"წითური ალის" გახმაურებული მკვლელობა რუსეთში - რა მოხდა მოსკოვის ერთ-ერთ ფიტნეს კლუბში? - კვირის პალიტრა

"წითური ალის" გახმაურებული მკვლელობა რუსეთში - რა მოხდა მოსკოვის ერთ-ერთ ფიტნეს კლუბში?

საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, 12 აპრილს მოსკოვში, დაახლოებით დღის სამ საათზე, აზერბაიჯანული წარმოშობის, პეტერბურგელი "კრიმინალური ავტორიტეტი" ალიკ ჰეიდაროვი, იგივე "წითური ალბერტი" მოკლეს. როგორც ამბობენ, დედ ჰასანის მკვლელობის შემდეგ, ეს მეორე შემთხვევაა, როცა მოსკოვში "კანონიერ ქურდს" კლავენ.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 41 წლის აზერბაიჯანელი "კანონიერი ქურდი" ერთ-ერთი მდიდრული საცხოვრებელი კომპლექსის ფიტნეს კლუბში მოკლეს. სწორედ ამ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრობდა ჰეიდაროვიც. როგორც ცნობილია, ის ფიტნეს კლუბში დაცვის თანხლებით იმყოფებოდა, თუმცა უცნობებმა "კრიმინალური ავტორიტეტი" ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით მოკლეს. (წყარო)

"წითური ალიკი" 2012 წელს ცნობილი "კანონიერი ქურდის" დედ ჰასანის კლანის წევრებმა "მონათლეს" და ამბობენ, მისი ერთ-ერთი ნათლული თავად დედ ჰასანი იყო.

"კრიმინალური ავტორიტეტის" ნადირ სალიფოვის მკვლელობის შემდეგ, ის აზერბაიჯანში კრიმინალურ სამყაროში წამყვან ფიგურად მოიაზრებოდა. ახალგაზრდა "კანონიერი ქურდი" საკმაოდ გამბედავიც იყო და ფუფუნებაშიც ცხოვრობდა.

ჯერ ზუსტად არავინ იცის, ვინ შეიძლება იდგეს "წითური ალის" მკვლელობის უკან, თუმცა შეგახსენებთ, რომ გასულ წელს "კანონიერი ქურდის" 40 წლის იუბილეზე დაგეგმილმა ფლეშმობმა გაანაწყენა სამართალდამცავები და ეჭვი გაუჩინა მის თანამოძმეებსაც.

"წითურმა ალიკმა" დაბადების დღეზე ფლეშმობი მოიწყო. უეცრად სტუმრებთან "ომონის" ფორმაში გადაცმული მამაკაცები შემოვარდნენ და მაშინ, როცა ყველას ეგონა სპეცოპერაცია ტარდებოდა, ალიკი, რომელიც მაგიდის თავში იჯდა, წამოდგა, მრისხანედ გადახედა ყველას, "ომონის" წარმომადგენლებმა კი ჰეიდაროვის წინაშე მუხლი მოიყარეს. როგორც ამბობენ, ეს არ იკმარა აზერბაიჯანელმა და მათ გენიტალიებიც აჩვენა. დაბადების დღეზე მომხდარი კი კამერით გადაიღეს.

სააგენტოს ინფორმაციით, სწორედ ეს ვიდეო გახდა ახალი "ქურდული ომის" დაწყების მიზეზი...

იხილეთ ასევე: "კრიმინალური სამყარო" მესამე "ქურდული ომის" მოლოდინში? - რა დგას პატიმრების ბუნტსა და მარტის ბოლოს მომხდარი ამბების უკან?

მოამზადა ნიკა გულუამ