"ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ეს იყო სიტყვიერი შელაპარაკება - სასამართლოზე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების საკითხს დავაყენებთ" - კვირის პალიტრა

"ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ეს იყო სიტყვიერი შელაპარაკება - სასამართლოზე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების საკითხს დავაყენებთ"

აბსოლუტურად უსაფუძვლოა ის ბრალი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არის წარდგენილი, - ასე აფასებს ბიზნესმენი დავით კოდუას ადვოკატი, მუხრან ღურწკაია მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წარდგენილ ბრალს.

როგორც ღურწკაიამ ზაჰესში, შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში, ბრალის წარდგენის შემდეგ განაცხადა, საქმის მასალებს დეტალურად გაეცნო და არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის საკითხს დაადასტურებს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წარედგინა ბრალდება გამომძიებლის მიერ, სრულად გადმოგვეცა საქმის მასალები და დეტალურად გავეცანით მოკლე პერიოდში საქმის მასალებს. საქმის მასალებში არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის საკითხს. შესაბამისად, ჩვენ სასამართლოზე მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების საკითხს დავაყენებთ. პროცესი სავარაუდოდ, დღეს, ან ხვალ დილით ჩატარდება.

დაზარალებულების პოზიცია საჯარო გამოსვლებიდან გამომდინარეც ცნობილია, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ეს იყო სიტყვიერი შელაპარაკება და აბსოლუტურად უსაფუძვლოა ეს ბრალი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არის.

დაცვის მხარემ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის უნდა დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე და დაუყონებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან. გირაოს საკითხსაც არ განვიხილავთ, რა თქმა უნდა", - აღნიშნა მუხრან ღურწკაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ"" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"