიონალ ქურდებსა" და ქვეყნის ელიტის წარმომადგენლებს შორის. იმ პერიოდში რუსეთში უკვე რთული გასარჩევი იყო, ქურდები გახდნენ ელიტის წარმომადგენლები, თუ ამ მაღალი წრის წარმომადგენლები ეზიარნენ "ქურდულ მენტალიტეტს". სწორედ ამ მესამე დიდი დაპირისპირების სათავეში იდგა ოთხი ყველაზე გავლენინი "კანონიერი ქურდი", ერთ-ერთი მათგანი კი ტარიელ ონიანი გახლდათ. (წყარო)

იხილეთ ასევე: რა აკავშირებდა ქურდული სამყაროს "გენერალ სიმუსს" სააკაშვილთან და რატომ ელიან დიდ "ქურდულ ომს?"

მოამზადა ნიკა გულუამ