"ჩავთვალე საჭიროდ, რომ არ შემეყვანა გამოძიება ჩიხში..." - კვირის პალიტრა

"ჩავთვალე საჭიროდ, რომ არ შემეყვანა გამოძიება ჩიხში..."

"რატომ შეცვალა ჩვენება ექიმმა, რომელმაც მეგი ბაქრაძეს კოვიდვაქცინა გაუკეთა"

28 წლის მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ისევ მიმდინარეობს. შეგახსენებთ, მეგიმ ახალციხეში, კლინიკა "იმედში", 18 მარტს კოვიდვაქცინა გაიკეთა, რის შემდეგაც ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პროკურატურამ დაადგინა, რომ რამდენიმე პირმა გამოძიებას ცრუჩვენება მისცა. ახალციხელ ორ ექიმსა და ერთ ექთანს ბრალი წაუყენეს, რაც 2-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ უკვე იმსჯელა მათთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდებაზე - თითოეულს 5.000-5.000 ლარის გადახდა დაეკისრა. ექიმ ვიოლეტა ინასარიძისა და მედდა თეა გზირიშვილის ადვოკატმა 3.000-3.000-ლარიანი გირაო მოითხოვა, ექიმ ბექა ლიპარტელიანის ადვოკატი კი მისი დასაცავი პირის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. საბოლოოდ მოსამართლემ სამივე ბრალდებულს 3.000-3.000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

როგორც გაირკვა, ექიმ ვიოლეტა ინასარიძეს სამართალდამცავებისთვის ბევრი რამ არ უთქვამს. არადა, ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ მეგის ანაფილაქსიური შოკის მოსახსნელად ადრენალინის შემცველი ნემსი წამებში გაუკეთა. "პირადად გავუკეთე ადრენალინი მეგის, როგორც კი პირველივე სიმპტომი დავინახე და არ დავლოდებივარ კრუნჩხვის ან სხვა სიმპტომების გამოვლენას. როდესაც ნემსი გავუკეთე, იმ დროს მეგი კონტაქტური იყო..."

ვიოლეტა ინასარიძის ჩვენება დაადასტურეს ბექა ლიპარტელიანმა და თეა გზირიშვილმა. თუმცა დადგინდა, რომ იმ დროს, როცა მეგის გაუწიეს გადაუდებელი დახმარება, ვიოლეტა ინასარიძე იმ ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა.

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მიმდინარეობს კვლევა. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა არც სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნა. სწორედ ამ უწყებამ უნდა გადაწყვიტოს, რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს იმ მედპერსონალს, რომელიც მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას მართავდა. სავარაუდოდ, ეს იქნება წერილობითი გაფრთხილება, საექიმო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება ან სამუდამოდ გაუქმება.

ვიოლეტა ინასარიძემ გამოძიებას მხოლოდ მეორედ დაკითხვისას დაუდასტურა, რომ ექთანის სამედიცინო ისტორიაში, რომელიც ახალციხის კლინიკაში 18 მარტს გაიხსნა, განზრახ ჩაიწერა ცრუინფორმაცია ადრენალინის გაკეთების თაობაზე. გამომძიებლის კითხვას: "გაუკეთეთ თუ არა ადრენალინი?" ინასარიძე პასუხობს: "არა, არაფერი გამიკეთებია, იმიტომ, რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თითქოს ეს იყო ანაფილაქსიის მაჩვენებელი". კითხვას, თუ რა მიზანს ემსახურებოდა სამედიცინო ისტორიის გაყალბება, ექიმი პასუხობს: "ალბათ, შიში, პასუხისმგებლობა, არ ვიცი".

ვიოლეტა ინასარიძის 25 მარტის ჩვენებიდან:

"მეგის ვკითხე, როგორ იყო და საიმედო ადამიანს ჩავაბარე... მეგონა, უბრალოდ, რაღაც ალერგიული რეაქცია მისცა, იმიტომ, რომ ასეთი რაღაც ბევრჯერ მინახავს... ემოციური იყო და ჩავთვალე, არ იყო საგანგაშო სიტუაცია, - ამბობს ინასარიძე მეორე ჩვენებაში და დასძენს - პროტოკოლის შესაბამისად ექიმის ფუნქციას არ წარმოადგენს პაციენტის გასინჯვა აცრის წინ, რაც გულისხმობს ფილტვების მოსმენას, ყელში ჩახედვას, გულის ტონების მოსმენას და მუცლის გასინჯვას... ჩვენ ვახდენთ შესაბამისი კითხვარით ინფორმაციის მიღებას, მათ შორის ვეკითხებით ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და თუკი მისი მოწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ აქვს ჩივილები, მერე გავსინჯავ და თუ არსებობს უკუჩვენების დაფიქსირების რისკი, არ ჩავატარებ ვაქცინაციას".

კითხვაზე, რა ტემპერატურა ჰქონდა მეგი ბაქრაძეს აცრამდე, ექიმი ჩვენებაში წერს: "მეგის თავად გავუზომე ტემპერატურა და აცრის წინ აღენიშნებოდა 36,7".

მეორე ჩვენებიდან ისიც ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც მეგი შეუძლოდ გახდა, ექიმმა კლინიკა დატოვა, რადგან ვაქცინაციის შესახებ კონფერენციას უნდა დასწრებოდა: "მორალურად ვხვდები, რომ არასწორად მოვიქეცი, როდესაც დავტოვე პაციენტი, მაგრამ ამასთან მინდა განვმარტო, რომ მე არ წავსულვარ პირად საქმეზე... რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, არ მახსენდება პროტოკოლი ან სხვა რომელიმე ოფიციალური დოკუმენტი არეგულირებდეს საკითხს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მსგავს შემთხვევაში ოჯახის ექიმი, რომელიც იმუნიზაციის პროცესს ხელმძღვანელობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბექა ლიპარტელიანი არის ის სუბიექტი, რომელსაც აქვს მსგავსი ტიპის პაციენტების მდგომარეობის მართვის კვალიფიკაცია, შესაბამისად, სწორედ მას დავუტოვე პაციენტი. ამასთან, წასვლამდე დავრწმუნდი, რომ მეგი უკეთ იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი წამოსვლიდან მალევე განუვითარდა მორიგი გართულება".

გამომძიებლის კითხვაზე, თუ რატომ არ დააფიქსირა ექიმმა პირველი გამოკითხვისას, რომ მეგის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ პაციენტი მაინც დატოვა, ექიმი პასუხობს: "ნერვიულობაში გამომრჩა, ვიკითხებოდი მთელი ღამის განმავლობაში... დღეს, როდესაც ცოტა გავიაზრე გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია, საჭიროდ ჩავთვალე გამოძიება ჩიხში არ შემეყვანა და მეთქვა ეს მნიშვნელოვანი გარემოება".

ინასარიძის თქმით, ის კონფერენციაზე წავიდა გიორგი აფციაურსა და მაია ზაზაძესთან ერთად: "5-10 წუთში დავბრუნდი, იმიტომ, რომ ვნერვიულობდი მეგიზე, რომ დავურეკე ჩემს ექთანს, თეას, მითხრა, სიტუაცია ცოტა გართულდაო. გიორგი აფციაურს (რეანიმატოლოგი +- ავტ.) დაურეკა ბექამ, სასწრაფოდ წამოდიო და გიორგი მაშინვე წავიდა".

მეგი ბაქრაძის ოჯახი საქმის გამოძიებასა და კლინიკის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.