"თამუნას მცირეწლოვანი შვილი დარჩა, თურმე სახლში დარბის და გიჟივით ეძებს­ დედას" - კვირის პალიტრა

"თამუნას მცირეწლოვანი შვილი დარჩა, თურმე სახლში დარბის და გიჟივით ეძებს­ დედას"

"თამუნას მცირეწლოვანი შვილი დარჩა, თურმე სახლში დარბის და გიჟივით ეძებს დედას. მაყვალასა და ჯონის სამი შვილი ჰყავთ, უფროსი გოგონა სკოლადამთავრებულია, დანარჩენები მოსწავლეები არიან. ერთ მხიარულ ეზოში ახლა ოთხი ობოლი ცხოვრობს..."

"თქვენ იმ ოთხი კაცის სიკვდილი ნახეთ, ჩვენ კი ყოველდღე ვუყურებთ სიკვდილს თვალებში, მაშინაც, როდესაც პურის საყიდლად უახლოეს მაღაზიაში მივდივართ, ან ოჯახის რომელიმე წევრს სიცხე უწევს, რადგან არავინ იცის ეს რით დასრულდება... თითქმის 30 წელია ეს გრძელდება და ბევრმა ვერ გაუძლო, სახლი დაკეტა და ენგურს გაღმა საქართველოში გადავიდა. ვინც ვერ დავკეტეთ, ვუძლებთ, ზოგჯერ სიცოცხლის ფასად", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" გალელი, რომელმაც იმ მიზეზით, რომ ისევ აფხაზეთში უნდა დაბრუნდეს, ვინაობის გამხელა არ ისურვა. 7 აპრილის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში დატრიალებულ ტრაგედიას მისი სამი ნათესავი შეეწირა - გალიდან ზუგდიდში მდინარით გადმოსვლა ოთხმა კაცმა სცადა. ოთხივე იდენტიფიცირებულია. ისინი გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. მაშველებმა ჯერ სამი ცხედარი ამოიტანეს წყლიდან, მეოთხე კი მოგვიანებით. დაღუპულთაგან სამი ერთი ოჯახის წევრია - ცოლ-ქმარი მაყვალა გამისონია და ჯონი გვალია, მათი რძალი, 34 წლის თამუნა ცატავა და მეგზური, 62 წლის თამაზ ბასლანძე.

"ჩვენი ხალხი ხომ შეჩვეულია ბეწვის ხიდზე სიარულს, ოღონდ ის ხანდახან ჩაწყდება ხოლმე"

ნანა, გალელი:

- როდესაც ენგურის კაშხლიდან წყალს უშვებენ, სმს-ები მოგვდის. 5 აპრილს დილის სამ საათზე გამოუშვეს კაშხლიდან წყალი და რადგან გვიან იყო, მესიჯები არ მოგვსვლია.

წყლის ნაკადმა იმ საბრალოებს დილის 5 საათზე მოუსწრო. მდინარის ახლოს დაუტოვებიათ ავტომანქანა და ფეხით წასულან, რადგან ამ დროს ეფ-ეს-ბეს სამხედროები და აფხაზი მესაზღვრეები არ პატრულირებენ, ამიტომ მდინარეზე გადასასვლელად ამ დროს ვარჩევთ ხოლმე.

თამუნას მცირეწლოვანი შვილი დარჩა, თურმე სახლში დარბის და გიჟივით ეძებს დედას. მაყვალასა და ჯონის სამი შვილი ჰყავთ, უფროსი გოგონა სკოლადამთავრებულია, დანარჩენები მოსწავლეები არიან. ერთ მხიარულ ეზოში ახლა ოთხი ობოლი ცხოვრობს. დაკრძალვას ვერ დავესწრები, გადასვლას ვერ გავრისკავ, არც გამიშვებენ.

ხანდახან ვეუბნები ჩემს მეუღლეს, განა რად გვიღირს ასეთი ცხოვრება, რისთვის, რის ფასად ამდენი შიში, სტრესი, უბედურების ყურება... შვილები აქეთ არიან, ჩვენ ხან იქით, ხან აქეთ. წლებია ოჯახი გაყოფილია ენგურის ხიდით, რადგან ბავშვები იქ სრულფასოვან განათლებას ვერ იღებენ. აქ ასე ცხოვრობს ყველა, ენგურის ხიდით გაყოფილი ოჯახებით. როდესაც იქით ვარ და ჩემი შვილები ენგურს აქეთ არიან, ვლოცულობ არაფერი დაემართოთ, ან რამე არ დაიშავონ, რადგან დედა გვერდით არ ეყოლებათ.

არავინ იცის, ხიდი დაკეტილი იქნება თუ გახსნილი, წყლის დონე გადაცურვის საშუალებას მოგვცემს თუ ადიდებული იქნება. რამდენჯერ ყოფილა, ენგურამდე ფორთხვით, მალვით სამხედრო დესანტივით წვალებით მივსულვარ, მაგრამ ფონი დიდი იყო და ვერ შეგვიბედავს შესვლა. არადა, შვილი მყავდა ცუდად, "კოვიდი" სჭირდა და ზუგდიდში თვითიზოლაციაში იყო. დედა სჭირდებოდა. ვიჯექი ენგურის პირას, გაჩენის დღეს ვწყევლიდი და ენგურის დაშრობას ვნატრობდი. რუსების გადაშენება ათასჯერ მინატრია... ჩემს შვილს 40-მდე ჰქონდა ტემპერატურა, მე კი სახლში მივბრუნდი...

2017 წლის შემდეგ ენგურის ხიდი ერთადერთი გზაა, რომლითაც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარს ვკვეთთ, რადგან მაშინ რაულ ხაჯიმბას გადაწყვეტილებით, ქართულ-აფხაზურ "საზღვარზე" 6 გამშვები პუნქტიდან მხოლოდ ერთი, ენგურის ხიდი დატოვეს და ჩვენი ისედაც მძიმე ყოფა უფრო დამძიმდა. საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მხოლოდ სპეციალური საშვით გვაქვს, ე.წ. საზღვრის სხვა მონაკვეთები დაკეტილია.

ადრე უფრო ხშირად გადმოვდიოდით პროდუქტის საყიდლად, მაგრამ როდესაც დიდი ოჯახი გყავს, რამდენ რამეს მოიმარაგებ? მოხუცი დედამთილ-მამამთილი მყავს, ხან არ აწუხებთ, ხან რა.

გალში უმეტესად ხანში შესულები ცხოვრობენ, ისინი, ვინც სახლ-კარი და წინაპართა საფლავები არ დატოვეს. შეზღუდვების დაწესების შემდეგ ბევრად უარეს დღეში ჩავცვივდით. თვეები ისე გადიოდა, საქართველოს სახელმწიფოს დანიშნულ 45-ლარიან დახმარებას ვერ ვიღებდით. ამისთვის გადმოდიოდა ის უბედური ცოლ-ქმარიც აქეთ, დახმარება უნდა აეღოთ და ოჯახისთვის საჭირო წვრილმანი გადმოეტანათ. თუ გაუმართლებდათ, ხიდით, თუ არადა, მუხლამდე მდინარის წყალში.

ჩვენი ხალხი ხომ შეჩვეულია ბეწვის ხიდზე სიარულს, ოღონდ ის ხანდახან ჩაწყდება ხოლმე. რამდენიმე წლის წინ მე და ჩემმა ძმამ დავაპირეთ გადმოპარვა. ბიძაშვილი დაგვეღუპა და ქუთაისში უნდა წავსულიყავით. თითქმის სამშვიდობოს ვიყავით, როდესაც რუსი სამხედროს შეძახილი გავიგონე: "სტოი!" იმდენად ახლოს იყო, იარაღის გადატენის ხმაც მოგვესმა. გავიქეცით. მხოლოდ ის დავინახე, რომ ორნი იყვნენ, ერთი გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთეს და შემდეგ სტვენის ხმა გავიგონე. აზრი არა აქვსო, მითხრა ჩემმა ძმამ და ხელები ასწია. მე სირბილი გავაგრძელე. მივხვდი, რომ დაგეშილი ძაღლები მოგვისიეს. ახლაც არ ვიცი, როგორ გადავრჩი, ენგური დაბალ კალაპოტში მოედინებოდა, გამოვტოპე და როგორღაც სხვებს შევუერთდი. ისინიც სასწაულით გადაურჩნენ რუსის ტყვიას და ძაღლებს. მაშინ ჩანთა დავკარგე. მინდორში რომ დამვარდნოდა, იპოვიდნენ და საბუთებით მომაგნებდნენ, ალბათ, მდინარეში ჩამივარდა და ამით გადავრჩი. 5 დღეს ვეძებდით ჩემს ძმას, სოხუმის იზოლატორში გადაუყვანიათ, "საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით" გაასამართლეს, მაგრამ ფული გადავიხადეთ და გამოუშვეს.

გააჩნია, ვინ შეგხვდება, ვისი ცვლაა. მათ ფულს ვუხდით, რუსი და აფხაზი ე.წ. მესაზღვრეები ერთი კაცისგან 20 ლარს იღებენ.

- რაიონში დეფიციტია? - დიახ, ყველაფრის დეფიციტია... არც ექიმი გვყავს, არც წამლები იყიდება, რაც არის, ძალიან ძვირია. უწამლობით ხალხი იხოცება. პანდემიის დროს 8 თვე მომიწია იქ ყოფნამ. ანტიბიოტიკიც კი არსად იშოვებოდა. სიცხის დამწევებს ის ხალხი გვაწვდიდა, ვისი ოჯახის წევრებიც "ენგურჰესში" მუშაობს. ბიძაჩემს "კოვიდი" დაემართა და აფხაზურმა მხარემ იმდენი საბუთი მოითხოვა, სანამ ბიუროკრატიული საკითხები მოვაგვარეთ, ფილტვები გაუჩერდა. ბრონქიალური ასთმა ჰქონდა... აქ მუდმივად ასეთი ამბები ხდება, რომელიც ენგურს აქეთა საქართველოდან არ ჩანს.

რაც შეეხება იმ პრობლემას, რომ გალელებს ენგურს აქეთ გადმოსასვლელად 5-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ, დიდი შეღავათი იქნებოდა, თუ საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან სწრაფი ტესტირების პუნქტებს მოაწყობდა.

"საკმარისია ამდენი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი!"

7 აპრილს დატრიალებულ ტრაგედიას აფხაზებიც გამოეხმაურნენ. ნაწილი ენგურის ხიდის პერიმეტრის სრულ გაკონტროლებას ითხოვს, ნაწილი - კედლის აშენებას. არიან ისეთებიც, ვინც გზის გახსნას ითხოვს, რადგან უდანაშაულო ადამიანებს არაფერი დაუშავებიათ.

აფხაზი გარი გიცბას აზრით, "ვერც ქართულმა და ვერც აფხაზურმა მხარემ ვერ გააცნობიერა ეს საფრთხეები, არადა, ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობას ბერლინის კედლის დროსაც არ წყვეტდნენ. ვწუხვარ ამ ტრაგედიის გამო. ამ შემთხვევაში მაინც გაჩუმდით ისინი, ვისაც დროშის ფრიალი პატრიოტობა გგონიათ, შეგახსენებთ, რომ თქვენს ვეტერანებს, რომლებიც მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში გახსენდებათ, სწორედ ქართულ სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობენ. ოთხი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, რომლებიც პურის ფულის ასაღებად და წამლის საყიდლად მიდიოდნენ. ბავშვები დაობლდნენ. იქნებ როგორმე გავიაზროთ, რომ ხვალ-ზეგ რაღაც ფორმით მაინც ერთად მოგვიწევს ცხოვრება", - წერს ის.

კიდევ ერთი აფხაზის თქმით, ის იცნობს რამდენიმე "ვეტერანს", რომელთაც ქართველებთან ერთად აქვთ ბიზნესი და "საქართველოს მოქალაქეობაც". ისეთი ახლობლებიც ჰყავს, ვინც ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოდან ქართველებთან ერთად "ლილოდან" საქონელს ეზიდება და სოხუმის მაღაზიებს ამარაგებს. ეს კი აფხაზებისთვის დიდი შეღავათია, რადგან რუსული პროდუქცია ძალიან ძვირია.

"მოგვეცით ხალხს მშვიდად ცხოვრების უფლება. საკმარისია ამდენი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი. კიდევ რამდენი ადამიანი უნდა შეეწიროს ენგურის საზღვარს", - წერს გურანდა შაკაია.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მდინარე ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანამდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება... სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ადამიანები "რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ უკანონო შეზღუდვებს" შეეწირნენ.

საქართველოს შს სამინისტროს განცხადებით, საქმე აღიძრა სს კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით. მიუხედავად პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა, გალის მოსახლეობას ენგურის ხიდით ქართველების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისა და უკან დაბრუნების უფლება აქვთ.