"ნიკა მელიას დატოვებს საპატიმროში თუ გამოუშვებს, ეს ივანიშვილის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწვეტილების აღსრულება იქნება კონკრეტული "ჯიბის მოსამართლის" მიერ" - რას აცხადებენ ოპოზიციონერი ლიდერები - კვირის პალიტრა

"ნიკა მელიას დატოვებს საპატიმროში თუ გამოუშვებს, ეს ივანიშვილის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწვეტილების აღსრულება იქნება კონკრეტული "ჯიბის მოსამართლის" მიერ" - რას აცხადებენ ოპოზიციონერი ლიდერები

"სრულიად ცალსახაა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება კრიზისის განმუხტვას შეუწყობს ხელს, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მელია ბრუტალურად დააპატიმრა", - ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით ნიკა მელიას გამოშვების მნიშვნელობა მანამდეც ესმოდა, თუმცა ამ ნაბიჯებს არ დგამდა.

"ნიკა მელიას დაკავება არ ყოფილა სამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს მაშინვე პოლიტიკური იყო. შესაბამისად, გათავისუფლებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, მითუმეტეს, როდესაც სამართლებრივი საფუძველი ამას არ აქვს. "ქართული ოცნების" იმედი ჩემს მტერს ჰქონდეს, მაგრამ ჯანსაღი აზრის ფარგლებში მინდა დავიტოვო იმედი, რომ მათში ჯანსაღი აზრის ნაპერწკალი გაიმარჯვებს. სულ მცირე, გამოჩნდება ის ფარისევლობა, რომელსაც ორი თვეა კულტივირებს საქართველოს პროკურატურა, ვხედავთ უსირცხვილო განცხადებებს, თითქოს თავისუფლების გასაღები მელიას ხელშია. იმედი მაქვს, ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს და ნიკა საპატიმროს დატოვებს. სრულიად ცალსახაა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება კრიზისის განმუხტვას შეუწყობს ხელს, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მელია ბრუტალურად დააპატიმრა. მთავრობას ეს ესმოდა აქამდეც, თუმცა ამ ნაბიჯებს არ დგამდა", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება თავად ბრალდებული ნიკა მელია. ის სხდომათა დარბაზიდან გაძევებული იყო, თუმცა, გასულ სხდომაზე ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლემ პროცესზე დასწრების ნება დართო.

ამასთან, პროცესს ესწრებიან ოპოზიციონერები - გიგი უგულავა, კობა ნაყოფია, კახა კუკავა, ანზორ ბიწაძე, დავით ბერძენიშვილი, ეკა ხერხეულიძე, აკაკი ბობოხიძე.

"ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და მას მოსამართლესთან არანაირი კვაშირი არ აქვს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვაზე უნდა იმსჯელონ.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღევანდელ მოსალოდნელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროგნოზი არ აქვს.

"დატოვებენ ნიკა მელიას თუ გაათავისუფლებენ სასამართლო დარბაზიდან, ორივე შემთხვევაში ეს იქნება სიგნალი არამხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის იმის შესახებ, აპირებს თუ არა ხელისუფლება ჩვენთან ერთად რეალურად დაძლიოს ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი.

პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იმის, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები, გადავდგათ ნაბიჯები და დავძლიოთ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. რაც შეეხება მორიგ რაუნდს, მისი გამართვის გადაწყვეტილება ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს არის დამოკიდებული მედიატორებზე, დასავლელ პარტნიორებზე და რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, რამდენადაა ის მზად იმისთვის, რომ პოზიციები დაახლოვდეს. როცა მოლაპარაკების მაგიდასთან იმყოფები, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც და მეორე მხარესაც მოუწევს კომპრომისი, მაგრამ ეს უნდა იყოს ორივე მხრიდან, მზადყოფნა უნდა იყოს ორმხრივი და არ უნდა იყოს ცალხმრივი. ამიტომ ბუნებრივია, თუ მოლაპარაკებები სრულფასოვნად წარიმართება და "ქართული ოცნება" მზად იქნება, რომ მოლაპარაკებებში დაძლიოს ძალაუფლების წყურვილი, რომელიც გააჩნია და რეალურად მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას, ბუნებრივია კომპრომისები შეიძლება იყოს ორივე მხრიდან და ამას გვიჩვენებს მოლაპარაკების პროცესი",- განაცხადა უდუმაშვილმა.

"როგორც დაპატიმრება იყო ივანიშვილის მიერ მიღებული პოოლიტიკური გადაწყვეტილების აღსრულება მოსამართლის მიერ, ისე დღევანდელი გადაწყვეტილებაც დატოვებს საპატიმროში თუ გამოუშვებს, ესეც ივანიშვილის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწვეტილების აღსრულება იქნება ამ კონკრეტული ჯიბის მოსამართლის მიერ",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" ნიკა მელიას სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია არის ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი, რომელიც გახდა სიმბოლო უსამართლობისა და ორმაგი სტანადრტების წინააღმდეგ ბრძოლისა, რაც "დაამკვიდრა ივანიშვილმა თავისი ჯიბის სასამართლოს მეშვეობით".

"ნიკა მელიას სამაჯური რომ გაუკეთეს, იყო აბსოლუტურად უსამართლო და უპრეცედენტო, იმიტომ, რომ საქართველოში 400 ადამიანს აქვს სამაჯური გაკეთებული და 400-ვეს აქვს სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და ამის შემდეგ აქვს სამაჯური გაკეთებული. ნიკა ერთადერთი იყო პოლიტიკური მიზნით, რა თქმა უნდა, რომელსაც არანაირი გამამტყუნებელი განაჩენი არ ჰქონდა, მაგრამ სამაჯური გაუკეთეს, იმიტომ, რომ ასე აწყობს და ასე სჭირდებოდა ივანიშვილს. ამის შემდეგ, როდესაც გირაო დაუმძიმეს გირაოთი, არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც გირაო დაემძიმებინოთ გირაოთი და ესეც, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე იყო. აქედან გამომდინარე, ნიკამ თქვა, რომ ამ ორმაგ სტანდარტებსა და უსამართლობას არ შეეგუებოდა და არ აპირებდა ხელისუფლების "ხუშტურებზე" სიარულს, ამიტომ არ დაემორჩილა ამას და შემდეგ, პრაქტიკულად, მოლაპარაკების მაგიდიდან მოიტაცეს ნიკა მელია, როდესაც შტურმი მიიტანეს მთავარი პროდასავლური პარტიის და მთავარი ოპონენტი პარტიის ოფისზე და წაიყვანეს საპყრობილეში,"- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

"ინტერპრესნიუსი"