"ვთხოვთ ხელისუფლებას, ყველა მექანიზმი გამოიყენოს და დროულად გაათავისუფლოს ჩემი მეუღლე" - კვირის პალიტრა

"ვთხოვთ ხელისუფლებას, ყველა მექანიზმი გამოიყენოს და დროულად გაათავისუფლოს ჩემი მეუღლე"

2020 წლის 11 ივლისს რუსი სამხედროების მიერ გატაცებული და დაჭრილი 34 წლის ზაზა გახელაძე ცხრა თვეზე მეტია ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმარია. 31 მარტს "წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის" დახმარებით ის ცხინვალის ციხეში მამას, მეუღლესა და შვილებს შეხვდა... ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონში, სხვილოს ციხესთან დააკავეს. მანამდე ის რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ფეხში დაჭრეს. ოსური მედია წერდა, რომ ცეცხლი პირველად გახელაძემ გახსნა. მოგვიანებით ერთმა მოწმემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია. 2021 წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 322-ე მუხლებით, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფასა და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას" გულისხმობს.

ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი ამბობს, იმედს არ კარგავენ, რომ სახელმწიფო როგორმე იპოვის ზაზას გათავისუფლების გზას.

- ზაზასგან ბოლო წერილი თებერვალში მივიღეთ, შემდეგ კი მხოლოდ გადმოცემით ვიცოდით, რომ თავს კარგად გრძნობდა. როდესაც ამანათის შეგზავნის შესახებ გავაკეთე მოთხოვნა, მითხრეს, მისი მონახულება შეიძლებაო და მაშინვე შევუდექი სამზადისს.

გამაფრთხილეს, რომ მასთან ორ სრულწლოვანსა და ორ არასრულწლოვანს შეგვიშვებდნენ. ამიტომ მე, ზაზას მამა და შვილები წავედით. ნეიტრალურ ტერიტორიაზე ცხინვალის "წითელი ჯვრის ორგანიზაციის" წარმომადგენლები დაგვხვდნენ. ჩხრეკისა და სხვადასხვა პროცედურის შემდეგ პაემნების ოთახში შეგვიყვანეს...

შეხვედრა ძალიან ემოციური იყო. ორივე თავს ძლივს ვიკავებდით, რომ ერთმანეთისთვის ცრემლები არ დაგვენახებინა. ძირითადად, შვილებზე ვისაუბრეთ. ინერვიულა, რომ უფროსი გამხდარი ნახა, ანუგეშა, ნუ ნერვიულობ, მალე დავბრუნდებიო. ორსაათ-ნახევრის განმავლობაში ერთმანეთისთვის ხელი არ გაუშვიათ. ბავშვებს კი ამშვიდებდა, მაგრამ ვგრძნობდი, თავადაც არ სჯეროდა, რასაც ამბობდა, თვალებში ვერ მიყურებდა, ნერვებს რომ არ ეღალატა...

სანამ მანქანაში არ ჩავსხედით, ბავშვები უკან იყურებოდნენ, იქნებ მამას კიდევ მოვკრათ თვალიო. მთელი გზა უხმოდ გამოვიარეთ.

- ზაზა როგორ გრძნობს თავს?

- ნორმალურად, ჭრილობა მოუშუშდა, ვარჯიშობს. როგორც მითხრა, საკანში დაჭრილი რომ შემიყვანეს, სხვა პატიმრები შემოდიოდნენ, რამე ხომ არ გჭირდება, ექიმს ხომ არ დავუძახოთო. ქართველობის გამო არავის გამოვურჩევივარო, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად არის, უიმედოდ.

გვითხრა, როდესაც ჩვენმა სამართალდამცავებმა რუსი სამხედროები დააკავეს, იმედი გამიჩნდა, რომ გამცვლიდნენ, მალე გამიცრუვდაო. როგორც ამბობენ, ქართულ მხარეს კიდევ ჰყავს ვიღაცები, რომლის გადაცემასაც ოსები ითხოვენ. თურმე ეუბნებიან, საქართველოს ერთ-ერთი ოსი რომ გამოეშვა, გაგცვლიდით, მაგრამ არაფრის გაკეთება არ სურთო. ვამშვიდებდი, რამე იქნება-მეთქი, ამ ციხის კედლებიდან საიმედო არაფერი ჩანსო, მიპასუხა.

- ერთი ვერსიით, ოსური მხარე მისი გათავისუფლების სანაცვლოდ ითხოვს უნიკალური, მე-10 საუკუნით დათარიღებული ოქონის ხატის გადაცემას, რომელიც ეროვნულ მუზეუმში ინახება, ან ჩორჩანის საგუშაგოს აღებას.

- ითქვა, მაგრამ ზაზა წინააღმდეგია, ამხელა ტვირთს ჩემს თავზე ვერ ავიღებო... იქაურ "წითელ ჯვარს" ამანათების გადაგზავნაზე ვკითხეთ და გვიპასუხეს, რომ თვეში ერთხელ შეიძლება და 20 კგ-ზე მეტი არ უნდა იყოს, იქნებ აღარც დაგჭირდეთ მეტჯერ გადმოსვლა და მალე ყველაფერი კარგად დასრულდესო...

"ვიცი, ზაზას ცუდად არ მოქცევიან"

როგორც ცხინვალის მკვიდრი ამბობს, ციხის იმ სართულზე, სადაც ზაზას საკანია, ნორმალური პირობებია: "ციხის მესამე სართული, რომელიც ახლახან შეარემონტეს, ასე ვთქვათ, საჩვენებელი ადგილია. წყლისა და ტუალეტის პრობლემაც არ არის. რაც შეეხება საკვებს, ბუნტის შემდეგ ოდნავ გამოსწორდა ვითარება, თუმცა პატიმრები უმეტესად შეგზავნილი პროდუქტებით იკვებებიან. ვიცი, რომ ზაზას ცუდად არ მოჰქცევიან. ცხინვალის ციხე წესრიგით ვერ დაიკვეხნის, იქ სასმლის შეტანაც შეიძლება. იყო შემთხვევები, როდესაც ნასვამი პატიმრები ვიღაცებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მაგრამ ეს ქართველებს არ ეხება. პატიმრები საკვებსა და სიგარეტს ერთმანეთს უყოფენ. მაგრამ თუ ზაზა გახელაძე წლების განმავლობაში დარჩება ციხეში, ცუდ დღეში ჩავარდება, ამას არავის ვუსურვებ".

ცნობისთვის: ცხინვალის ციხიდან რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს, საქართველოს 3 მოქალაქე (ზაზა გახელაძე, გენადი ბესტაევი, ლაშა ხეთერელი) კვლავ პატიმარია.